"ბათუმელების“ არქივიდან

საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია

25.02.2004 • 2028
საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია

ცენტრსა და რეგიონს შორის ფინანსური ურთიერთობების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური მუშა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგზე, კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთ პრობლემატურ საკითხს ჭარბი შემოსავლები წარმოადგენს, რომელიც ადრე მთლიანად ავტონომიის ბიუჯეტში რჩებოდა. ამჯერად კი, როგორც აჭარის არ ფინანსთა მინისტრმა იაშა ჩავლეიშვილმა „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, ის ნორმატივები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაშვებული აჭარაზე, წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ კანონმდებლობიდან საერთოდ გაქრა.

ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ჭარბი სახსრების ფაქტორი, ერთ-ერთი მამოძრავებელი სტიმულია, რომელიც აღებული ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულების თვალსაზრისით, ინტერესს უჩენს არა მარტო აჭარას, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებსაც. „ჩვენს მიერ ეს საკითხი არაერთხელ იქნა დაყენებული და ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაფორმდა კიდეც ოქმი, რომ აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანი მოთხოვნაა“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ბიუჯეტის ჭარბი შემოსავლები, ძირითადად მაინც სოციალური საკითხების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში პენსიები და ხელფასები რიგდებოდა,  გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ „უკვე ამოქმედდა ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის დარგის საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკებს გადაეცემა გასული წლის იანვარ-თებერვალში მომატებული ხელფასების არსებული დავალიანება. დღემდე ამ თანხების გაუცემლობა ჩვენი, არც შეცდომის შედეგია და არც დაუდევრობის, რამეთუ, აღნიშნული შევსება ჩვენს ბიუჯეტში გადმორიცხული უნდა ყოფილიყო საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც არ შედგა“.

მინისტრის ინფორმაციით, გასული წლის იანვარ-თებერვლის 30%-იანი დავალიანების დასაფარავად, დღეს უკვე გადაირიცხა რაიონების შესაბამის საფინანსო განყოფილებებში 312672 ლარი, ბათუმის ჩათვლით კი – 447110 ათასი ლარი.

რაც შეეხება ხელფასების სრულად გაცემას, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურს, შუახევსა და ხულოს შესაბამის საფინანსო განყოფილებებს, უკვე, გადაერიცხა 1 299 832 ლარი.

დავალიანებებისა და გაზრდილი ხელფასების გაცემა, გუშინ ქ. ბათუმშიც დაიწყო. სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება ლტოლვილებზე შემწეობებისა და დახმარებების სრულად  გაცემაც.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, აჭარის ფინანსთა მინისტრის თქმით, მისი ინიციატივით უკვე შედგა შეხვედრა აჭარის ჯანდაცვისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრებს შორის. ამ შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება და გაფორმდა შესაბამისი ოქმიც. „ჩვენს დაფინანსებაზე  მყოფი პროგრამები კი მთლიანად იქნება დასაფინანსებელი“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინა საზღვაო ბანკშია განთავსებული. ფინანსთა მინისტრი ამაში საპრობლემოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ „მთავარია ერთი პრინციპი – ხაზინას პრობლემა არ ჰქონდეს, მისი სწორად და ოპერატიულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. მერწმუნეთ, იმის გამო, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური იმყოფება საზღვაო ბანკში, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მისი ოპერატიულობის, სწორად გამართული ფუნქციონირებისთვის და თუნდაც რეალური რესურსების  უზრუნველყოფის მიზნით, მე ჩემი მუშაობის პერიოდში პრობლემა არ მქონია. მთავარია, ხაზინა სრულად ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და პრობლემები საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას არა აქვს.“

მიმდინარე წლის აჭარის ბიუჯეტი დღემდე მიუღებელია. იგივე დღეშია საქართველოს ბიუჯეტიც. იაშა ჩავლეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ბიუჯეტის პროექტზე ფაქტიურად მუშაობა დასრულებულია, იგი განსახილველად აჭარის პარლამენტს მანამ არ წარედგინება, სანამ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს. ამას, მინისტრი ქვეყნის შესაბამის კანონმდებლობაში მიღებული თუ მოსალოდნელი ცვლილებებით ხსნის.

„თუმცაღა გადარიცხვა ჩვენგანაც და მათგანაც ხდება, მაგრამ  ამოსავალი წერტილი მაინც ისაა, რომ გაირკვეს, ანუ მოგვარდეს და დალაგდეს ურთიერთშეთანხმების ბაზა. შემდგომ იქნება რეალური ნაბიჯები“, – აცხადებს მინისტრი.

ბოლო დროს აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ „აჭარიდან საკმაოდ სოლიდური თანხები, მილიონებია გადარიცხული  აქციზური მარკების შეძენა რეალიზაციასთან დაკავშირებით“.

აჭარის ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლების კუთხით, როგორც ფინანსთა მინისტრი გვეუბნება დასამალი არაფერი აქვთ: „ჩვენ სქემას მოგცემთ დარგების მიხედვით, თუ რამდენი თანხაა დახარჯული, მისი მთლიანი ხარჯები, მისი პროცენტული შემცველობა და ა.შ. ამ მხრივ პრობლემა არ გექნებათ“.

იმედს ვიქონიებთ, ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული საფინანსო ურთიერთობების მხრივ პრობლემების მოგვარების პროცესის პარალელურად, აჭარის ბიუჯეტის ირგვლივ გამეფებული ბურუსიც გაიფანტება და საბიუჯეტო პროცესი გამჭვირვალე გახდება.

რაც შეეხება ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, ბუნებრივია გავლენას იმ სამუშაოზეც ახდენს, რომელიც საფინანსო ურთიერთობების დასარეგულირებლად მიმდინარეობს: „ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი მუშა ჯგუფის საქმიანობა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა და პოლიტიკურ საკითხებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია და ეკონომიკაც გარკვეულ პოლიტიკას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე გარკვეულ ზეგავლენას ბუნებრივია ახდენს“.

ამასთან, ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უახლოეს წარსულში მის მხარდამჭერთა მიტინგების ორგანიზება-დაფინანსებას აწარმოებს, და რომ ეს თანხები აჭარის ბიუჯეტიდან გაიცემა, ფინანსთა მინისტრს თურმე საერთოდ არ სმენია. „მე ასეთ ფაქტებს ვერ ვიხსენებ, ეს ერთი და მეორე, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს ასეთ საქმიანობასთან არანაირი ხელი არა აქვს, ეს გამორიცხულია“.

და ბოლოს, მინისტრის თქმით: „არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისეთ პირობებში და ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტს მილიონობით დავალიანება აქვს ხელფასისა და პენსიის სახით, ასე ვთქვათ, ერთი ხელის დაკვრით, ასე ოპერატიულად ყველა საკითხის გადაწყვეტა მოხერხდეს. მაგრამ გამოჩნდა გარკვეული გზები, ამოცანა დასახულია, ვფიქრობ ურთიერთთანამშრომლ-ობა მოგვარებადია, მთავარია, საკითხის გადაწყვეტა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: