კვირის ამბები,მთავარი

„რეკორდი“ ქობულეთის საოლქო კომისიაში და გადაცდომისთვის დასჯილთა დაწინაურება

12.09.2016 • 1637
„რეკორდი“ ქობულეთის საოლქო კომისიაში და გადაცდომისთვის დასჯილთა დაწინაურება

ქობულეთის N81 საოლქო-სააჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად კონკურსი 3 აგვისტოს გამოცხადდა. განაცხადების შეტანის ვადა 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე დასრულდა. სულ 555 განაცხადი შევიდა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება 19 აგვისტოს, კონკურსის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო და დასრულდა კიდეც. კომისიამ 555 კანდიდატის ბიოგრაფიებისა და გამოცდილების შემოწმება რეკორდულ ვადაში – ერთ დღეში მოახერხა.

ქობულეთის საოლქო კომისიის მუშაობის ასეთმა ტემპმა დამკვირვებელ ორგანიზაციებს კითხვები გაუჩინა. მათ კითხვები ქობულეთის საოლქო კომისიასთან იმაზეც აქვთ, თუ რატომ გააკეთა არჩევანი საოლქო კომისიამ იმ პირებზე, რომლებსაც წინა არჩევნებზე გადაცდომების გამო ადმინისტრაციული სახდელები ჰქონდათ დაკისრებული. ეს მაშინ, როცა სერტიფიცირებულ მოხელეებს, რომლებსაც გადაცდომები არ ჰქონიათ, კომისიამ უარი უთხრა. რამდენიმე დამრღვევი პირიქით,  დააწინაურეს – მათ საუბნო კომისიაში თავმჯდომარის, მოადგილის თუ მდივნის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

ქობულეთის N81 საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ დაკომპლექტებული საუბნო-საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში ფიქსირდებიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებსაც წინა წლებში `საარჩევნო კანონმდებლობის უგულებელყოფისთვის“ დაკისრებული ჰქონდათ დისციპლინური სახდელები, კერძოდ: N71.81.06 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრები: მედეა ჯიჯავაძე და გიუზელ ნიჟარაძე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამავე უბანზე მუშაობდნენ და დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება. თუმცა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გიუზელ ნიჟარაძე ქობულეთის 81-ე ოლქის N6 საუბნო კომისიის თავმჯდომარე იქნება. ამავე უბანზე დანიშნული კომისიის წევრი ნონა მოწყობილი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დანიშნული იყო ოლქის მიერ და ასევე მიღებული აქვს გაფრთხილება.

N71.81.08 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი აკაკი ანანიძე ამავე უბანზე დანიშნული იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ასევე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მას ორივე შემთხვევაში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება; ამჯერად ის N8 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

N71.81.19 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრები: თინათინ ცეცხლაძე და სულიკო გირკელიძე დანიშნული იყვნენ ამავე უბანზე კომისიის წევრებად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება;

N71.81.28 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი ჟუჟუნა წულუკიძე 2013 და 2014 წლის არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე უბანზე და ორივე არჩევნების პერიოდში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება; ამჯერად ის N48 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

N71.81.31 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი მზია კომახიძე ამავე უბანზე დანიშნული იყო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა; მზია კომახიძე N31-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარეა.

N71.81.38 საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი მანანა ნოღაიდელი 2013 და 2014 წლის არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე უბანზე კომისიის წევრად და ორივე არჩევნების პერიოდში დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა; ახლა ის N38-ე საუბნო კომისიის მდივანია.

N71.81.62 საუბნო-საარჩევნო კომისიაში დანიშნული კომისიის წევრი ნანა ჭყონია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დანიშნული იყო ამავე კომისიაში და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – გაფრთხილება. ახლა ნანა ჭყონია N62 საუბნო კომისიის თავმჯდომარეა. ამავე უბანზე დანიშნული კომისიის წევრი სალომე ქათამაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დანიშნული იყო ამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად და დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელის ზომა – შენიშვნა.

ქობულეთის N81 საოლქო-საარჩევნო კომისიაში სხდომის მიმდინარეობისას პარტიების წარმომადგენლებმა მოიპოვეს სიები და ისინი ამტკიცებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია სწორედ ამ სიით ხელმძღვანელობდა საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას და ეს სიები საოლქო საარჩევნო კომისიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული საუბნო-საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების სია და პარტიების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული სია სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განსხვავებას.

ქობულეთის N81 საოლქო კომისიის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე ყველა ბრალდებას გამართლებას უძებნის და ამბობს, რომ კომისია განაცხადებს ეტაპობრივად არჩევდა, რასაც ტყუილს უწოდებს ამავე კომისიის წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სალომე ზაქარიაძე: „არაფერი შეურჩევიათ, მათ იხელმძღვანელეს წინასწარი სიით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუგზავნა. ჩვენ მოვახერხეთ და წავართვით ეს სია, შემდეგ კი შევადარეთ და ყველაფერი დაემთხვა“.

რაც შეეხება იმ პირების შერჩევას, რომლებსაც წინა რამდენიმე არჩევნებში მონაწილეობისას გადაცდომები ჰქონდათ, გელა ხახნელიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა მათ საარჩევნო ადმინისტრაციებში მუშაობას არ უკრძალავს. ამას საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეც ეთანხმება, თუმცა გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დამრღვევ პირებზე აქცენტის გაკეთება, როცა ბევრი განაცხადია და საოლქო კომისიას საშუალება აქვს იმათ მიანიჭოს უპირატესობა, რომლებსაც ადრე კანონი არ დაურღვევიათ, ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მუშაობის ლეგიტიმაციას.

ღია საზოგადოება საქართველოსტატია ქვეყნდება პროექტის ფარგლებში „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამენტი“. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: