კვირის ამბები,მთავარი

6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

16.10.2016 • 1755
6 მაისის პარკთან მომხდარი მკვლელობის საქმე სასამართლოში

14 მაისს, დღისით, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ირაკლი აბუსერიძე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ ჯიპში მას მკვლელმა სამი ტყვია ესროლა და მიიმალა. გარდაცვლილის ქვრივმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ ისიც თვითმხილველია – ის ამ დროს მცირეწლოვან შვილებს პარკში ასეირნებდა. ორი დღის შემდეგ სამართალდამცველებმა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე საშაურმეში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არჩილ ფ. დააკავეს.

ბრალდებული, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესებს თავისი სურვილით არ ესწრება. წინასასამართლო სხდომაზე მან მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. განზრახ მკვლელობის გარდა არჩილ ფ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ 4 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება; პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა; სხვისი ნივთის დაზიანება და ნარკოტიკული ნივთიერების მიღება არაერთგზის.

არჩილ ფ. ირაკლი აბუსერიძის მეზობელი იყო. ის სასჯელს აქამდეც იხდიდა საქმეზე, სადაც ასევე ფიგურირებდა ირაკლი აბუსერიძე. 2011 წელს აბუსერიძემ დანით დაჭრა არჩილ ფ.  და ამისთვის მან სასჯელი მოიხადა, ხოლო არჩილ ფ. ცრუ ჩვენების მიცემისთვის მოხვდა ციხეში – მან გამოძიებას არ დაუდასტურა, რომ აბუსერიძემ დაჭრა. არჩილ ფ. 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ოჯახისგან რეგულარულად ცდილობდა ფულის გამოძალვას. კონფლიქტი სწორედ აქედან გამომდინარე წარმოიშვა.

„წარმოდგენილ ექპერტიზის დასკვნებს უდავო მტკიცებულებად მივიჩნევთ,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა, მარინა ფხალაძემ. ექსპერტიზა ბრალდებულის ტანსაცმელს ჩაუტარდა, სადაც სისხლის ლაქები აღმოჩნდა. დასკვნის მიხედვით, სისხლის ლაქები გარდაცვლილს არ ეკუთვნის.

„გარდა ამისა, ექსპერტიზის მიხედვით დენთის კვალი არ აღმოჩნდა ბრალდებულის სხეულზე, კანზე ან ცხვირში, სადაც დიდი ალბათობით უნდა ყოფილიყო დენთის კვალი, თუკი ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. გამოძიების მიერ ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც გასროლა მოხდა, ამოღებული არ არის. შესაბამისად, იარაღის ექსპერტიზა საქმეში არ დევს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ფხალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის და გამოძიება ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე დააკმაყოფილა პროკურორის, ფრიდონ ქარცივაძის შუამდგომლობა, რომელიც ნეიტრალური მოწმის სასამართლოში იძულებით გამოცხადებას ითვალისწინებს. თვითმხილველი, რომელიც მკვლელობას 6 მაისის პარკთან შეესწრო, თავისი ნებით სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

კიდევ ერთი ნეიტრალური მოწმე ამ საქმეში ტაქსის მძღოლი იყო. მან მოსამართლეს უთხრა, რომ მომხდარის გამო ძალიან აღელდა, ინერვიულა და კარგად არ ახსოვს მკვლელობის დეტალები. გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათებით ამოცნობის დროს მან ხელი ბრალდებულს დაადო.

„მისი ჩვენება არ არის კატეგორიული,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი: „თქვა, რომ ბრალდებული სხვებისგან მსხვილი ტუჩებით გამოარჩია. ჩემს შეკითხვაზე, წარმოდგენილ ფოტოსურათებზე სხვა მამაკაცებსაც რომ მსხვილი ტუჩი ჰქონოდათ, ამოიცნობდით თუ არა ბრალდებულს, გვითხრა, რომ ეს გაუჭირდებოდა“.

სასამართლოს მორიგ სხდომაზე ვიდეოჩანაწერებს აჩვენებენ. ჩანაწერები გამოძიებამ იმ ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოიღო, რომლებიც 6 მაისის პარკის შესასვლელთან, მელიქიშვილის ქუჩაზეა განთავსებული. ადვოკატის მოთხოვნა ამ კუთხით ექსპერტიზის ჩატარებაზე არ დაკმაყოფილდა. ადვოკატი მარინა ფხალაძე სპეციალური ექპერტიზის ჩატარებას ითხოვდა, რომელიც კადრში ასახული პირების იდენტიფიცირებას მოახდენდა: „მე უკვე გავეცანი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას. არც ერთ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს კონკრეტულად არჩილ ფ. უფრო ზუსტად მისი ამოცნობა შეუძლებელია. თანაც, უშუალოდ მკვლელობის ადგილი არ აქვს დაფიქსირებული რომელიმე კამერას. კადრებში ჩანს, რომ ვიღაც გამორბის მკვლელობის ადგილიდან…“

სასამართლო სხდომებს ბრალდებულის ახლობლები არ ესწრებიან. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ნათესავები, მათ შორის, ირაკლი აბუსერიძის დედა, მარინა ნამგალაძე. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დარწმუნებულია მკვლელობის ბრალდებულის მხრიდან ჩადენაში. დეტალებზე საუბარი მან არ ისურვა. მარინა ნამგალაძე გამორიცხავს მკვლელობის  ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებას. ირაკლი აბუსერიძე სამშენებლო კომპანია „ზიმო 7“-ის ერთ-ერთი მეწილე იყო. მანანა ნამგალაძე კი, დღემდე ამ კომპანიის დირექტორია.

6 მაისის პარკთან მომხდარ მკვლელობაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა პროკურატურამ. პროკურორ ფრიქდონ ქარცივაძესთან ჩვენ იმ მტკიცებულებებზე გვსურდა გველაპარაკა, რომელიც მან სასამართლოში წარმოადგინა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, არჩილ ფ.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასჯელის ამ ზომას ითვალისწინებს განზრახ მკვლელობის მუხლი, რომელიც ბრალდებულისთვის წაყენებული 5 მუხლიდან ყველაზე მძიმეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: