კვირის ამბები,მთავარი

სად დადიან ტურისტები

04.09.2016 • 5237
სად დადიან ტურისტები

რომელი ადგილებით ინტერესდებიან ბათუმში ტურისტები ყველაზე ხშირად? – ბათუმში , ტურისტულ ობიექტებზე რეგისტრირებულ ვიზიტორთა სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეიტინგი თითქმის უცვლელია: პირველ სამ ადგილს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე იყოფენ.

ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარე ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა რომ არის, ამას ვიზიტორთა სტატისტიკაც მოწმობს. გასულ წელს ბოტანიკურ ბაღს 212 610 ვიზიტორი ეწვია. ბაღის დათვალიერების საფასური 8 ლარია. როგორც ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯემალ წულუკიძე ამბობს, ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ: ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახების წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.

ტურისტებს შორის კვლავაც პოპულარულია ბათუმის დელფინარიუმი. დელფინების შოუს ნახვის მსურველთა რიგებს დელფინარიუმის სალაროებთან  ხშირად შენიშნავთ. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაციაში გვითხრეს, გასულ წელს დელფინების შოუს დაესწრო 131 896 მაყურებელი. ინტერაქტივში კი (დელფინებთან ერთად  ცურვა) მონაწილეობა მიიღო 3 184-მა ადამიანმა. 2016 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით  შოუს დაესწრო – 101 404, ხოლო ინტერაქტივს – 1854 ადამიანი. დელფინების შოუზე, დღის სეანსებზე (4 საათზე და 7 საათზე), ბილეთის ფასი 15 ლარია, ხოლო საღამოს სეანსზე (9 საათზე) – 20 ლარი. შოუზე უფასო დასწრების უფლებით სარგებლობენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები. დელფინთან ერთად ცურვის საფასური 3-16 წლამდე ბავშვებისთვის 100 ლარია, ხოლო 16 წელს გადაცილებული პირებისთვის – 150 ლარი.

ტურისტები ხშირად ინტერესდებიან გონიო აფსაროსის ციხე-ნაკრძალითაც. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრეს გასულ წელს ჯამში  60 642 ვიზიტორი ეწვია. გონიოს ციხის დათვალიერების ფასი 10-კაციანი (და მეტი) ჯგუფის შემთხვევაში ერთი ადამიანისთვის 2 ლარია, ინდივიდუალურად  – 3 ლარი, სტუდენტისთვის და მოსწავლისთვის ბილეთის ფასი კი 1 ლარს შეადგენს.

პოპულარული ადგილია ბათუმის აკვარიუმიც. გასულ წელს  აკვარიუმს სულ 28 422 ტურისტი ეწვია და არც წელს აკლია დამთვალიერებლები (იხილეთ ინფოგრაფიკა).  აკვარიუმში ბილეთის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა.

პოპულარული ადგილების ჩამონათვალში ბათუმის ზოოპარკიც მოხვდა. აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, ვაჟა მეგრელიძის ინფორმაციით, ზოოპარკს 2015 წლის მონაცემებით 17 125 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წლის მონაცემებით კი – 7045. ზოოპარკში 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა უფასოა, ხოლო 6  წელს გადაცილებულთათვის – 2 ლარი ღირს. ვიზიტორთა რიცხვი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იზრდება და ისინი, ძირითადად, უცხოელები არიან.

„ბათუმელები“ ბათუმში ყველაზე ცნობილი მუზეუმების სტატისტიკითაც დაინტერესდა.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის  დირექტორის ოთარ გოგოლიშვილის განცხადებით წელს, მარტამდე, სარემონტო სამუშაოების გამო მუზეუმს ვიზიტორები არ ჰყავდა, 22 მარტიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე კი მუზეუმი 8 365-მა ვიზიტორმა დაათვალიერა. ვიზიტორების უმრავლესობა  თურქები, რუსები, უკრაინელები და ირანელები არიან. მუზეუმში ბილეთის ფასი უფროსებისთვის 3 ლარია, სტუდენტებისთვის – 1 ლარი, ბავშვებისთვის კი – 50 თეთრი. ექსკურსიის ფასი 5 ლარს შეადგენს.

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გასულ წელს 7 664 ვიზიტორი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით – 4 977 ვიზიტორი. ბილეთის ფასებია:  ზრდასრული მოქალაქეებისთვის – 2 ლარი, სტუდენტებისათვის – 1 ლარი და მოსწავლეებისათვის – 50 თეთრი.

სასკოლო  პერიოდში მუზეუმს ძირითადად სკოლის მოსწავლეები ათვალიერებენ, ხოლო ზაფხულში – უცხოელები, განსაკუთრებით დამსვენებლები უკრაინიდან და რუსეთიდან.

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს 6 653 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2016 წლის მონაცემებით – 2 964 ვიზიტორი, ამასთანავე – 1544 დელეგაცია. ფასები არქეოლოგიურ მუზეუმში იგივეა, რაც ბათუმში მდებარე სხვა მუზეუმებში.

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს მუზეუმს 1980 ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2016 წლის 18 აგვისტოს მონაცემებით – 3736 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: