კვირის ამბები,მთავარი

„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

02.09.2016 • 1455
„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს

„იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, ბებიაც,“ – ასე აღწერა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის პირისპირ მყოფმა სოფო ზ.-მ საკუთარ დედაზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ამბავი. გოგონამ ისტორიის მოყოლა რამდენჯერმე შეწყვიტა მორეული ცრემლის გამო.

გამოძიება ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ თემურ ზ.-ს, ასევე მასთან ერთად მცხოვრებ დას და დედას ოჯახში ძალადობას ედავება, რომელიც არაერთგზის განხორციელდა ჯგუფურად მცირეწლოვნის თანდასწრებით. დაზარალებული ქალი თემურის ყოფილი ცოლია, რომელსაც ის რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად გაშორდა. განქორწინების შემდეგ ისინი საერთო საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. დედამ ორ შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება, სახლის მეორე მხარეს კი, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და მული დარჩა. რამდენიმე მოწმის ჩვენების მიხედვით, ოჯახში კონფლიქტები მას შემდეგ გააქტიურდა, როცა თემურმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად – საკუთარი გათხოვილი შვილის მული.

„ასე იყო. მეც მინდოდა სცოდნოდა ლიკა კ.-ს ვის მიყვებოდა ცოლად. ლიკა ჩემი მულია. მასთან დაოჯახდა მამაჩემი,“ – უთხრა სოფო ზ.-მ მოსამართლეს. მისი თქმით, მამა, ბებია და მამიდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემას ხელოვნურად უქმნიდნენ დედას, რომ მას სახლი დაეტოვებინა და წასულიყო.

საკუთარი მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სასამართლოს სოფოს ძმამაც, რომელიც სავარაუდო ძალადობის დროს მცირეწლოვანი იყო. გოგიტა ზ.-მ დის მსგავსად თქვა, რომ მამასთან ერთად დედას ბებია და მამიდაც სცემდნენ: „მე გაშველებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა…“

„ეს იყო ბევრჯერ… პოლიცია ვინ იცის, რამდენჯერ გამოვიძახეთ, მაგრამ არ გვაქცევდნენ ყურადღებას. ბოლოს თოვლში რომ სცემეს დედაჩემი და სასწრაფოს გამოძახება დარჩა საჭირო, მერე აღიძრა საქმე,“ – თქვა სოფო ზ.-მ. მას ჩვენების მიცემის დროს აღელვებულმა მამიდამ დაფიცება სთხოვა იმის დასადასტურებლად, რომ ის დედამისს ნამდვილად სცემდა. მოსამართლემ ბრალდებულს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამ დროს გოგონა კიდევ ერთხელ ატირდა.

„აშკარაა, რომ კონფლიქტი უკავშირდება ბრალდებულის მიერ ახალი ოჯახის შექმნას და ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. იგივე და-ძმას არ ახსოვთ ზუსტად დღის რომელ მონაკვეთში მოხდა ძალადობა, როცა ისინი თოვლში ცემას აღწერენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. დაკითხვის დასრულებისთანავე მოწმედ დაკითხულმა და-ძმამ სასამართლო დარბაზი დატოვა.

პროკურატურა სამივე ბრალდებულს  ოჯახში ძალადობას  ორ ეპიზოდში ედავება. რა ნახეს ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა – ამას ისინი მოსამართლეს შემდეგ სხდომაზე მოუყვებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თითოეული ბრალდებული დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით – ერთიდან სამ წლამდე.

ძალადობა

ბრალდებულები ადვოკატთან ერთად სასამართლო პროცესის შემდეგ / ფოტო: ჯაბა ანანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: