ბათუმი

საზღვაო აკადემია გემის მოლოდინში

13.05.2014 • 3748
საზღვაო აკადემია გემის მოლოდინში

 

„დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აკადემიას ექნება გემი. მეოთხე კურსზე ვარ, შეიძლება მე ვერ შევძლო მაგ გემზე პრაქტიკის გავლა, მაგრამ მესამეკურსელები შეძლებენ. ჩვენ პრაქტიკა სხვა სასწავლებლის სასწავლო გემზე გავიარეთ. მე ზაფხულში უნდა წავიდე გემზე პრაქტიკანტად ექვსი თვით, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ წასვლას ჯუნიორად, ჯუნიორობიდან ორი თვის შემდეგ მეძლევა შესაძლებლობა გავხდე მესამე თანაშემწე. აკადემიას რომ ჰქონდეს თავისი გემი, ამ ექვსთვიანი პრაქტიკის გავლას სწავლის პერიოდში შევძლებდით საკუთარ გემზე, სწავლის დასრულების შემდეგ პირდაპირ ჯუნიორად წავიდოდი”, _ გვითხრა ვახო ჯანხოტელმა, საზღვაო აკადემიის სტუდენტმა.

 

რექტორის მოადგილე ირაკლი კაცაძე ამბობს, რომ აკადემია თავისი ხარჯებით ვერ ახერხებდა გემის ყიდვას, რადგან გემის ფასი აკადემიის მთელი წლის ბიუჯეტს უტოლდება. ახლა აკადემია პრემიერის დაპირების შესრულებას ელის, თუმცა აქ იმაზეც ფიქრობენ, რამდენად შეძლებს საზღვაო აკადემია საკუთარი ბიუჯეტით სასწავლო გემის შენახვას. „რექტორი უკვე არჩევს გემის ტიპებს, მოსაძებნია ბროკერი, შესარჩევია ქვეყანა, გემის შეძენა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, აკადემიისთვის სამგზავრო ან სატვირთო გემი არ გამოდგება, სასწავლო გემი უნდა იყოს აუდიტორიებით, 150 სტუდენტს რომ იტევდეს. გემის შეკვეთა რომ მისცე, შეიძლება ხუთი მილიონი დაჯდეს, გემის ჩამოყვანა ხარჯია, შეიძლება იმდენივე დასჭირდეს, რაც საფასურია.

 

ამ ხარჯების გაწევას ვერ შევძლებთ, შენახვაც გაგვიჭირდება, გემს საწვავი სჭირდება. ასევე პორტში ადგილი უნდა გამოიყოს ჩვენი გემისთვის, ესეც ხარჯია. სახელმწიფომ რომ შეგვიმსუბუქოს ეს ხარჯები, კანონში ცვლილება უნდა შეიტანოს. სხვა შემთხვევაში სწავლის საფასური უნდა გავზარდოთ. საფასურს კი ორი თვალსაზრისის გამო ვერ გავზრდით: მოსახლეობა არ არის გადახდისუნარიანი და მეორე _ სახელმწიფო სასწავლებელს აქვს დაწესებული საფასურის ზედა ზღვარი”, _ ამბობს ირაკლი კაცაძე.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ირაკლი ბზიკაძის თქმით, საზღვაო აკადემია დამოუკიდებლადაც ეძებს გზებს გემის შესაძენად: “სახელმწიფო დონეზეა საკითხი დაყენებული, აჭარის ეკონომიკის სამინისტრო გვიდგას გვერდით, ჩემი ვარაუდით, ამ პროცესში ჩაერთვება არა მარტო ეკონომიკის სამინისტრო, არამედ განათლების სამინისტროც და აჭარის მთავრობაც~.
ლაშა უგლავა მომავალი მექანიკოსია. მისი აზრით, აკადემიას ახლაც შეუძლია პრაქტიკაზე გაატაროს სტუდენტები: „ჩვენ გვაქვს სამანქანო განყოფილება, რომელიც ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც გემი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება იქ, რაც გემზე უნდა გააკეთოს მექანიკოსმა. თუმცა, რა თქმა უნდა, სულ სხვაა, როცა ამ ყველაფერს ზღვაში აკეთებ”.

 

მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვაო აკადემიის დიპლომი ევროკავშირმა აღიარა, სასწავლებელს მთავრობამ გამოუყო ორი მილიონი ლარი თანამედროვე ლაბორატორიის შესაძენად. „სუპერთანამედროვე ლაბორატორიას ვყიდულობთ. ჰიდრავლიკური, მექანიკური, ელექტრონული… საერთოდ, გემზე რა მექანიზმებიცაა, იმათი სიმულატორია. უკვე ჩამოვიდა ნავიგაციის პროგრამა, რომელსაც კომპიუტერები სჭირდება, მთელი კომპლექსით აღიჭურვება აკადემია ისე, რომ ყველა ევროპულ სტანდარტს შეესაბამებოდეს”, _ ამბობს ირაკლი კაცაძე.

 

საზღვაო აკადემიაში ამბობენ, რომ დაახლოებით ორ წელიწადში ევროპული სტანდარტი შეიძლება 12-თვიანი საზღვაო პრაქტიკა გახდეს: „სტუდენტები ახლა შფოთავენ სწორედ ამის გამო, მაგ დროისთვის გემი რომ არ ჰქონდეს სასწავლებელს, ცუდ სიტუაციაში ჩავვარდებით. ახლა გვყავს 1000-1200 სტუდენტი, ეს ციფრი უნდა გაიზარდოს მინიმუმ სამჯერ, რომ გემის შეძენა შევძლოთ და მისი შენახვაც. ეს ვერ მოხდება, რადგან არ სურს ამდენ სტუდენტს აქ სწავლა. ვიმედოვნებთ, რომ ამ სტანდარტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო დაგვიჭერს მხარს და ჩვენთვის გემს შეიძენს”, _ იმედოვნებს პრორექტორი.

 

გიორგი დალოგლანიანი პირველი კურსის სტუდენტია. იგი ამბობს, რომ გემის შეძენა სტუდენტებისათვის და თავად აკადემიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა პრემიერის დაპირების სჯეროდეს: `მინდა, მჯეროდეს იმის, რომ გემს მალე შეიძენენ, იმედია, აქედან პრაქტიკის გარეშე არ მომიწევს წასვლა”.

გადაბეჭდვის წესი