ბათუმი,კვირის ამბები,მთავარი

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

28.02.2016 • 2467
სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს.

სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 400 ლარი, ხოლო სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლისათვის – 18 855 ლარი. ანსამბლ „ტბეთისა“ და თეატრალური დასის ფესტივალებში მონაწილეობისათვის 12 000 და 7 500 ლარია გათვლილი.

ეს ბიუჯეტის სამუშაო ვერსიაა და იგი უნივერსიტეტმა უნდა დაამტკიცოს ყოველი აქტივობის განხორციელების წინ, ან შემდგომ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.

ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე გასული წლის ზაფხულიდან ბექა მაკარაძეა. მის მიერ მოწოდებული, 2016 წლის საბიუჯეტო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები მეტწილად გასული წლის მსგავსია. სიახლეს წარმოადგენს სტუდენტური ინიციატივების პროგრამა და საერთაშორისო სტუდენტური ფორუმი, რისთვისაც 10-10 ათასი ლარია განსაზღვრული. 9 ათასი ლარია გათვალისწინებული უცხოეთში სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის.

თვითმმართველობის თავმჯდომარესთან, ბექა მაკარაძესთან „ბათუმელების“ ინტერვიუს გასულ კვირას თვითმმართველობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილიც დაესწრო. იგი 2011-2012 წლებში თავადაც გახლდათ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე. უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ჯგუფის თქმით, თვითმმართველობის არაოფიციალური მმართველი სწორედ უჩა აბრამიშვილია. „ბათუმელების“ კითხვების დიდ ნაწილს სწორედ უჩა პასუხობდა.

კითხვაზე, თუ ჰქონიათ ან თუ გეგმავენ საჯარო ლექციების ან სხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებს და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მოწვევას, ბექა მაკარაძე პასუხობს, რომ მსგავსი პრაქტიკა არ ჰქონიათ და არც პროგრამებში აქვთ გაწერილი: „მაგრამ თუ რომელიმე სტუდენტი შემოვა და იტყვის, რომ იდეა აქვს მოიწვიოს პოეტი ან ვინმე, რომელიც ლექციას წაიკითხავს ან რამე მსგავსი, რატომაც არა, ჩვენ პრობლემა არ გვექნება“.

აქვთ თუ არა სტუდენტურ თვითმმართველობაში თემატურად დანაწილებული ფუნქციები და ადგენენ თუ არა პროექტებსა და პროგრამებს თემატურად, ცალ-ცალკე? თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ფაკულტეტებზე მუშაობენ ხელმძღვანელები და წარმოადგენენ თავიანთ საჭიროებებს.

„ყველა ფაკულტეტი ინდივიდუალურად აკეთებს თავისთვის [პროგრამას]. სპორტს მთლიანად ვუყურებთ ჩვენ, ანუ ყველა ფაკულტეტს ჰყავს თავისი წარმომადგენელი სპორტში, მსკ-ში [მხიარულთა და საზრიანთა კლუბი]. მაგალითად, უნივერსიტეტის მსკ-ის გუნდი რომ შევქმენით, ცხრავე ფაკულტეტმა ჩამოაყალიბა ცალკე გუნდი, ესენი შევაჯიბრეთ, საუკეთესოები ავირჩიეთ და გავუშვით თბილისში. მესამე ადგილზე გავიდნენ,“ – განმარტავს თვითმმართველობის მუშაობის სტრატეგიას უჩა აბრამიშვილი.

ბექა მაკარაძის თქმით, მისი პირველი ღონისძიება თვითმმართველობაში მოსვლის შემდეგ იყო საქველმოქმედო აქცია თბილისში, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. იგი იხსენებს რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას, ეკლესიების მშენებლობებზე ჯგუფურ მონაწილეობას და მემორანდუმებს: „გავაფორმეთ რამდენიმე მემორანდუმი და კიდევ ვგეგმავთ „მეტრო ჯორჯიასთან~. სასტუმრო „ლეოგრანდთან~ უკვე შეთანხმებული გვაქვს და მხოლოდ ოფიციალური გაფორმებაა დარჩენილი, იქნება სპა, სალონი, აუზი… 50%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ ჩვენი სტუდენტები და მგონი პროფესორებიც, ასევე „ბრიტანულ ცენტრთან~ ვაპირებთ მემორანდუმის გაფორმებას“.

შეკითხვაზე, რას მიიჩნევს უნივერსიტეტში თვითმმართველობის თავმჯდომარე ყველაზე დიდ პრობლემად, ბექა მაკარაძე ფიქრობს და იმეორებს: „პრობლემა იმდენია რომ…“ აქ უჩა აბრამიშვილი ერთვება:

„პრობლემა ბევრია, მაგრამ ეტაპობრივად მივყვებით და ვაგვარებთ. თვითმმართველობას პრობლემა არ აქვს. უნივერსიტეტში შეიძლება არის რაღაც პრობლემები, მაგრამ ქვეყანამ რომ გაიგოს, ნამდვილად არ გვსიამოვნებს. რაც არის, ადმინისტრაციასთან ერთად ვსხდებით და ვაგვარებთ, როგორც თქვენი ოჯახის საქმეს გარეთ არ გაიტანთ, ისევეა ჩვენთვის უნივერსიტეტი, მაგრამ ისეთი, რომ გადაუჭრელი იყოს, ნამდვილად არაფერი არ არის“.

გასულ წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 83 538 ლარი დახარჯა.

გრაფიკული შედევრი copy

გადაბეჭდვის წესი


ასევე: