"ბათუმელების“ არქივიდან

აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები

04.02.2004 • 1448
აბაშიძის მხარდამჭერები ვართ და არა მისი დამცველები

ბათუმში „კმარას“ პროკლამაციები, დღისით-მზისით თუ ბევრს ქალაქის ქუჩებში არ უნახავს, ურნებს, რომლებიც „კმარელებისთვისაა“ განკუთვნილი, ყველა შეამჩნევდა. შეამჩნევდა აგრეთვე სხვადასხვა წარწერას, რომლებიც ქუჩებშია გამოკრული, მათ შორის ასეთი შინაარსისაც „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“. სწორედ ასე ჰქვია ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში მოხდება და რომლის წევრებსაც ეკუთვნით აღნიშნული ურნების დადგმისა, თუ წარწერების გამოკვრის ინიციატივა. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ისინი ასლან აბაშიძის არა დამცველები, არამედ მხარდამჭერები არიან: „ჩვენ კი არ ვიცავთ ასლან აბაშიძეს, არამედ მხარს ვუჭერთ მას“.

„პირველად რამოდენიმე ადამიანი ვიყავით, რომლებიც მხარს ვუჭერდით ასლან აბაშიძეს. „კმარა“ როცა გამოჩნდა, გადავწყვიტეთ ორგანიზაციის ჩამოყალიბება და „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“ დავერქვით. ბევრი თანამოაზრე გაგვიჩნდა და დღეს  3000-მდე ვართ. „კმარა“, რომელიც ანაგვიანებს ქალაქს – დავუდგით სანაგვე ურნები – აცხადებს აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩახვაძე.

ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი აქტიურ მუშაობას აპირებენ და განსხვავებული აზრის მქონეებს, მათ შორის „კმარასაც“ დიალოგისაკენ მოუწოდებენ: „გვინდა „კმარასაც“ ვთხოვოთ მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, რათა სასიკეთო საქმე ვაკეთოთ. აქ იყო სამი ბიჭი, „კმარადან“ ვართო და ჩვენ შემოგვიერთდნენ. იყვნენ „ჩვენი აჭარადანაც“, რომლებიც ბევრ რაღაცაში გვეთანხმებიან“.

დღეს არსებული სიტუაციის შეფასებისას ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება მოსახლეობას აღიზიანებს: „აჭარაში ხალხს სხვანაირი მიდგომა სჭირდება, აქ მართლაც, ცოტა სხვანაირი რეჟიმია, ხალხი მიჩვეულია რომ დილით 9 საათზე წავიდეს სამსახურში, საქმე აკეთოს ისე, როგორც საჭიროა… უნდა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ომი და ძალადობა. ამას უნდა ვუპასუხოთ სიყვარულით. „კმარა“ თუ მუშტს გვიკრავს, ჩვენ ვარდი უნდა გავუკრათ“.

მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ორგანიზაციაზე საუბრისას ხაზი ესმება იმას, თუ ვინ აფინანსებს და აქედან გამომდინარე აქცენტი დამფინანსებელთა შეკვეთა-დავალებების შესრულებაზე კეთდება, „აგრესიას ვუპასუხოთ სიყვარულით“ წევრები გვარწმუნებენ, რომ ისინი არავისგან ფინანსდებიან: „არიან ისეთი ადამიანები, ჩვენს ამ მოწოდებებს მხარს რომ უჭერენ, ისინი გვეხმარებიან. იმედია, გამოჩნდებიან კეთილისმოსურნეები, რომლებიც დააფინანსებენ  ჩვენს მოძრაობას. ეს ოფისი ჩემი ძმაკაცის მამის კერძო საკუთრებაა, მან გვითხრა, რომ დროებით აქ ვყოფილიყავით“.

ამ ახალგაზრდებს სჯერათ, რომ დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ყველაფერი, თანაც აუცილებლად კანონის ფარგლებში და არა ძალადობით. თუმცა, ისინი  შეკრებებისა თუ შესაძლოა მიტინგების გამართვასაც არ გამორიცხავენ. სხვათა შორის, არა მარტო ბათუმში, არამედ ქუთაისში და თბილისშიც.

„თუ ვიღაცას მიტინგის ჩატარების სურვილი აქვს, შესაბამისი ორგანოები ჩააყენოს საქმის კურსში. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ „აღორძინებას“ თუ ვუჭერთ მხარს, ამიტომ უფლება გვაქვს მიტინგი მაინცადამაინც თეატრთან ჩავატაროთ. დაიწამლა ახალგაზრდობა, ზოგი ნარკოტიკით, ზოგი პროკლამაციებით და არავინ იცის ამას შემდეგ რა მოჰყვება.

რომ გითხრათ ომს დავიწყებთო, ომი არ იქნება, აქ სისხლისღვრა გამორიცხულია. ის ვინც მოუწოდებს, რომ აჭარაში უნდა მოხდეს ომი და დაიღვაროს სისხლი, ის ყველაზე დიდი მოღალატეა. დიალოგის გზით უნდა ჩამოყალიბდეს საღი აზრი, რათა ავიცილოთ ყოველგვარი გაურკვევლობა და მივიდეთ კონსენსუსამდე. ცოტ-ცოტა ყველამ უნდა დავთმოთ რაღაცა და არა ისე, ვიძახოთ – ძირს ასლან აბაშიძე“, – ამბობს ბექა გოგოსაშვილი და დასძენს: „არავითარ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერ იმას, რომ დისიდენტი მოვიდეს სათავეში. ადამიანს, რომელსაც არა აქვს თავის შეკავების უნარი, რეგიონის პირველ პირად მოსვლის ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს. წარსულით არ ვიცხოვროთ, მაგრამ გადავხედოთ, ედვარდ სურმანიძე ფეხზე ასლან აბაშიძემ დააყენა“…

მოძრაობის წევრებს სჯერათ, რომ მემედ აბაშიძის შვილიშვილი იარაღს მოსახლეობაში არ დაარიგებს: „ასეთი რამ უნდა გამოვრიცხოთ. ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ სააკაშვილი აჭარაში ჯარს შემოიყვანს. იმ ადამიანებს, რომლებიც იარაღის გავრცელებაზე ინფორმაციას ავრცელებენ, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი“. მათივე თქმით, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ვერაფერს ხედავს: „არ ვამბობთ, რომ აჭარაში იდეალური ცხოვრებაა, მაგრამ იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს. იძახიან, რა გააკეთა ასლან აბაშიძემო – ადამიანს ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაუყარო.“

ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს აღიკვეთოს „კმარა“, „ოღონდ არა დარბევა-დაჭერით. საერთოდ, „კმარამ“ არ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი. თუ ვინმეს მხარდამჭერი ჰყავს და რაღაცის კეთების პრეტენზია აქვს, არჩევნების გზით გააკეთოს“.

რაც შეეხება აჭარის ხელისუფლებას და ბოლო დროს მშვიდობიანი აქციების დარბევის ფაქტებს, ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციაში ასეთი პოზიცია გააჩნიათ: „ჩვენი აზრით, ხელისუფლებას არ ჰყავს სათანადო დონის მრჩევლები, ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკონტროლებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დარბევები, შეხლა-შემოხლა რაც მოხდა, ყველაფერი გამოძიებული იქნება. მე მჯერა, რომ ყველა დაისჯება, ვინც არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ასლან აბაშიძეს და დაარბია ხალხი. თუ ამ ხალხს ჰქონდათ ნებართვა გამოეხატა თავისი აზრი და მაინც დაარბიეს, ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ თუ მათ აურზაური ატეხეს და იხულიგნეს, ისინიც დაისჯებიან“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: