სად მივყავართ მაჭახელას ეროვნული პარკის ბილიკებს

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურში, ბათუმიდან მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილმა ეროვნული პარკის სტატუსი 2012 წელს მიიღო. პარკში ახლა ადმინისტრაციის შენობა და ვიზიტორთა ცენტრი შენდება. მშენებლობა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა ეს ხელს არ უშლის აჭარის ველური ბუნების დათვალიერების მსურველებს, მოინახულონ პარკი.

მურყნის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები – ეს არის ის, რის გამოც მაჭახელას ეროვნულ პარკს უნდა ესტუმროთ, გზად, მაჭახელას ხეობის სოფლებში კი, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, თაღოვან ხიდებს, ციხეებს,  ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს დაათვალიერებთ.

მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესოა მაჭახელას ეროვნული პარკის დასათვალიერებლად.

ამჟამად მაჭახელას ეროვნულ პარკში სამი ტურისტული ბილიკია.

მთავარანგელოზის ბილიკი – ამ ბილიკის სიგრძე დაახლოებით ოთხი კილომეტრია ფეხით გავლის შემთხვევაში. ამ მანძილს მაჭახელას ხეობაში, კოლხურ, წიფლისა და წაბლის ტყეებში გაივლით და მთავარანგელოზის მთაზე ახვალთ, ე.წ. გადმოსახედ ადგილზე, საიდანაც ჩანს როგორ ერთვის მდინარე ჭოროხი შავ ზღვას, მოჩანს ასევე ბათუმი და ქედის, შუახევისა და ხულოს მთებზე შეფენილი სოფლები. როგორც აქ ამბობენ, ამ ადგილიდან მთელი აჭარა ხელისგულზეა.

მთავარანგელოზის ბილიკის გავლა შესაძლებელია ავტომანქანითაც [8 კმ სამანქანე გზა].

ქოქოლეთის ბილიკი –  ეს მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან 15  კილომეტრია. შესაძლებელია ფეხით და მაღალი გამავლობის [ორხიდიანი] ავტომანქანით ასვლა. ბილიკის ყველაზე მაღალი წერტილიდან  ჩანს ზედა მაჭახელას ხუთი სოფელი, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. „ხუთი ხევი ჩანს, რომელიც მაჯის და ხელის ფორმა ქმნის და ამბობენ, რომ სახელის წარმოშობა სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება –  „მაჯა-ხელა“, ანუ მაჭახელა. ესეც ისტორიული ბილიკია,“ – ამბობენ ადმინისტრაციაში.

ტყუპი ჩანჩქერების ბილიკი   ეს ბილიკი  სოფელ აჭარისაღმართში, ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გაივლით მოასფალტებულ სამანქანო გზას და მიდიხართ სოფელ ქოქოლეთისკენ, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი ეშვება ტყუპი ჩანჩქერისკენ.  ბილიკის დასაწყისიდან 700 მეტრში, ხეობაში, დაახლოებით 47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

მაჭახელას ეროვნულ პარკში კარავშიც შეიძლება დარჩენა და საოჯახო სასტუმროშიც. მას შემდეგ, რაც მაჭახელას ეროვნულმა პარკმა სტატუსი მიიღო, მაჭახელას ხეობის სოფლებში ტურისტები კანტიკუნტად, თუმცა მაინც გამოჩნდნენ.

„ერთი ღამე, სამჯერადი კვებით 50-60 ლარი ღირს. ბევრი ტურისტი არ არის, მაგრამ არიან მაინც. მეც მაქვს საოჯახო სასტუმრო, თაღოვან ხიდთან, ღამით იშვიათად რჩებიან, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც. ბევრი საპიკნიკე ადგილია მაჭახელას ხეობაში. ოჯახშიც შეიძლება მაგიდის შეკვეთა,“ – ამბობს მალხაზ სალვარიძე, რომელიც სოფელ ცხემლანაში ცხოვრობს.

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

17917975_1890221821224000_987370356452429872_o

მაჭახელას ეროვნულ პარკში გიდის დაქირავებას ვერ შეძლებთ. აქ ამბობენ, რომ ადგილზე მოსულ უცხოელ ტურისტებს თავიანთი გიდი ჰყავთ.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მთავარანგელოზის ტურისტული ბილიკია. პარკში მოსულ უცხოელ ტურისტებს ბილიკის ფეხით გავლა უფრო აინტერესებთ, ქართველ ტურისტებს კი, ძირითადად, ურჩევნიათ ეს მანძილი მანქანით გაიარონ.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ბინადრობენ წითელი ნუსხით დაცული ცხოველები: მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში რამდენიმე ფოტოხაფანგია, რომელთაც სხვადასხვა დროს დააფიქსირეს ეს ცხოველები.

 

მურა დათვი. ფოტოხაფანგი

მურა დათვი. ფოტოხაფანგი

კვერნა

კვერნა

მურა დათვი მაჭახელას ეროვნულ პარკში. ფოტოხაფანგი

მურა დათვი მაჭახელას ეროვნულ პარკში. ფოტოხაფანგი

გარეული ღორები. ფოტოხაფანგი

გარეული ღორები. ფოტოხაფანგი

შველი

შველი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com