ბათუმი

ხმა თბილისიდან – ადერკინ კოპლატაძის დაბადების დღისადმი

24.12.2014 • 3651
ხმა თბილისიდან – ადერკინ კოპლატაძის დაბადების დღისადმი

 

ადერკინ კოპლატაძემ აჭარის ცის ქვეშ განვლო თავისი ცხოვრების ღრმაშინაარსიანი გრძელი გზა, სამშობლოს მტკიცე სიყვარულით, თავისი ხალხისადმი უბადლო მზრუნველობითა და ერთგულებით. 16 წელი ედგა სათავეში ბათუმის საქალაქო კომიტეტს. ხალხის უანგარო მსახურმა დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა აჭარაში. აკი, ამიტომაც მიუძღვნეს წიგნი, სათაურით – „წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე“, რომლის იდეის ავტორი გახლავთ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიისა და პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, პუბლიცისტი, იური ბიბილეიშვილი. რედაქტორი კი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ოთარ სტაჟაძე.

ადერკინ კოპლატაძე
ადერკინ კოპლატაძე

 

საკმაოდ მრავალგვერდიან კრებულში მეგობრებისა და შემფასებელთა აზრებია გაშუქებული, რომლის შესახებაც მინდა უფროს თაობასთან ერთად, ახალგაზრდა თაობამაც იცოდეს ადერკინ კოპლატაძის როლი აჭარის ცხოვრებაში. გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს, რამოდენიმე ავტორის ჩანაწერებიდან:

 

„მისი მცდელობითა და თაოსნობით ბევრი რამ გაკეთდა ბათუმის განვითარების, კეთილმოწყობისა და გამშვენიერებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ბათუმი რომ დღეს ჩვენი ქვეყვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, ამაში საგულისხმო წვლილი მიუძღვის ბ-ნ ა. კოპლატაძის შემოქმედებით ძიებასა და გაქანებას“  (ოთარ სტაჟაძე).

 

„ბ-ნი ადერკინისთანა ახალგაზრდების აღზრდაზე ოცნებობდნენ ჩვენი დიდი პედაგოგები: იაკობ გოგებაშვილი, საბა – სულხან ორბელიანი. ჩვენი მწერლები: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი. (პავლე გამყრელიძე).

 

„ბათუმში ყოფნისას თქვენთან გატარებული დღეები ჩემთვის დაუვიწყარია“  (ლადო გუდიაშვილი ).

 

„ბათუმში მოღვაწეობისას ადერკინი იყო  ჩემი მამობილი, უფროსი ძმა, ძმაკაცი, მისი ყურადღება დღევანდელ დღემდე არ მომკლებია“  (გოგი ქავთარაძე).

 

„მე გავიცანი ადერკინ კოპლატაძე, ადამიანი „სკაზკა“ (შალვა კვინტრაძე).

ადერკინ კოპლატაძე! კაცი ცოდნით გამოჩენილი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული, უამბიციო, უპრეტენზიო, ბუნებით ინტელიგენტი, სიკეთითა და მშვენიერებით სავსე, სამაგალითო მეოჯახე, მეგობრებისათვის თავდადებული და სხვათა დამხმარე“ (რამაზ ფანცხავა).

 

„იგი ქართული ტრადიციების გამტარებელი, ქართული ოჯახის მახვშია, რომელიც ნამდვილ ბურჯად უდგას მეუღლეს, საამაყო შვილებსა და შვილიშვილებს“ (თბილისი, ნელი არღვლიანი).

 

პირადად მე დავსძენდი, რომ ოჯახური განწყობა დიდ როლს თამაშობს სამსახურეობრივ საქმიანობაში და ვფიქრობ, რომ ბ–ნი ადერკინის ულამაზეს მეუღლეს, ქალ;ბატონ ნაზის, რომელმაც სასიქადულო შვილები აღუზარდა, როგორც იტყვიან: „ლომის წილი უდევს ბ–ნი ადერკინის სახელმწიფო მოღვაწედ, ერის კაცად ჩამოყალიბებაში.

 

„ბ–ნი ადერკინის მოღვაწეობა, მისი ცხოვრების წესი სამაგალითოა მომავალი თაობისათვის“. (ანზორ ბალუაშვილი).

 

„ბ–ნი ადერკინი მაშინდელ პარტიულ ზემდგომი ტიპებისაგან, რაღაცნაირი თავმდაბლური სისადავითა და შინაურულობის მყუდრო აურით გამოირჩეოდა“  (ფრიდონ ხალვაში).

 

„წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე! ჩემი რწმენით მარადიულია ბ–ნი ადერკინის ცხოვრება, რომელსაც თავიდან ბოლომდე წითელ ზოლად გასდევს სიკეთის ქმნა“ (სულიკო ინაიშვილი).

 

„ყოველი კეთილი საქმე იმითაა გამორჩეული, რომ მას ღმერთის მადლი ამკობს“  (ადერკინ კოპლატაძე).

 

სწორედ ასეთი მადლით შემკობილმა, სასიკეთო აზრებით გამშჭვალულმა, გამოიჩინა ინიციატივა და 2000 წელს დააფუძნა არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, პენსიონერთა კავშირი, რომლის თავმჯდომარედ კავშირის გამგეობის წევრებმა, თავად ბ–ნი ადერკინი აირჩიეს. პენსიონერთა კავშირი დღემდე არ აკლებს მზრუნველობას სოც. დაუზღვეველ და გაჭირვებულ პენსიონერებს. საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობით, პენსიონერთა კავშირის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები ქალაქის რაიონული და რეგიონალური პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარეები. მზრუნველობა გამოიხატება საქველმოქმედო სამედიცინო დახმარებით, წამლებით, პროდუქტებით, ტანსაცმლით, კინოთეატრებში უფასო დასწრებით, საკურორტო მომსახურეობით, მატერიალურად თუ  სხვადასხვა…

 

აი, რა მედგრად აგრძელებს აჭარაში გაკვალულ გზას აღმოსავლეთში, წლებით დახუნძლული ხალასი კაცი, თავის ერთგულ, მუხლჩაუხრელ, გონიერ თანამშრომლებთან ერთად, რომელმაც ისეთივე სიყვარული მოიპოვა აქ თბილისელებში, როგორც მანდ აჭარაში.

 

„ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ხნიერ ასაკში ისეთ ორგანიზაციაში მოვხვდი, რომელსაც ბ–ნი ადერკინი ხელმძღვანელობს“ (თბილისი, ჯემალ ფაშალიშვილი).

 

„ჯერ ერთი იმას ქება არ უყვარს, არც ვაქებ, უბრალოდ, რაც მასში დავინახე, რაც მისგან შევიგრძენი, ყველა ადამიანს რომ ჰქონდეს, ჩვენი ცხოვრება ბევრად ბედნიერი და საინტერესო იქნებოდა“ (თბილისი, ამირან გაფრინდაშვილი).

 

„ვამაყობ ბ-ნ ადერკინთან ურთიერთობით“ (თბილისი, ნიკოლოზ ნეფედოვი).

 

„ბ-ნი ადერკინისთანა ხალხის მსახური, ნეტავი ბევრი გვყავდეს საქართველოში“ (თბილისი, სერგო ხერგიანი).

 

„მათ შორის, ვისთანაც კი მქონია სამსახურეობრივი ურთიერთობა, გამოვარჩევდი ბატონ ადერკინს“ (თბილისი, სერგო მანჯგალაძე).

 

„ასეთ ხელმძღვანელს, როგორიც ბ-ნი ადერკინია, პატიოსნად, უერთგულესად უნდა ედგე გვერდში“ (თბილისი, თინა გოგინავა).

 

„ბ-ნი ადერკინი ჩემთვის ღვიძლ მამასავით მზრუნველი და მოამაგეა“ (თბილისი, ეკა ნასყიდაშვილი).

 

„კაცი ლეგენდა“ (თბილისი, ნანა დარჩიაშვილი).

 

ბატონმა ადერკინმა მწერლობაშიც კი თავისი სიტყვა თქვა. გამოსცა  ბიოგრაფიული კრებული „ჩემი წუთისოფელი“, რომელიც ავტოგრაფით ამშვენებს ჩემი წიგნების თაროს. წაკითხვისას ვფიქრობდი, ნეტავ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ამ საუკეთესო კრებულის წაკითხვა, რომ ფურცლებზე გასხივოსნებული სამაგალითო აზრები გაითავისოს და ცოდნა გაიმდიდროს. პირადად მე საკმაოდ ხანდაზმულმა, ცხოვრების მორევში ღრმადჩახედულმა ბევრი რამ ყურად ვიღე, კითხვისას წარმოვიდგინე მოგონებებში ჩაფლული, დღეს მემუარებს ბევრი სწერს, ყველა როდია ზღაპრული.

 

„არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად  ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება მკითხველისათვის, მაგრამ მინდა, რომ ყველამ ირწმუნოს თავისი ძალა, სიძლიერე საკუთარ თავში, დაიჯეროს, რომ მის გარეშე საზოგადოება სრულყოფილი ვერასოდეს ვერ იქნება“ – წერს ბ–ნი ადერკინი. ამ სიტყვებმა სიცოცხლისადმი ინტერესი გამიათკეცა. „ის ვერაიქმს კახაბრობას, ვინც არ არის კახაბერი“  (ეთერ ცივაძე).

 

ამრიგად, დიდ ქართველზე დიდად სათქმელი მოკლედ გიამბეთ, რამეთუ თქვენი გაზეთი პატარა მარგალიტია, რომელშიაც ყველაფერს ვერ  ჩატევ.

 

ბატონო ადერკინ! გილოცავთ 94 წლის იუბილეს, 29 დეკემბერს, გილოცავთ ახალ წელს, ვულოცავ თქვენს ოჯახს.

გმირობა არის ასეთ ასაკში დააბიჯებდე წელგამართული,

იყო უფლის და ერის მსახური, ქუდად გეხუროს ზეცა ქართული.

 

თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად აჭარას ახალი წლის მობრძანებას, ბათუმელებს, რომლებიც თქვენი მემუარებით უფრო მეტად შემაყვარეთ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: