კვირის ამბები,მთავარი

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში

02.09.2016 • 2422
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში

კანონპროექტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოწვევის პარლამენტმა უარი უთხრა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ მიმართულებით  კანონში ცვლილების საჭიროებას ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ ბათუმის #69 ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბერაძე. ის „ბათუმელებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ხედვებზე ესაუბრა: „ვიცით, რომ ნარკოტიკების შენახვა იქნება ეს, მოხმარება თუ გადაზიდვა, ყველა რგოლი დასჯადია  დღეს. არსებობს საკმაოდ მკაცრი კანონი. ასე დგას საკითხი: ნარკოტიკი და ნარკოდამოკიდებულება განვიხილოთ სისხლის სამართლის დანაშაულად თუ როგორც ავადმყოფობა, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ გადავიდეთ პრაქტიკაზე, როცა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს. მე ვგულისხმობ მოხმარებას და ასევე, მცირე რაოდენობით საკუთარი მოხმარებისთვის შენახვა-შეძენას, ეს რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კანონით დადგენილი. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ პარლამენტში.“

ანალოგიური პოზიცია აქვთ „რესპუბლიკელებს“. პარტიის რეგიონული ლიდერის ზაურ ახვლედიანის განმარტებით, პარტიის პოზიციაა, რომ კანონში შევიდეს ცვლილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით: „ეს არ არის დანაშაულებრივი ქმედება და ამაზე არსებობს სამედიცინო დასკვნები. ამიტომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს.“

„გირჩმა“ პარტიული ორგანიზაციის დამოკიდებულება იმაზე, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა, წინასაარჩევნო კლიპშიც გამოხატა.  ამ მოსაზრების მომხრეა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯემალ ბერიძეც. „ჩემი აზრი პარტიის აზრს ემთხვევა. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ჰოლანდიაში მოხმარება არ არის დასჯადი, მაგრამ ეს პრობლემებს არ ქმნის. თუკი დასჯადი არ იქნება, არ იმუშავებს პრინციპი – აკრძალული ვაშლი გემრიელიაო,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის მოსაზრებით, მარიხუანას მომხმარებლის ციხეში ჩასმა არ არის სწორი. მისი მოსაზრებით ამ მიმართულებით ცვლილება კანონში უნდა შევიდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრიდონ ბრეგვაძე ამბობს, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა მან „ბათუმელებს“ ისიც გაუმხილა, რომ არ გაუხარდება თუ მარიხუანას მოხმარებას მისი შვილიც დაიწყებს:   „ეს არც კრიმინალია და არც არაფერი, მაგრამ ჩემს შვილს არ მივცემდი ამის საშუალებას. მაინც ნარკოტიკია, ჩემი გაგებით. თუმცა მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს. მარიხუანა არც ისეთი მავნეა, ლეგალიზაციაც რომ გააკეთონ და სადმე ბარებში იყოს, კარგიც იქნება, რადგან ჩუმად აღარაფერს გააკეთებენ. პარტიაშიც ასე ფიქრობენ ალბათ, რადგან სწორი ფიქრი ეს არის.“

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე. ის მიიჩნევს, რომ შესაცვლელია მიდგომები, რითაც სახელმწიფო ნარკოტიკების მომხმარებლებს ებრძვის: „ის შეურაცხმყოფელი მიდგომები და რაც მოხდა სამტრედიაში [დემურ სტურუას თვითმკვლელობა. სტურუამ, სიკვდილის წინ დაწერილი წერილის თანახმად, პოლიციელის ზეწოლის გამო მოიკლა თავი. პოლიციელი რომას მარიხუანას მომხმარებლების დასახელებას აიძულებდა], თუ ეს მართლა ასე იყო, დაუშვებელია. მომხმარებელი არ უნდა დავაკავოთ, მაგრამ უნდა იყოს სხვა სახის ჯარიმები და შეზღუდვები, რაც მოხმარების წახალისებას შეუშლის ხელს,“ – მიიჩნევს „კონსერვატორების“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი.

„ეროვნული ფორუმის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ანანიძე ამ მხრივ კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია პარტიაში სხვაგვარადაც ფიქრობდნენ:

„თუ ჩვენ  შევალთ პარლამენტში, ეს თემა პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი იქნება. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, საქართველოში ამის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ ფაქტობრივად დანაშაულისკენ ვუბიძგებთ ამ ხალხს, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნები. მე მაქვს სასამართლოში და პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება და ვიცი საით მიდის ეს ყველაფერი. ნორმალურმა ერმა ეს არ უნდა დაუშვას, მითუმეტეს საქართველოში  როცა ტყეებშიც კი არის ეს ბალახი. ეს ახალგაზრდებს გადაიყვანს კიდევ სხვა ტიპის ნარკოტიკების მოხმარებისკენ და საქართველოში კრიმინალი გაიზრდება,“ – ამბობს დავით ანანიძე.

2015 წლის მარტში საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა  დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების განსახორციელებლად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა კანონპროექტი 47 ხმით 21-ის წინააღმდეგ ჩავარდა. პარლამენტმა მხარი არც მისგან გამომდინარე ცვლილებებს დაუჭირა მხარი. კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე 36 ხმით 17-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მოხმარება ისჯება 500-ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: