ბათუმი

სოციალურად დაუცველებს საოჯახო ტექნიკა სარეიტინგო ქულად აღარ ჩაეთვლებათ

09.01.2015 • 1918
სოციალურად დაუცველებს საოჯახო ტექნიკა სარეიტინგო ქულად აღარ ჩაეთვლებათ

 

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

 

ახალი მეთოდოლოგია საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა და იგი სრულად ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ გაიწერება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გადამოწმდება ყველა ის ოჯახი, რომელსაც სარეიტინგო ქულა უკვე მინიჭებული აქვს.

 

 „საკმაოდ დიდი ნაწილია ადამიანებისა და ერთბაშად ვერ შემოწმდება. რაც შეეხება ახალ შემოტანილ განაცხადს – მათი ქულა ახალი მეთოდოლოგიით 1 აპრილიდან დაითვლება. ვისაც ამ დროისთვის ქულა აქვს, შეუძლია ჯერ არ მოგვმართოს, მათთან ანგარიშსწორება, ჩვეულებრივ, იმ ძველი ქულით მოხდება [ვიდრე არ გადამოწმდება]“ – აცხადებს თენგიზ აბაზაძე.

 

სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით ქულის მინიჭებისას მთლიანად ამოვარდა სოციალური აგენტის სუბიექტური ფაქტორები [აგენტის სუბიექტური შეფასება], რაც მნიშვნელოვნად ცვლიდა სარეიტინგო ქულას. ამასთან,  გაითვალისწინებენ მხოლოდ ისეთ ქონებას, რომელიც ოჯახისთვის პოტენციურად შემოსავლის მომტანია. სხვა დანარჩენის გათვალისწინება ქულის მინიჭებისას აღარ მოხდება.

 

ახალი მეთოდოლოგიით მოძრავი ქონების ინდექსის გამოთვლის დროს  გაითვალისწინებენ მხოლოდ მსუბუქი, სამგზავრო, ან სატვირთო ავტომობილების [არასაბჭოთა წარმოების], ტრაქტორების [გარდა მინიტრაქტორისა], კომბაინებისა და თესლის ჩამყრელი აპარატების რაოდენობას.

 

იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა თუ მოძრავი ქონების ჩამონათვალი კი, რომელსაც მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აღარ გაითვალისწინებენ სარეიტინგო ქულის მინიჭებისას გაცილებით დიდია. ესენია:

საბჭოთა ავტომობილები;

პატარა ტრაქტორები;

უცხოური მაცივრები;

უცხოური სარეცხი მანქანები;

არასაბჭოთა გაზქურები;

მობილური ტელეფონი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების მტვერსასრუტი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების ელექტრო წყლის გამათბობელი ავზი;

გაზის წყლის გამათბობელი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების გაზის გამათბობელი;

პერსონალური კომპიუტერი;

მუსიკალური ცენტრი;

ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერა;

ვიდეომაგნიტოფონი ან DVD ფლეერი;

დენის გენერატორი;

სატელიტური ანტენა;

თანამედროვე (არა საბჭოთა) წარმოების კონდიციონერი;

ტოსტერი;

სამზარეულოს კომბაინი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების მაცივარი;

თანამედროვე (არასაბჭოთა) წარმოების სარეცხი მანქანა;

ჭურჭლის სარეცხი მანქანა;

გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების ინდივიდუალური სისტემა;

თხევადკრისტალური ან პლაზმურეკრანიანი ტელევიზორი.

 

იცვლება შემწეობის გაცემა ქულების მიხედვით და მაქსიმალური ზღვარი რაც ეხლაა – 57 000 ქულა, აღარ იქნება. ახალ მეთოდოლოგიასთან ერთად მუშავდება და იხვეწება შემწეობის გაცემის ადმინისტრირების წესიც, რომელიც ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებამდე დამტკიცდება.

 

„შემდეგში თანხის გაცემა დიფერენცირებულად მოხდება.  ვთქვათ, 30, 40, ან 50 ათას ქულიანებზე გაიცემა სხვადასხვა ოდენობის თანხა. იცვლება ბავშვებზე თანხის გაცემის წესიც; ასევე, ოჯახის პირველი წევრი იღებდა მეტ თანხას, რის გამოც ადგილი ჰქონდა ოჯახების ხელოვნურად გაყოფას. ახალი წესებით ყველა წევრი აიღებს ერთნაირ თანხას და აღარ ექნებათ მოტივაცია ოჯახებს, რომ ხელოვნურად გაიყონ“ – აცხადებს თენგიზ აბაზაძე.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაახლოებით მილიონნახევრიან ზრდას ელოდებიან.

 

ძალაში რჩება ოჯახში დემოგრაფიული ცვლილების ან მისამართის შეცვლის გამო ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდება, ასეთი ოჯახის გადამოწმება და მისთვის  ხელახლა ქულის მინიჭება. ასეთ დროს, ოჯახს გადამოწმების პერიოდში უჩერდება  თანხის მიღება და ამ პერიოდის თანხას ახალი ქულის მინიჭების შემდეგ მიიღებს.

 

თენგიზ აბაზაძის თქმით, „შეიძლება არ დაგვჭირდეს აპრილისთვის დალოდება, თუმცა, ვმუშაობთ სხვა უწყებებთანაც, მიმდინარეობს მემორანდუმების გაფორმება.  მათგან გვჭირდება ინფორმაცია მოქალაქეებზე. პროცესში ჩართულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც, რათა სხვა მიზნებისთვის არ იქნას ეს ინფორმაცია მოპოვებული თუ გამოყენებული“.

 

ახალი მეთოდოლოგიის შეუფერხებლად ამოქმედებისთვის  სააგენტოსთვის მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და  საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება უნდა უზრუნველყონ შემდეგმა უწყებებმა:

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ; ზოგადად ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

ამასთან, მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელებს, აგრეთვე დაგვა-დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვებს) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბა­ზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად“.

გადაბეჭდვის წესი