სიახლე
არქივი

„ერთიანობის დარბაზი“ – საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად

ბათუმში „ერთიანობის დარბაზის“ სახელწოდებით მალე კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება. მართალია, ანალოგიური სახელწოდების მოძრაობა თბილისში უკვე არსებობს, მაგრამ ეს ორგანიზაცია მის დაქვემდებარებაში ამ ეტაპზე არ არის, მომავალში კი შასაძლოა შევიდეს. „ერთიანობის დარბაზის“ მთავარი მიზანი იქნება აჭარაში დემოკრატიული გარდაქმნებისათვის საზოგადოებრივი აზრის მომზადება, პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანად წარმართვა და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლაში აქტიური მონაწილეობა. საინიციატივო ჯგუფში იოსებ ხიმშიაშვილი, რამაზ სურმანიძე, ბიჭიკო დიასამიძე,  რამაზ ფარტენაძე, მიხეილ მახარაძე, ზურაბ ქათამაძე, ელგუჯა მაკარაძე და სხვები არიან. საინტერესოა, რომ საინიციატივო ჯგუფში სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრებიც ფიქსირდებიან.

„ერთიანობის დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, იოსებ ხიმშიაშვილის განცხადებით „ჩვენი აჭარას“ ძირითადი ბირთვი თბილისშია. აქ მისი მუშაობა, ფაქტიურად იქიდან იმართება, რაც სირთულეებს ქმნის. მასში არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „ჩვენ გადავწყვიტეთ ორგანიზაცია მეცნიერების, ხელოვნების, ინტელიგენციისა და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით დავაკომპლექტოთ“.

ეს ორგანიზაცია არ იქნება „ჩვენი აჭარას“ ალტერნატივა. „არც ერთ მოძრაობას არ ვუპირისპირდებით. ჩვენი მიზანი ყველა ორგანიზაციის გაერთიანებაა“, – აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი და თავს არიდებს იმ საკითხზე ლაპარაკს, თუ რა არ აკმაყოფილებთ სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებში. „მათ უნდათ ხელისუფლების შეცვლა და ამ მოთხოვნის საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ძალიან ზოგადი მოწოდებებია. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალეთ, ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეგვექმნა, რომლითაც ხალხთან უფრო ახლოს მივიდოდით და სიმართლეს ვეტყოდით“.

მართალია, „ერთიანობის დარბაზი“ პოლიტიკური მოძრაობა არ იქნება, მაგრამ გამორიცხული არაა, მისი წარმომადგენლები რომელიმე პარტიაში გაწევრიანდნენ. „თუკი გაგვიჩნდა ამბიცია, შეიძლება ამა თუ იმ პარტიაში შევიდეთ კიდეც“, – აცხადებს ხიმშიაშვილი.

„ერთიანობის დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად მიიჩნევენ. თავად იოსებ ხიმშიაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელია, იგი დღესაც ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, აჭარაში კვლავ გრძელდება რეგიონის ერთპიროვნული მართვა, თავისუფალი სიტყვის დევნა და ცენტრის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობის დამუშავება. აჭარის ხელისუფლება ძველებურად აგრძელებს ულტიმატუმის ენაზე საუბარს და მოვლენებს არ აძლევს რეალურ შეფასებებს. „აქედან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აჭარის უმაღლესი ხელისუფალი მის გარემოცვას ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს. დასაგმობია საკადრო პოლიტიკა. აჭარის ხელისუფლება დღესაც ვერ აკეთებს დასკვნებს. ასლან აბაშიძემ რეაგირება უნდა მოახდინოს ე.წ. შავფორმიანებზე. ყველასთვის ცხადია, რომ მათ უკან რომელიმე მინისტრი, ან მაღალი თანამდებობის პირი დგას. თეთრი ბილეთის მქონე ადამიანი ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ჯგუფს. ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს „აღორძინების“ სახეს. ისინი უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, სწორედ, ამის გამო გამიჩნდა პოლიტიკური ამბიციები“.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანობის დარბაზი“-ს პრეზენტაცია უახლოესი მომავლისთვის იგეგმება.

 

 

ემზარ დიასამიძე