"ბათუმელების“ არქივიდან

ასლან აბაშიძე ჟურნალისტებს გვადანაშაულებს

28.01.2004 • 2916
ასლან აბაშიძე ჟურნალისტებს გვადანაშაულებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ერთხელ კიდევ დაადანაშაულა არაობიექტურობაში ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები და რეგიონის ხელისუფლებასა და ჩვენს შორის „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენის შესაძლებლობის ალბათობა, სამწუხაროდ, ნულამდე დაიყვანა. „თქვენ არ ავრცელებთ იმ ინფორმაციას, რაც ხდება საქართველოში, არ მინახავს არც ერთი გადაცემა აღმშენებლობაზე, იმ ძვრებზე, რომელიც აჭარაში მიდის. რასაც გადასცემთ, შორსაა რეალობისგან და ეს სამწუხაროა. ჩვენ ორი ავტონომია გვაქვს დაკარგული, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა სხვა რეგიონში და ჯიქურ ვუტევთ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც აბსოლუტური სიმშვიდეა და სადაც არის ქართული კულტურის ცენტრი“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.

აჭარაში ჟურნალისტების მიმართ ბოლო დროს განხორციელებული ფიზიკური თუ სხვა სახის ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით და, საერთოდ, ჟურნალისტთა უფლებების დაცვის ირგვლივ საუბრისას, ავტონომიის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს იგავ-არაკი „ენით დაკოდილი“ შეგვახსენა და ერთგვარ „სამაგიდო წიგნად“ ერაყის ომი გადაგვიშალა.

ასლან აბაშიძე: „არ იქნება სწორი, თუკი ჩვენ არ დავეყრდნობით აჭარის კანონს, რომელიც ჟურნალისტიკასთან არის დაკავშირებული. იქ ძალზედ კარგადაა ჩამოყალიბებული თქვენი უფლებები. როდესაც უფლებებს გადააჭარბებთ, ეს ადამიანის შეურაცხყოფის სიბრტყეში გადადის… სიტყვით მიყენებული ჭრილობა კი არაფრით ხორცდება. უნდა მოზომოთ თქვენი ემოციები, თქვენი რიტორიკა, ეს არის თქვენი დაცვის ყველაზე დიდი გარანტია. იყავით ობიექტურები, მაგრამ იყავით კორექტურები. ამაზეა ეს კანონმდებლობა აგებული, ისეთ ცხელ წერტილში, როგორიც იყო ერაყი, რამდენიმე ჟურნალისტი დაიღუპა, ისინი ვერავინ დაიცვა. თქვენც ისეთივე ადამიანები ხართ, როგორც ჩვენ და რატომ გგონიათ, რომ თქვენი დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი, რიგითი მოქალაქის, მინისტრის, დეპუტატის. რატომ აყენებთ თქვენს თავს მაღლა. თქვენ მეოთხე ხელისუფლება ხართ და შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს ზემდგომ ხელისუფლებას, რატომ იღებთ საკუთარ თავზე ამას. არ გვაძლევთ ანალიტიკურ ანალიზს, მიმოხილვას, რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. თქვენ ძაბავთ სიტუაციას, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. მე ერთი ფორმულა ამოვირჩიე – არ წავიკითხო გაზეთები, არ ვნახო ტელევიზია და გავაკეთო ის, რაც გამოადგება ჩემს ქვეყანას.

აჭარაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. რატომ არ ამბობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არავის აქვს უფლება მიტინგის, მითუმეტეს ხელისუფლების დამხობის მოწოდების უფლება. რატომ ხართ გულგრილი იმაზე, რაც ხდება. ცალმხრივი სიმართლე სიმართლე არ არის. აგრესიულობა ბადებს აგრესიულობას, მოვუწოდებთ ყველას, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში იმოქმედოთ და კონსტიტუციური კანონები დაგიცავთ თქვენც“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: