ბათუმი,მთავარი

მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის

20.02.2016 • 2600
მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა – 2016 წლის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას. ემზადებიან თუ არა აჭარაში უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა ატესტაციისთვის?

ამ ეტაპზე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წესდებაში ცვლილებები უნდა გაატარონ და ის კრიტერიუმები თუ პირობები უნდა შეიმუშაონ, რომელთა მიხედვითაც სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები უვადოდ აირჩევიან, შემდეგ კი განსაზღვრონ მათი ატესტაციის წესი და ფორმა. კანონის თანახმად უმაღლესმა სასწავლებლებმა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების არჩევისა და ატესტაციის საკითხის დასრულება წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის ინფორმაციით, პირველ თებერვალს, საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით გამართულ კონფერენციაზე, განიხილეს კანონში შესული ცვლილებების იმპლემენტაციის ვადების საკითხი და ამ პროცესების დასრულება 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს:

„სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ატესტაციის წესები უნივერსიტეტებმა უნდა დაამტკიცონ 2016 წლის ბოლოსთვის, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს ატესტაცია“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

რამდენად არიან მზად უმაღლესი სასწავლებლები ამ ცვლილებებისთვის და რა ეტაპზე არიან ისინი მუშაობის პროცესში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ბათუმის სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმართა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე აღნიშნავს, რომ რადგან საზღვაო აკადემია სპეციფიკურად მუშაობს – აკადემიის მარეგულირებელი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, მათ ერთობლივად მოუწევთ ცვლილებებზე მუშაობა.

„ჩვენ ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად. დაახლოებით ერთ თვეში მზად ვიქნებით ცვლილებების შესატანად. ზოგადად კი, ჩვენი პროფესია განსხვავდება სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან: ჩვენთან პროფესორის არჩევისას სავალდებულო არ არის პირი მაინცადამაინც დოქტორი იყოს. შეიძლება კაპიტანი, „სტარპომი“, უფროსი მექანიკოსი ან მეორე მექანიკოსი იყო და მაინც შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ ის პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული“, – ამბობს ირაკლი შარაბიძე.

საზღვაო აკადემიაში დღეისათვის 15 სრული პროფესორი მუშაობს.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორის უვადოდ არჩევის საკითხზე მუშაობა არ დაუწყიათ. ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ჯერ მზად არ არის ამ პროცესისთვის. თუმცა, საწესდებო ცვლილებების დამუშავება უკვე დაწყებული აქვთ:

„ატესტაციის ფორმა და წესი, ჯერჯერობით, არ შეგვიმუშავებია. ახლა ვამზადებთ წესდებაში ცვლილებებს. რაც შეეხება პროფესორის თანამდებობაზე არჩევასა და მუდმივ სტატუსზე გადაყვანს – ამ საკითხზე მოსამზადებელი გვაქვს ცალკე წესი, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, რადგან ეს სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. ჯერჯერობით მზად არ ვართ ამისთვის“, – ამბობს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს მუდმივი პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. ამ თანამდებობაზე პროფესორებს ჯერ აირჩევენ და მათი ატესტაციის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში. ამ ეტაპზე სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა უნდა აირჩიონ მეცნიერები და მათი ატესტაცია დაამტკიცონ.

საწესდებო ცვლილებებზე სამუშაოდ ბსუ-ში კომისია უკვე შექმნილია.

„ჩვენ ცვლილებები გავაცანით აკადემიურ საბჭოს, კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს, დირექტორებს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებს. უკვე შექმნილია კომისია, რომელშიც ჩართულია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. აუცილებელია, კანონში გატარებული ცვლილებების შესაბამისად შევიდეს ცვლილებები წესდებაში. აი, ამის შემდეგ დავიწყებთ ყველა იმ ცვლილების იმპლემენტაციას, რაც კანონში შევიდა“, – ამბობს მერაბ ხალვაში და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს შემდეგ ავტორიზაციამდე არჩეული უნდა ჰყავდეს მუდმივი პროფესორის რანგის პროფესორები.

შემდეგი ავტორიზაცია ბსუ-ს 2017-2018 სასწავლო წელს ექნება გასავლელი. აქ მუდმივი პროფესორები სწორედ ამ დრომდე უნდა აირჩიონ. ბსუ-ში ამ ეტაპზე 64 პროფესორი და 6 მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ უვადო პროფესორად არჩევაში.
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ზოია სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა გააჩნია, როგორ განისაზღვრება ატესტაციის წესები.

„ამაზე უნდა იმსჯელოს უნივერსიტეტმა და უნდა შეირჩეს ისეთი კომისია, წევრებმა შესაფასებელზე ცოტა მეტი მაინც რომ იცოდნენ. შედეგი იმის მიხედვით დადგება, თუ რამდენად იქნება ობიექტურობა დაცული“, – ამბობს ზოია სიხარულიძე.

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძეც ობიექტური კრიტერიუმების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, უნივერსიტეტები ჯერ მზად არ არიან მსგავსი ცვლილებებისთვის.

„თუ პროცესი იქნება ობიექტური, ბევრი პირი ვერ დაიკავებს ამ თანამდებობას. ეს უნივერსიტეტის გამოწვევაა: უნივერსიტეტს შეუძლია სტანდარტები მოარგოს თავის პროფესორებს და, შესაბამისად, ამ პროცესს ყველა წარმატებით გაივლის, მაგრამ თუ საერთაშორისო სტანდარტებს აიღებს, მაშინ ბევრის თანამდებობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, ამიტომ ეს უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ ისევ მიკერძოებული ვიქნებით, როგორც წარსულში ვიყავით კონკურსებსა თუ ზოგიერთი პროფესორის არჩევისას, ეს იქნება არაობიექტური პროცესი… მზად ალბათ არ ვართ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა უნივერსიტეტი“, – აღნიშნავს მალხაზ ნაკაშიძე.

რატომ გახდა ეს ცვლილებები აუცილებელი? – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შეერთების შემდეგ კანონში წარმოქმნილი უზუსტობების გამო ზოგიერთი მეცნიერი თავს დაუცველად გრძნობდა. ასევე დაბალი იყო სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესებში, რის გამოც არ ხდებოდა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება მომავალი სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: