კვირის ამბები,მთავარი

პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

06.09.2016 • 1705
პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“.

კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

პასუხში აღნიშნულია, რომ სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის შესაბამისი წერილით მიმართა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტმა.

„საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ქობულეთის მუნიციპალიტეტში „დაბა ჩაქვი-აღმაშენებლის მე-3 შესახვევის“ [აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელი] საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. აუცილებელია ამ გზის სავალი ნაწილის გაფართოება. გზის გასაფართოებლად საჭირო ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ გაატაროთ შესაბამისი ზომები, რათა მითითებული მიწის ნაკვეთები გადმოეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში შემდგომში გზის რეაბილიტაციის მიზნით,“ – ეს არის გზების დეპარტამენტის 20 ივლისის წერილი, რომელსაც ხელს გიორგი რომანაძე აწერს დეპარტამენტის უფროსის რანგში.

გიორგი რომანაძე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“.

„ბათუმელები“ გიორგი რომანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შვებულებაში იმყოფება, ფაქტობრივად, უკვე პოლიტიკაშია, აღნიშნულ პროექტზე ვერაფერს გვეტყვის და უმჯობესია დავუკავშირდეთ დეპარტამენტს.

გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აღნიშნული გზის პროექტთან მათ შეხება არ აქვთ: „უმაღლეს საბჭოსთან არის მიგინეიშვილის, წერეთლის და სხვა ქუჩები, რომლებიც გავარემონტეთ აჭარის ბიუჯეტის სახსრებით, ჯამში 2,5 კმ/მდე მონაკვეთი. აღმაშენებლის მე-3 შესახვევს ჩვენ არ ვაკეთებთ. ვფიქრობთ, აღმაშენებლის მე-2 და მე-3 ჩიხების რეკონსტრუქციას, ისიც მომავალი წლისთვის“.

რა ღირებულებისაა პროექტი, რა ჯდება გზის რეკონსტრუქცია, გამოცხადდება თუ არა ტენდერი და/ან ვინ შეასრულებს სამუშაოებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, გზების დეპარტამენტში და აჭარის მთავრობაში არ გაასაჯაროვეს. ინფორმაცია არ აქვთ ქობულეთის გამგეობაშიც.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა აღნიშნულ სამუშაოებს რომელიმე ბიზნესმენს გააკეთებინებს თავისივე ფულით და ასეთი ბიზნესმენი/კომპანია უკვე შერჩეულიც კი ჰყავს. შესაბამისად, ამ გზის რეაბილიტაციაზე აჭარის ბიუჯეტიდან ფული აღარ დაიხარჯება. ეს იქნება ბიზნესმენის „საჩუქარი“, თუ მას რაიმეს სანაცვლოდ შეთავაზებენ, ჯერ გაურკვეველია.

დაპროექტებული გზა, ცენტრალური მაგისტრალიდან, უმაღლეს საბჭოსთან მისასვლელ გზას ემთხვევა, შემდეგ გარს უვლის საბჭოს შენობას და ჩადის სოფელ ხალაში მისასვლელ გზამდე და მას უერთდება. სწორედ ამ გზის გაფართოებაზე, მოასფალტებასა და განათებაზეა საუბარი. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე წელს გზის რეკონსტრუქცია ადგილობრივი მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მომავალში ხელისუფლებას გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარების უფლებას აღარ მისცემდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: