ბათუმი,მთავარი

მარიხუანას მოხმარებაზე სასამართლოები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ – პარლამენტის უმოქმედობა

19.02.2016 • 2391
მარიხუანას მოხმარებაზე სასამართლოები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ – პარლამენტის უმოქმედობა

მარიხუანას შეძენა-შენახვასა თუ მოხმარებაზე საქმეებს სასამართლოები ვერ იხილავენ. პრობლემა კანონია, რომელიც არ არსებობს. კანონმდებლობით მარიხუანას მოხმარება დანაშაულად რჩება, მაგრამ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რითაც შეიძლება დამნაშავეს სასამართლომ სასჯელი მიუსაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმეზე მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აკრძალა და იგი წამების ტოლფასად მიიჩნია. პარლამენტი გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თაროებზე ამჟამად 35 საქმეა, რომლებიც მარიხუანას შეძენა-მოხმარებას ეხება. ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლეები საქმეების განხილვას ვერ იწყებენ, რადგან 24 ოქტომბრიდან დღემდე პარლამენტმა მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის კოდექსში სანქციის შეტანა ვერ მოახერხა. „გვაქვს პრეცედენტი: არსებობს დანაშაული, მაგრამ არ არსებობს სასჯელი. 70 გრამამდე მშრალ მარიხუანაზე პირს არაფერი ემუქრება, რადგან სანქცია ბუნებაში არ არსებობს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მამისეიშვილმა. მან ცოტა ხნის წინ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მარიხუანას შეძენა-შენახვაზე, ანუ დანაშაულის არსებობა დააფიქსირა, მაგრამ სასჯელი ვერ მიუსაჯა:

„უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და უნდა დაბრუნებულიყო საკუთარ ქვეყანაში. ამიტომ გახდა აუცილებელი ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში იყო კანონის ანალოგის გამოყენება. როცა კანონში არსებობს ხარვეზი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ანალოგის გამოყენებას, თუკი ამით არ ირღვევა ბრალდებულის უფლებები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლი ადგენს სასჯელის დანიშვნას და მისი მოხდისგან გათავისუფლებას, თუკი განაჩენის გამოტანის დროისთვის ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დანაშაულებრიობა“, – ამბობს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე - „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". ფოტო "ბათუმელების" არქივიდან

საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე – „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. ფოტო “ბათუმელების” არქივიდან

ადვოკატი რამინ პაპიძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და პასუხისმგებლობას პარლამენტს აკისრებს: „მოსამართლის გადაწყვეტილება ვერ იქნება კანონიერი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის კანონი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს, რომ განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. მოსამართლეებს არ აქვთ დღეს უფლება მიიღონ ამ კუთხით გადაწყვეტილებები“.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მოსამართლის ამ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს: „სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა მოსამართლე, რადგან თავისუფლების აღკვეთას სასჯელად ვეღარ განსაზღვრავდა. პრობლემა არსებობს და გამოსავალი არის ის, რომ პარლამენტში უნდა შედგეს კონსესუსი. საგაზაფხულო სესიაზეც თუ ვერ მოახერხებენ ამას, კიდევ უფრო გაიწელება პროცესი, რადგან მაშინ ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა დაველოდოთ“.

პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომელიც მცირე ოდენობით მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. „თუკი ამ კანონპროექტში არაფერი შეიცვალა, მხარდაჭერას არ ვაპირებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ. კანონპროექტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი გიგა ბუკია: „მე არ ვუჭერ მხარს ამ კანონპროექტს. „კონსერვატორებმა“ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ეს მიდგომა, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, არაა რელევანტური ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი ოდენობის ნარკოტიკების შენახვა ან მოხმარება მკაცრად უნდა იყოს დასჯილი და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“.

გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმას _ 100 ლარს ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 300 ლარამდე დაჯარიმებას. მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მოხმარება 500 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარით.

საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ალტერნატიულ კანონპროექტზე მუშაობს. რას ითვალისწინებს ეს კანონპროექტი, ამაზე საუბარი კანონპროექტის ავტორებს არ სურთ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ თანხმობა უმრავლესობაში ამ საკითხზე მიღწეული არ არის: „ამდენ დეპუტატში ამის მიღწევა მარტივი გგონიათ? ვიდრე არ გვექნება თანხმობა, ვერც სამართლებრივ ნორმას დავაწესებთ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ნათელმხილველი არ ვარ“.

იმის გამო, რომ კანონმდებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კანონი არ დააზუსტეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაც შეუფარდა მარიხუანას მოხმარებისთვის კონკრეტულ პირებს. ეს ის შემთხვევები იყო, როცა ბრალდებულებს ნედლი მარიხუანას მოხმარება დაუდგინდათ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი მარიხუანას მშრალ ოდენობას ეხებოდა.

რა გამოსავალს სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს? კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიგა ბუკია გამოსავალზე არ ფიქრობს, რადგან მისი აზრით, მოსამართლეებს ისევ შეუძლიათ პატიმრობა გამოიყენონ, თუკი ისინი ამის აუცილებლობას ხედავენ: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ 260-ე მუხლს, მაგრამ ის არ შეხებია 273-ე მუხლს, რომელიც ჯარიმებსაც ითვალისწინებს და პატიმრობასაც. თუ რომელიმე მოსამართლე არასწორად კითხულობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეგ არ ვიცი“.

„გიგა ბუკიას აქვს უფლება, ჰქონდეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პოზიცია. სამწუხაროა, რომ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასეთ ინტერპრეტაციას ახდენს“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად აიკრძალა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე – საუბარია 70 გრამამდე, ხოლო 273-ე მუხლი, პირიქით, მარიხუანის მცირე ოდენობის მოხმარებაზეა და პატიმრობის გამოყენება გამორიცხულია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია წინააღმდეგია იმ კანონპროექტის, რომელზეც მისივე პოლიტიკური გუნდი მუშაობს: „მე არ ვიცი, რა კანონპროექტზე მუშაობენ. წინააღმდეგი ვარ, მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოირიცხოს. თუ მოსამართლე ხედავს, რომ ადამიანი გამოუსწორებელი ნარკომანია და სხვასაც უბიძგებს ამისკენ, მან პატიმრობა უნდა გამოიყენოს“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიგა ბუკიამ. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და რა გამოსავალს ხედავს კანონმდებელი, როცა კანონში სამართლებრივი ნორმის დაწესებას პარლამენტი ვერ ახერხებს? – ამ შეკითხვას გიგა ბუკიამ აღარ უპასუხა: „მეტი არ მცალია, სხდომაზე შევდივარ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: