ბრინჯულა – გურული საუზმე სამი ინგრედიენტით

გურიაში ბრინჯულას ეძახიან კერძს, რომელიც ერთდროულად ჰგავს ხაჭაპურსაც და ომლეტსაც, თუმცა არც ერთია და არც მეორე, ეს უფრო სქელი ბლინია ყველითა და კვერცხით.

ბრინჯულას მომზადება საკმაოდ მარტივია და იგი ძალიან ნოყიერი საუზმეა. მიუხედავად სახელწოდებისა, ბრინჯულას მოსამზადებლად ბრინჯს არ იყენებენ.  გურიაში ამბობენ, რომ სახელწოდება იმ დროს უკავშირდება, როცა ბრინჯულას მოსამზადებლად არა ხორბლის ფქვილი, არამედ დაქფული ბრინჯი გამოიყენებოდა. ბრინჯულას გურიაში კეცხე აცხობდნენ, თუმცა ჩვენ გთავაზობთ ტაფაზე მომზადების ვერსიას.

 

მასალად საჭიროა:

  • 1,5- 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი [დამოკიდებულია ტაფის დიამეტრზე];
  • 150 გრ. ყველი (იმერული);
  • 2 ცალი კვერცხი.

 

მომზადება: 

ხორბლის ფქვილს დაამატეთ ერთი მწიკვი მარილი და ცივი წყალი, თვალზომით, ისე, რომ მიიღოთ სქელი, თხევადი ფაფა. აურიეთ კარგად, რომ ცომში არ დარჩეს გაუზავებელი ფქვილი. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი ზეთი.

მიღებული ცომი დაასხით სქელძირიან, ფქვილმოყრილ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. დაახურეთ ტაფას და აცადეთ 4-5 წუთი, სანამ ცომი ოდნავ გაშრება და გამაგრდება.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტაფაზე მოთავსებულ ცომს მოაყარეთ დაფშვნილი ან დახეხილი ყველი და მოასხით  კარგად ათქვეფილი კვერცხი ისე, რომ კვერცხი განაწილდეს მთელ ზედაპირზე.

ტაფას დაახურეთ თავი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 8-10 წუთი.

შეამოწმეთ, გამომცხვარია თუ არა ბრინჯულას ქვედა ნაწილი და ფრთხილად გადააბრუნეთ კვერცხიანი ზედაპირით ტაფაზე. დატოვეთ რამდენიმე წუთი, სანამ კვერცხი და ყველი კარგად არ მოიბრაწება. თუ ჩათვლით, რომ ცომი ზედმეტად რბილია, შეგიძლიათ ისევ გადმოაბრუნოთ და აცხოთ სასურველი ფერის მიღებამდე.

ბრინჯულას გამოცხობა შეიძლება ღუმელშიც, ასეთ შემთხვევაში გადაბრუნება საჭირო არ იქნება.

ბრინჯულა

ბრინჯულა

ბრინჯულას მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, მაგალითად, ცომის ოდენობა, მხოლოდ, შეეცადეთ, ძალიან ბევრი ცომი არ დაასხათ ტაფაზე, რადგან ბრინჯულა გამოშრობას ვერ მოასწრებს.  ასევე, შესაძლებელია, ცომს თავიდანვე შეურიეთ კვერცხი და ყველი და ისე გამოაცხოთ, თუმცა მობრაწული ბრინჯულა უფრო კარგად გამოიყურება.

ამ მარტივ კერძს გურიაში უკვე იშიათად აკეთებენ, თუმცა, წლების წინ, ბრინჯულა საკმაოდ პოპულარული იყო, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: მისი მომზადება სწრაფადაა შესაძლებელი და ცოტა ინგრედიენტი სჭირდება, შედეგად კი საკმაოდ ნოყიერი კერძი მიიღება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com