კვირის ამბები,მთავარი

1343 ბავშვი მინდობით აღზრდაში

04.09.2016 • 3491
1343 ბავშვი მინდობით აღზრდაში

საქართველოში, 674 ოჯახში, მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი ცხოვრობს, მათგან 197 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს, საკმარისია თუ არა სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მინდობით აღზრდის შესახებ? „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა.

რატომ ხვდებიან ბავშვები მინდობით აღზრდაში

ბოლო მონაცემებით, 100 ბავშვი აჭარაში საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად არ ცხოვრობს. ეს ბავშვები მინდობით აღზრდის პროგრამაში არიან ჩართული და მათზე ზრუნავენ სხვა მიმღები ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფო ამისათვის ფულს უხდის. მათგან 70 ბავშვი ბათუმში, 13-13 – ქობულეთისა და ხელვაჩაურის, სამი –  ქედის ხოლო ერთი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. აჭარაში, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების უმრავლესობა 6-დან 16 წლამდე ასაკისაა.

მინდობით აღზრდის პროგრამაში ბავშვები სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან: ობლობა, მშობლების ან მშობლის ქმედუუნაროდ ცნობა, მშობლისათვის უფლების ჩამორთმევა ან შეჩერება – ეს მიზეზების არასრული ჩამონათვალია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის უფროსი სოცმუშაკი ნინო ცეცხლაძე, რომელიც 15 წელია ამ მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა მშობელი თავად წერს განცხადებას და სახელმწიფოს სთხოვს ბავშვზე ზრუნვას, ან ბავშვს ტოვებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამის შესახებ მეზობლების, მოქალაქეების ან საავადმყოფოსგან იღებენ ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან და მინდობით აღზრდაში გადაყვანა. ბოლო, ასეთი გახმაურებული შემთხვევა ქობულეთში მოხდა, სადაც დედას ბავშვის ცემისთვის ორივე შვილი დროებით ჩამოართვეს და მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართეს.

ბავშვის მიმღები ოჯახის მოტივაცია

„აღმზრდელების მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვების რთული ქცევის მართვისა და პრევენციისათვის დასაშვებად მიიჩნევს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ძალადობას (მაგ. ყვირილი, დაშინება)… მონიტორინგის პროცესში შესწავლილ საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეპროგრამის ბენეფიციარები აღმზრდელთან/სოც. მუშაკთან შეთანხმების გარეშე ტოვებდნენ მიმღებ ოჯახებს ან/და გარბოდნენ ოჯახებიდან. მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული ქცევა ძირითადად გამოწვეულია ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების სააღმზრდელო გარემოსთან შეუთავსებლობით ან/და ვლინდება ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებში. აღნიშნულ შემთხვევებში, ბავშვის მიმღებ ოჯახში დაბრუნების შემდეგ, აღმზრდელები დასჯის ზომად იყენებდნენ უგულებელყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას…“ – ეს ამონარიდია სახალხო დამცველის 2016 წლის სპეციალური ანგარიშიდან, რომელიც მინდობით აღზრდას ეხება.

სანამ სახელმწიფო მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართავდეს ბავშვს, მანამდე მიმღებ ოჯახს შეისწავლის. ბავშვის მინდობით აღზრდაში აყვანის მსურველი ოჯახები თავად უკავშირდებიან სოციალურ სააგენტოს. სოციალური მუშაკები სწავლობენ მათ მოტივაციასა და საცხოვრებელ პირობებს და თუ პირობები დამაკმაყოფილებელია, ოჯახი ბაზაში რეგისტრირდება გადაუდებელ ან რეგულარულ მინდობით აღზრდის  კატეგორიაში, ან ორივე კატეგორიაში ერთდროულად.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში პოტენციურ, მიმღებ მშობლად 1000-მდე ოჯახია დარეგისტრირებული, რომელთა შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ასაიდუმლოებს. შეკითხვას, ძირითადად რა მოტივაცია აქვთ მიმღებ ოჯახებს, ნინო ცეცხლაძე პასუხობს: „მოტივაცია არის ის, რომ ქალი სახლში ზის, ჰყავს ამ ასაკის ბავშვები, ან ბაღის ასაკის, თვითონ დაუსაქმებელია, უნარიანია… ხვდებით?! და მოტივაცია დასაქმებაა, რა თქმა უნდა“.

იგი იქვე განმარტავს, რომ ხშირად, თანხა, რასაც სახელწიფო მიმღებ ოჯახს უხდის, არასაკმარისია ბავშვების მოვლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაძლოა ყოველკვირეულადაც კი სჭირდება დედაქალაქში ჩაყვანა.

მინდობით აღზრდის გადაუდებელ და რეგულარულ კატეგორიაში მიმღები ოჯახები სახელწიფოსგან ყოველდღიურ ანაზღაურებას იღებენ. ანაზღაურება პირველ შემთხვევაში დღეში 20 ლარს, მეორე შემთხვევაში კი, დღეში 15 ლარს შეადგენს. რეგულარული მინდობითი აღზრდის შემთხვევაში, თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ეს თანხა 20 ლარამდე იზრდება. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში ოჯახში ბავშვი 90 დღის განმავლობაში რჩება, შემდეგ კი ან ბიოლოგიურ ოჯახში ბრუნდება, ან რეგულარულ მინდობით აღზრდაში გადადის, სადაც ვადა სრულწლოვნებამდე [გაშვილებამდე ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებამდე] განსაზღვრული არ არის.

ქვეპროგრამა ასევე მოიცავს ნათესაურ მინდობით აღზრდას – როდესაც მიმღებს ბავშვთან ნათესაური კავშირი აქვს. ამ შემთხვევაში ანაზღაურება ყოველთვიურია და 200 ლარს [შშმ პირის შემთხევაში 300 ლარი] უდრის. მინდობით აღზრდის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 6 769 000 ლარია.

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო მიმღებ ოჯახებს

აჭარაში სულ 17 სოციალური მუშაკია. სწორედ მათ მოვალეობაში შედის კონტროლი, თუ როგორ, რა პირობებში ცხოვრობს ამჟამად მინდობით აღზრდაში მყოფი ასი ბავშვი. ეს მათი ერთადერთი საქმე არ არის, პარალელურად, სოციალურ მუშაკებს ათამდე მიმართულების საქმიანობაც აკისრიათ, მაგალითად, ისინი მუშაობენ პენსიონერებთან, სოციალურად დაუცველ ოჯახებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და ა.შ.

ნინო ცეცხლაძის თქმით, სოცმუშაკებს მანქანა არ ემსახურება და საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სააგენტოს უფროსს გადაჰყავს მანქანით. სოცმუშაკი ბავშვის მიმღებთან შეყვანის პირველი თვის განმავლობაში, თვეში არანაკლებ 4-ჯერ ახორციელებს ვიზიტს, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში – მინიმუმ ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ვიზიტები წინასწარი შეთანხმების გარეშე იგეგმება და მათ შეუძლიათ შეამოწმონ როგორც მაცივარი, ასევე ნებისმიერი სხვა დეტალი.

მიმღები ოჯახი მინდობით აღზრდის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებზე იღებს შენიშვნას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში უწყდება კონტრაქტი და კარგავს მიმღებად რეგისტრაციის უფლებას.

ნინო ცეცხლაძე ასევე აღნიშნავს, რომ თავის ანგარიშებში ყოველთვის მიუთითებს სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე: „მაგრამ ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მე ვერ ვწყვეტ, დაამატებენ თუ არა სოცმუშაკებს“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ საქართველოში მინდობით აღზრდაში 1 343 ბავშვი იმყოფება. რამდენი სოცმუშაკია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის არ აზუსტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის და  „სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა სოცმუშაკების დამატებაზე.“

სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემაზე საუბრობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც: `საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი არაერთხელ გახდა სოციალურ მუშაკთა სიმცირე და ასევე, სოციალურ სამსახურში მომუშავე ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობა. საქართველოს სახალხო დამცველი გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებს სოციალური მუშაკების გაძლიერებისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რადგან მათი სიმცირისა და დატვირთვის პირობებში ეფექტიანი მუშაობა რთული წარმოსადგენია“.

სახალხო დამცველის მიმდინარე წლის სპეციალურ ანგარიშში კი საუბარია იმაზე, რომ ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის  შემთხვევაში, შემოწმებული მიმღები ოჯახების ნაწილი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებული. ამ ოჯახებში არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელია სველი წერტილები. ანგარიშის მიხედვით, შემოწმებული ნათესაური მიმღები ოჯახების 40%-ს ესაჭიროება საცხოვრებლის რეაბილიტაცია.

მიუხედავად ამისა, მინდობით აღზრდის პროგრამაში ნათესაური მინდობით აღზრდას სპეციალისტები უპირატესად მიიჩნევენ.

„სიღარიბე არ ნიშნავს, რომ ოჯახი ჯეროვნად ვერ მოუვლის ბავშვს. შესაძლოა ამ ოჯახმა გაცილებით დიდი სითბო და სიყვარული გამოხატოს ბავშვის მიმართ, რადგან მათ ბიოლოგიური ნათესაობა აკავშირებთ,“ – ამბობს ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. მას სააგენტოს აჭარის ფილიალის ბავშვზე ზრუნვის პროგრამის უფროსი სოცმუშაკი,  ნინო ცეცხლაძეც ეთანხმება: „ბავშვი საკუთარ ბიძიასთან, ბებიასთან, ბაბუასთან თუ სხვა ნათესავთან გაცილებით სტაბილურადაა და მას სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენა არ ემუქრება.“

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაღლდეს მინდობით აღმზრდელთა უნარ-ჩვევები და შეიქმნას მათი გადამზადების სისტემა, რომელსაც კოორდინაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაუწევს. ამ დროისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის შესახებ ახალი კანონის შემუშავებაში UNIჩEF-ი ეხმარება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღზრდის ნაწილში ძირითადი ცვლილება უნდა იყოს მინდობით აღზრდის პროფესიონალიზაცია:

„ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სანამ მინდობით აღმზრდელი ოჯახში განათავსებს ბავშვს, აუცილებელი წესით იყოს დატრენინგებული, რომ მან იცოდეს ბავშვის განვითარების ეტაპები, ბავშვთან ურთიერთობის მეთოდები, პოზიტიური აღზრდის მეთოდები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ არანაირი ძალადობრივი მეთოდებით არ აღზრდის ბავშვს. მიმღებმა უნდა იცოდეს ის კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს და ასევე მინდობით აღზრდის სტანდარტები, რომელიც უკონკრეტებს მინდობით აღმზრდელს, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა ვალდებულებები ეკისრება მას. ამის შემდეგ მას ეცოდინება, რომ ეს არის მისი პროფესია, რისთვისაც იღებს გარკვეულ ანაზღაურებასაც“, – ამბობს ქეთევან მელიქაძე.

ნინო ცეცხლაძე გვიხსნის, რომ აკრძალულია დედმამიშვილების სხვადასხვა ოჯახში გაშვილება ან მინდობით აღზრდაში გადაყვანა, გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც, ისინი თავიდანვე ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. თუმცა ასევე არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც ერთ ოჯახში არასრულწლოვანთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს შვიდს: „ანუ თუ ცოლ-ქმარს სამი საკუთარი შვილი ჰყავს, მინდობით აღზრდაში შეუძლია აიყვანოს მაქსიმუმ ოთხი“. ამის გამო აჭარაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როცა და-ძმები დააშორეს: „რვა და-ძმა იყო, ბავშვების მამამ დედა მოკლა და თავიც მოიკლა. რადგან ერთ ოჯახში ვერ შევიყვანდით ყველას, გვერდიგვერდ ოჯახები შევარჩიეთ და გადავანაწილეთ“, – იხსენებს ნინო ცეცხლაძე. მისი თქმით, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების მინდობით აღზრდაში აყვანა ბევრს არ უნდა, ისეთ ოჯახებში, ვინც ამაზე უარს არ ამბობს, ბევრი ბავშვი იყრის თავს, „თუმცა ამ ოჯახებს აქვთ დიდი სახლი, ეზო, ბაღ-ბოსტანი, ძროხა და 50 ფრთა ქათამი… ხშირად ჩვენი მოთხოვნაა, მანქანაც ჰყავდეს, რომ ბავშვები წაიყვანოს და მოიყვანოს“.

კანონით, 10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. ამასთან, მინდობით აღსაზრდელსა და დედობილ/მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წელი.

რეინტეგრაცია, რომელიც ხშირად ვერ ხერხდება

მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვს, სურვილის შემთხვევაში, მშობელი პერიოდულად ნახულობს, მიმღებ ოჯახთან და სოცმუშაკთან შეთანხმებით. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგისას გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიურ მშობლებს შეზღუდული ჰქონდათ ბავშვის ნახვის უფლება, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ისინი ბავშვზე მავნე ზეგავლენას მოახდენდნენ, კერძოდ, ანგარიშის თანახმად, იყო შემთხვევები, როცა მშობელი ბავშვს სახლიდან გაქცევას და დაუმორჩილებლობას ურჩევდა. კვლევის თანახმად გაირკვა, რომ შესწავლილ შემთხვევათა 60 პროცენტის შემთხვევაში, ბიოლოგიური მშობლები ბავშვებს საკმაოდ იშვიათად ნახულობენ, რამდენიმე თვეში – ერთხელ.

სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანი ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება და ბავშვის სახლში დაბრუნებაა. ნინო ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს ხშირად ვერ ხერხდება: „მშობელს ვთავაზობთ პროფესიულ მომზადებას უფასოდ, ან ვეძებთ მათთვის შესაბამის სამსახურს, თუმცა  ხშირ შემთხვევაში ისინი  არ თანამშრომლობენ ჩვენთან~.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე 900 ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში. ბავშვის ოჯახში დაბრუნების შემდეგ სოციალური მუშაკები ოჯახთან კვლავ აგრძელებენ მუშაობას. ბიოლოგიურ ოჯახს ეძლევა გარკვეული ანაზღაურება [90 ლარი თვეში] და ისეთი სერვისებით სარგებლობა, როგორიცაა: დღის ცენტრით სარგებლობა, პროფესიული გადამზადების კურსები, კვების ვაუჩერი და ა.შ. თუმცა როგორც ქეთევან მელიქაძე აღნიშნავს, ეს სერვისები რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არ არის მისაწვდომი, რაც რეინტეგრაციის პროცესს ართულებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: