„მახოს მარანი“ ვაიოში

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები გორგილაძეების ექვსსულიანი ოჯახი საოჯახო ბიზნესს წლებია ეწევა, სახლის პირველ სართულზე მოწყობილ მარანში ყოველდღიურად ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს იღებს და ოჯახში დაწურული ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდება. საოჯახო ბიზნესთან ერთად გორგილაძეები შიდა მეურნეობასაც ეწევიან.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, აჭარისწყლის მარცხენა მხარეს მთაზე შეფენილ სოფელ ვაიოში, სოფლის ცენტრში აბრაა წარწერით: „მახოს მარანი“, აბრიდან რამდენიმე მეტრში, გორგილაძეების სახლთან მისვლამდე კი ბოლო ნიშნულია – „ღვინის გზა“, საიდანაც გორგილაძეების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოჩანს.

გორგილაძეებმა საოჯახო ბიზნესი შიდა მეურნეობიდან დაგროვებული თანხით ოთხი წლის წინ წამოიწყეს და სახლის პირველ სართულზე სათავსო მარნად აქციეს.  დღეს აქ  გორგილაძეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს ოჯახური ღვინითა და ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებიან.

მარანში არსებული ყველა ნივთი ქართული მეღვინეობის ტრადიციასთან ასოცირდება: ფიალები, ყანწები, თიხის დოქები, სუვენირები… მარნის ერთ მხარეს თიხის ჭური, ხოლო მეორე მხარეს – ქართული ეროვნული სამოსია გამოფენილი, იქვეა ბუხარიც. მარანში ჯამში 30-მდე სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

ოჯახში ყოველი დღე სისხამ დილით იწყება და გვიან ღამით სრულდება. გარდა იმისა, რომ მარანი აქვთ, გორგილაძეები შიდა მეურნებასაც ეწევიან, მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და საზამთროც კი. ეწევიან მეთამბაქოეობასაც და წლის განმავლობაში ათეულობით კილოგრამი თამბაქო მოჰყავთ.

„ყველა დღე დილის 6-7 საათიდან იწყება, ყველა საქმეს თანმიმდევრობით ვაკეთებთ,  ვერ ვიტყვი, რომ ადვილია ამდენი  რამის ერთდროულად კეთება, რთულია, მაგრამ  ბავშვებს განათლება სჭირდებათ, განათლებას – ფული, ამიტომაც ვმუშაობთ ამდენს ფიზიკურად. თუ შრომა გიყვარს, ყველგან ირჩენ თავს, ერთ პატარა სოფელშიც კი, მთავარია ისეთი რამ მოიფიქრო, რაც შედეგს მოგიტანს. მარნის გახსნის იდეა ნათესავებმა მოგვაწოდეს, ამ სფეროში არიან დასაქმებული, ქმრის დას გესტჰაუსი აქვს სოფელ გობრონეთში, სწორედ მან გვირჩია მარანი გაგვეხსნა სახლში, რადგანაც საოჯახო ბიზნესი სოფლად უფრო მომგებიანი იყო და ჩვენც იდეა რეალობად ვაქციეთ,“ – ამბობს ოჯახის დიასახლისი, თამარ ბერიძე.

14113950_1090546611041044_1869528732_o

მალხაზ და მაგდა გორგილაძეები. ეკა ბარამიძის ფოტო

მალხაზ გორგილაძე ამბობს, რომ საოჯახო ბიზნესით სოფელში ადამიანი „მილიონერი ვერ გახდება“, თუმცა თავის რჩენას თავისუფლად შეძლებს.

„ამით მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ არც გაჭირვებული და წყალწაღებული იქნები. მოსახლეობას ვურჩევ გააშენოს ვაზი, მოაწყოს მარანი, ამისთვის ხელსაყრელი ადგილი შეარჩიოს და ნუ იქნება სხვაზე დამოკიდებული, წლებია ფუნქციონირებს ჩვენი მარანი, მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი წელს გვეწვია, 400-ზე მეტი ვიზიტორი მივიღე, ეს არ არის ცოტა,“ – ამბობს მალხაზი.

გორგილაძეები სოფელში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს ძირითადად ადგილობრივი პროდუქციით დამზადებული კერძებითა და ოჯახში დაწურული ღვინით უმასპინძლდებიან.

„ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან ყველაზე ძვირადღირებული ყურძენი ცოლიკაური, ჩხავერი და ალადასტური მაქვს გაშენებული, ყოელწლიურად ვწურავ ღვინოს და ოჯახში დაწურული ღვინით ვუმასპინძლდები ტურისტებს. რატომ უნდა იყიდო ღვინის დასაყენებლად ყურძენი ქედაში, მაშინ როდესაც განსაკუთრებული, საღვინე ჯიშის ვაზი  ხარობს ჩვენთან?!“ – ამბობს მალხაზი.

თამარსა და მალხაზს სამი შვილი ჰყავთ: 22 წლის გიორგი, 20 წლის მარიამი და 16 წლის მაგდა. გიორგი ბათუმში მუშაობს და საოჯახო ბიზნესში ნაკლებადაა ჩართული. მარიამი სტუდენტია, მშობლებს საოჯახო საქმიანობაში  მაშინ ეხმარება, როდესაც უნივერსიტეტში არდადეგებები ეწყება. საოჯახო საქმეებში თამარს ძირითადად 16 წლის მაგდა ეხმარება. მას ყოველდღიურად მარნის დასუფთავება და სტუმრების გამასპინძლება უხდება. მაგდა ამბობს, რომ ეს ზაფხული მისთვის ძალიან დამღლელი იყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ინგლისურის შესწავლა დაისახა მიზნად და პრაქტიკას საკუთარ ოჯახში გადის, ამით კმაყოფილია.

„შეიძლება ითქვას, სახლში მსოფლიოს გავეცანი, მოდიან აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი ტურისტები… სანამ მარიამი დაიწყებდა სწავლას, ორივე ვეხმარებოდით მშობლებს, ახლა ძირითადად მე მიწევს მარნის დალაგება, სტუმრის გამასპინძლება. და-ძმის მსგავსად მეც მინდა უმაღლესი განათლება მივიღო. ჩვენთან მოსული ტურისტების ნაწილი ინგლისურად საუბრობს და სურვილი გამიჩნდა ინგლისური შევისწავლო, რაღაც დონეზე ვიცი, პრაქტიკასაც საკუთარ სახლში გავდივარ, შეიძლება ითქვას, ალღო ავუღე,“ – ყვება მაგდა.

საოჯახო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული მალხაზის დედა, დარეჯან გორგილაძე. ის თამბაქოს ასხმითაა დაკავებული და ყოველდღიური მუშაობით 71 წლის მოხუცი ოჯახს ეხმარება.

„მახოს მარანში“ ასულ ტურისტებს თამარი ხაჭაპურს, სინორს, ბორანსა და სხვა ადგილობრივ კერძებს უმზადებს. ერთი სტუმრის გამასპინძლების ფასი 25 ლარია, რაშიც შედის სასმელის ღირებულება ვიზიტორს შეუძლია ამ თანხით ადგილზე დასალევად იმდენი ღვინო მოითხოვოს, რამდენიც უნდა.

„კერძების დასამზადებლად მხოლოდ ხორცეულს ვყიდულობ, რძის ნაწარმი და ბოსტნეული ჩემი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების დიდი ნაწილი „კაიმაღს“ მოითხოვს, მე არასდროს მიყიდია, რადგან ბევრი რამე საკუთარ მეურნეობაში გამომყავს, ეს მიტოვებს მოგებას. თუ ბოსტნეული და რძის ნაწარმი ვიყიდე, რაღა მოგება დარჩება? მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში დასვენების დრო არ მაქვს, სულ საქმეში ვარ. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სეზონურია, მოსავალი კიტრით იწყება, გასაყიდი მოგვყავს, მას მოჰყვება თამბაქო და შემდეგ ტურისტული სეზონი იწყება, ყველაზე მეტი შემოსავალი მაინც ტურისტებიდან გვრჩება,“ – ამბობს თამარი.

როგორც მალხაზი გვიყვება, უცხოელ ვიზიტორებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიდგომა: „მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ მოექცე ტურისტებს. ყველას თავისი ხასიათის მიხედვით უნდა მიუდგე. არ არის ეს მარტივი, მაგრამ არც გადაულახავია.“

ოჯახი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. ახლა გორგილაძეები კოტეჯს აშენებენ და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, როგორც მალხაზი ამბობს, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისისთვის კოტეჯი  უკვე დაჯავშნულია.

„ერთოთახიანი იქნება, მაგრამ ერთდროულად ხუთ ადამიანს დაიტევს. კოტეჯის მოთხოვნა ტურისტებისგან წამოვიდა, ამ დროისთვის ერთს ვაშენებ, ვნახავ, როგორ გაამართლებს, თუ გაამართლა, მეორეს და მესამეს შევუმატებ. ეს საცდელია, გეგმის მიხედვით პირველი დამსვენებელი კოტეჯში სექტემბრის ბოლოს უნდა მივიღო, გვყავს ვიზიტორები, რომლებმაც დაკვეთა მოგვცეს და ყურძნის დაკრეფისა და დაწურვის პერიოდში უნდა მოვიდნენ.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი