"ბათუმელების“ არქივიდან

„ხოფის“ მოვაჭრეები მორიგი გაფიცვით იმუქრებიან

11.02.2004 • 2088
„ხოფის“ მოვაჭრეები მორიგი გაფიცვით იმუქრებიან

გასულ კვირას, შპს „ბათუმის“, ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ბაზრობის ადმინისტრაციას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. განცხადებით, რომლითაც ბაზრის ადმინისტრაციას მიმართეს მოვაჭრეებმა, გადასახადების 5 ლარიდან 2 ლარამდე შემცირებას ითხოვენ. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციას, (თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნები) გადასახადების მორიგი აკრეფის დროს კვლავაც გეგმავენ.

„ხოფის“ ადმინისტრაციას „ოპოზიცია“ წინა წლებისგან განსხვავებით მარტო გადასახადების შემცირებას არ თხოვს. ბაზრობაზე არსებული პირობების გაუმჯობესება, კვირაში ერთი უქმე დღე, 276 მოვაჭრის (ხელმოწერები გრძელდება)  ძირითადი მოთხოვნაა. „გადასახადს, თუ არ ვვაჭრობთ, მაინც გვართმევენ. გაგვიჭირდა, უმრავლესობამ ობიექტი დაკეტა და წავიდა, ვალებში ჩავვარდით. 50 დოლარს გვახდევინებენ ერთ კვადრატ ჯიხურში. ვინც ვერ გადაიხდის, სახლში წავაო, ამბობენ. იმას არავინ კითხულობს, მოვაჭრე თუ აკეთებს ამ თანხას. პირველად ცოტას გვახდევინებდნენ, შემდეგ მოგვიმატეს. თუ ის გადასახადი თავის დროზე საკმარისი იყო, შემდეგ რატომ გაზარდეს“, – კითხეს მოპიკეტე-მოვაჭრეებმა აჭარის შს მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს.

მოვაჭრეთა ერთი ნაწილი კმაყოფილია არსებული პირობებით და არც გადასახადის შემცირებისთვის იბრძვის: „ახალგაზრდა, 18 წლის ბიჭების გადასაწყვეტი არ არის ბაზრობის ბედი. ტანსაცმლით ბითუმად მოვაჭრეებმა დაგვანებონ თავი, თუ აქ არ მოსწონთ, ფარეხში გადავიდნენ. ერთი კვირის წინ, ვიღაც „ნაციონალები“ შემოვიდნენო ამბობდნენ, მათი შემოტანილია ეს არეულობა ბაზარში“.

ჯემალ გოგიტიძემ საკუთარი ცნობადობის ფაქტორი გამოიყენა მოვაჭრეებთან და აქციის დაშლა არ გასჭირვებია: „ახლა დაიშალეთ. მე თქვენსკენ ვარ და თქვენ ეშმაკებისკენ თუ რა? არა და რომ მოგეფერებიან, მერე აყვირდებით კიდევ. გითხარით, ერთი ლარი დააკლდება. ბიუჯეტს ჩავყვებით ბოლომდე, თუ იქნება მოსამატებელი, კიდევ მოგიმატებთ, თუ მოსაკლები-მოგაკლებთ“.

ამ მოთხოვნების პარალელურად მოვაჭრეები ჟურნალისტებს კატეგორიულად აფრთხილებენ, რომ აქციას არ მიეცეს პოლიტიკური დატვირთვა. ისინი მოთხოვნების შესრულების გარანტად შს მინისტრს ასახელებენ.

„გაზეთი ბათუმელები“ შპს „ბათუმის“ ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. ბაზრობის დირექტორის შალვა აბაშიძის თქმით, გაფიცულთა მოთხოვნების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. „2 ლარს რომ ითხოვენ, მარტო დაცვას არ ეყოფა. ადრე დაცვასთან თვითონ მოვაჭრეები აფორმებდნენ ხელშეკრულებას და 7 ლარს უხდიდნენ. სავსე და ცარიელ კონტეინერში ერთნაირ გადასახადს ვითხოვთ. სადაც 20 000 დოლარის საქონელი უწყვიათ, ისინი გამოვიდნენ. სხვა ბაზრობებთან შედარებით ჩვენთან 5-ჯერ ნაკლები გადასახადია და კიდევ შემცირებას ითხოვენ. ეს არის კომერციული სტრუქტურა და ფასს თვითონ აწესებს. ვისაც არ აწყობს, სადაც იაფია, იქ უნდა წავიდეს“.

ბაზრობის ერთ-ერთი მოწილე ილია ანანიძე არც პოლიტიკურ მომენტებს გამორიცხავს. „ერთ-ერთი მოვაჭრე, ზოიძე, რომელიც აცხადებდა, რომ აქ 2-3 წელია მუშაობს, ტყუის – 3 თვეა რაც მოსულია, ხელშეკრულებაც კი არ აქვს გაფორმებული. ის იძახდა, რომ ილია ანანიძე მას კაბინეტში ეჩხუბა. ამ დროს მე, ილია ანანიძე ვდგავარ მის წინ და ვეკითხები, თუ  იცნობთ-მეთქი, ილია ანანიძეს, – დიახო. როცა ვუთხარი ვინც ვიყავი, ის ქალბატონი გაიქცა. ეს არის შემოსული პიროვნება, რომელიც რაღაცას ამზადებს. ხალხის შესაკრებად კი ეს ყველაზე კარგი  ადგილია. ჩანს, რომ ვიღაცას სჭირდება ბაზრობიდან ტალღის აგორება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სპეციალურად აგდებენ ასეთ ანკესებს და ხალხს აბუნტებენ. ბაზრის მოვაჭრეების პოლიტიკაში გარევა არაეთიკურია“.

ამის თქმის საფუძველს ადმინისტრაციას ისიც აძლევს, რომ მათთვის პრობლემის შესასწავლად თუ გადასაწყვეტად „ბუნტოვშიკებს“ არც ერთი დღე არ მიუციათ და განცხადების შეტანიდან მეორე დილით გაფიცულან.

ადმინისტრაცია თვლის, რომ თუ ისინი დათმობაზე წავლენ, მაშინ იძულებულნი იქნებიან შეამცირონ დაცვის რაოდენობა, რაც გამოიწვევს პრობლემებს საკუთრების დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეწყდება ბაზრის ტერიტორიის კეთილმოწყობა. „დაცვის, დამლაგებლის გადასახადი იმ 5 ლარიდან მიდიოდა. ერთი რელსი არავის მოუტანია, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. იქნებიან ისე, როგორც მანამდე იყვნენ – მოუწესრიგებელ ბაზარში. ეს ერთი პიროვნებისთვის, ილია ანანიძისთვის არ კეთდება. ყველას ახსოვს, როცა ცელოფნის ქვეშ ისხდნენ, წვიმის დროს მუხლამდე წყალი იდგა, ბაყაყები ყიყინებდნენ ამ ტერიტორიაზე. ეხლა მოგებიდან ხდება ამ ბაზრის კეთილმოწყობა“, – აცხადებს ანანიძე.

„ხოფის“ მოვაჭრეებს ამასთან დაკავშირებით კონტრარგუმენტები მოაქვთ. ისინი აცხადებენ, რომ ნებისმიერი კეთილმოწყობითი სამუშაო, რაც ბაზარში ტარდება, მათ ზურგზე გადადის. ამისათვის ფულს „ამერიკულ დოლარებში ართმევენ“, რასაც რა თქმა უნდა, უარყოფს ადმინისტრაცია: „ეს არავის ხარჯზე არ გაკეთებულა. ზოგმა მთელი წლის წინასწარ გადაიხადა, მაგრამ შემდეგ გათავისუფლდნენ გადასახადისგან“.

მიუხედავად იმისა, რომ „ხოფის“ ბაზრობას გასულ თვეში ბიუჯეტში 15000 ლარი, ამ თვეში კი 21500 შეუტანია, კულუარებში დაფარულ შემოსავლებზე და ეკონომიკურ დანაშაულზე საუბრობენ. ჯემალ გოგიტიძე კი აცხადებს, რომ საკითხს ძირფესვიანად შეისწავლიან. რაც შეეხება უშუალოდ უკმაყოფილო მოვაჭრეთა მოთხოვნებს, ჯემალ გოგიტიძის თქმით, პრობლემა ბაზრობის ადმინისტრაციის მოსაგვარებელია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: