კვირის ამბები,მთავარი

საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით

01.09.2016 • 2632
საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით

გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი არჩევნებიდან“.

„ცესკოს გამოცდები გასულ წელს ჩავაბარე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ უარს მეტყოდნენ, რადგან სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე ძალიან ცოტაა,“ – გვიყვება დავით ფარტენაძე. მას საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს 2012 წლიდან. დავით ფარტენაძეს ბათუმის #62 საარჩევნო უბანში სურდა დასაქმება. აქ „პროფესიული ნიშნით“ შერჩეულ ადამიანებს სერტიფიცირება არ გაუვლიათ. საარჩევნო კანონმდებლობის საკვალიფიკაციო გამოცდა ცესკოში ტარდება. სერტიფიკატი აუცილებელი მოთხოვნაა საარჩევნო ოლქის ან ცესკოს წევრობისთვის.

„სერტიფიკატი არაა გადამწყვეტი, არაა აუცილებელი კანონის მიხედვით,“ – გვითხრა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი ბერიძემ. მან ვერ განმარტა, რა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს უბნის ის წევრები, რომელთა მიმართ მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი უნდა იყოს: „იცით, როგორ არის? სერტიფიკატი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რომ დაუსვა კითხვა, ვერ გიპასუხებს. დაზეპირებული აქვს და იმიტომ. ბევრ სერტიფიცირებულს სჯობია უშუალოდ არჩევნებში გამოცდილი ადამიანი… მე ვიძახდი, რომ გამოცდილებისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ზოგი ამბობდა, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, არ გვინდა სულ ერთი და იგივე სახეებიო. მოკლედ, ერთიან კრიტერიუმებზე ვერ შევთანხმდით“.

სერტიფიცირებულ საარჩევნო მოხელეს მხარი არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“  წევრმა ბათუმის ოლქში მზია მჟავანაძემ გვითხრა, რომ მისთვის კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყო და სერტიფიკატის ქონა. მას კონკრეტულ უბანზე ვკითხეთ, სადაც სერტიფიცირებულს მან ხმა არ მისცა. „ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა. ალბათ მექანიკურად გამომეპარა. ახლა ამას ძალიან ვნანობ,“ – გვითხრა მზია მჟავანაძემ.

სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები არც ქობულეთის ოლქში შეურჩევიათ. ირაკლი ბერიძე, ოლქის თავმჯდომარის მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიას ინფორმაციაც არ ჰქონია, რომელიმე კონკურსანტს ჰქონდა თუ არა სერტიფიკატი: „მომხრე ვარ, რომ ამის მიხედვით გაკეთდეს არჩევანი. შესაძლებელია, ეს იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც ამა თუ იმ პირზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. სამწუხაროდ კონკურსში მონაწილეობის ის ფორმა, რომელიც ცესკოს მიერ არის შემუშავებული და რომელსაც ავსებს საუბნო კომისიის წევრობის მსურველი, ამ კითხვას არ ითვალისწინებს. განაცხადებში არსადაა აღნიშნული, ფლობს თუ არა პიროვნება საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატს“.

თუკი ცესკო არის ორიენტირებული პროფესიონალი კადრების შერჩევაზე, რატომ არ ითვალისწინებს კონკურსში მონაწილეობის ბლანკი ინფორმაციას სერტიფიცირების შესახებ? – კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონმდებლობა არ სთხოვს საუბნო კომისიის წევრს სერტიფიკატს, ხოლო ოლქის წევრებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულების მიხედვით ჯერ ინდივიდუალურად იმსჯელონ კანდიდატებზე, შემდეგ კი ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ. „შესაძლოა, ოლქის წევრებმა ჩათვალეს, რომ გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორიული გამოცდის ჩაბარება. კანონი სერტიფიცირებულს უპირატეს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს. სერტიფიკატის არქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნაკლებად კვალიფიციურია,“ – ამბობს ანა მიქელაძე. მან ვერ დაგვისახელა კანონის ნორმა, რომელიც აუკრძალავდა ცესკოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შევსებულ ბლანკში ჩაწეროს პირმა, მას ჩაბარებული აქვს თუ არა საარჩევნო გამოცდა, ან რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი, თუკი ოლქის წევრი არჩევანს სერტიფიცირებულის სასარგებლოდ მიიღებს. ცესკოში ვერ ხედავენ პრობლემას იმ კუთხით, რომ ცესკოშივე ჩაბარებული გამოცდების შემდეგ, ადამიანები საარჩევნო ადმინისტრაციების მიღმა რჩებიან.

ცესკოს მსგავსი პოზიცია დაგვიფიქსირეს „ქართულ ოცნებაშიც“: „სულ ერთი და იგივე ხალხი საქმდება უბნებზე. რა გამოდის, იქნებ ნაციონალების ინტერესებს გაატარებს მაშინ ეს ხალხი. ამოსავალი არის გამოცდილება. მათ უკვე იციან კარგად საარჩევნო პროცედურები და ალბათ, ამაზე გაკეთდა არჩევანი, არ ვიცი,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა პარტია ქართული ოცნებიდან“, ალესანდრე ჩიტიშვილმა.

„საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით. ეს ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. ის სერიოზულ რისკს ხედავს, როცა საუბნო კომისიის დამოუკიდებელ წევრს ოლქი გაურკვეველი კრიტერიუმებით და გაუმჭვირვალედ ირჩევს: „ეს ხალხი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური იმისთვის, რომ იყვნენ ორიენტირებული კანონის შესრულებაზე და არა პარტიულ ინტერესებზე. როცა ნეიტრალურობა პრობლემაა, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები ვერ იქნება ობიექტური.“

მადონა ბერიძე „წინასწარ სიებზეც“ გვესაუბრა. მან აჭარის რამდენიმე ოლქის მონაცემი დაგვისახელა, სადაც კენჭისყრაზე საუბნო კომისიის ექვსი წევრის შესარჩევ ბლანკში ოლქის წევრებმა სახელები და გვარები „წინასწარი სიიდან“ გადააკოპირეს: „იმიტომ, რომ ოლქი ასობით განაცხადს განიხილავს, „წინასწარ სიებით“ ხელმძღვანელობა პრობლემა არ არის, მაგრამ ოლქის თითოეულმა წევრმა უნდა განიხილოს საერთო სხდომამდე თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად და უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, რაზეც ოლქი თანხმდება გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ შემთხვევაში თითქმის ყველა ოლქში დაფიქსირდა ტენდენცია, როცა არსებობდა წინასწარი სიები და იქედან გადაწერეს პირდაპირ ექვსეული. ახალი ამაში არაფერია, მაგრამ იგივე წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, გრძელი სია იყო შედგენილი, არეული იყო სახელები და გვარები, მაგრამ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა შემოეხაზათ. ამჯერად ეს ფარული პოლიტიკური გავლენა აღარავის დაუმალავს… ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში იკვეთება, არის ის, რომ საქმე გვაქვს საოლქო კომისიის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევასთან. აქამდეც კეთდებოდა ამაზე განცხადებები. ცესკოს უნდა გამოეჩინა ნება და მოეძებნა მექანიზმები, რომ ასე არ მომხდარიყო და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულიყო საუბნო კომისიის წევრები. ცესკოგან მარტო იმის მოსმენა, რომ თურმე კანონის შესაბამისობაშია ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არაფერს ცვლის. თავიდან ბოლომდე სიები არ შეგვისწავლია, მაგრამ ჩანს ტენდენცია, რომ აირჩიეს ძირითად შემთხვევებში ის ადამიანები, ვინც წინა არჩევნებზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა. შერჩეულია ისეთი პირებიც, ვისაც წინა არჩევნებზე ჰქონდა გადაცდომა და მიღებული აქვს საყვედური“.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ოლქში? – „ბათუმელები“ ბათუმის 79-ე ოლქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაეცნო. გამოჩნდა, რომ საუბნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები დიდი უმრავლესობითაა არჩეული. კონკურსში სულ 1490 განაცხადი შევიდა, საიდანაც ოლქმა 714 წევრი შეარჩია. შერჩეული წევრების დიდ ნაწილს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმაც“.

პეტრე ზამბახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ფაქტია, რომ წინასწარ მიწოდებულ სიებს დაუჭირა მხარი ამ ოპოზიციურმა პარტიებმაც.  როგორ შეიძლება ინდივიდუალურად გაკეთებული არჩევანი დაემთხვეს „ქართული ოცნების“ არჩევანს, თან 700 შემთხვევაში, ეს დაუჯერებელია. ჩემი ინფორმაციით, ისინი გაურიგდნენ მმართველ ძალას იმიტომ, რომ საკუთარი აქტივისტები და ახლობლებიც ჩაესვათ საუბნო კომისიებში.“

„გარიგებას“ გამორიცხავენ როგორც „რესპუბლიკურ პარტიაში“, ასევე „თავისუფალ დემოკრატებში“, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ შეიძლება დაემთხვეს ასეულობით შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის არჩევანი მმართველი პარტიისას. „არ ვიცი, ალბათ დაემთხვა. წინასწარი სიები არ არსებობდა. მე არჩევანი გამოცდილების მიხედვით გავაკეთე,“ – გვითხრა სოფიო დიასამიძემ. ის ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრია „რესპუბლიკური პარტიიდან“.

„წინასწარ „შპარგალკა“ არ მქონია, ღმერთის წინაშე დავიფიცებ ამას. საარჩევნო სკოლა დამთავრებული ვინც იყო, ისინი შემოვხაზე მე. ათიდან ექვსი როცაა ასარჩევი, რაღაც ბუნებრივია დაემთხვევა,“ – ეს მზია მჟავანაძემ გვითხრა, ბათუმის ოლქის წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“. ამ პარტიაში გვითხრეს, რომ მათ წინასწარი სია ბათუმში არ უნახავთ: „ჩვენ გავაპროტესტეთ წინასწარი სია იქ, სადაც ეს კონკრეტულად ვნახეთ. პირველად ჩვენმა წარმომადგენელმა ქობულეთში, სალომე ზაქარიაძემ ნახა ეს სია და გაასაჯაროვა. დიდი ალბათობით, ბათუმშიც იქნებოდა წინასწარი სია,“ – ამბობს კობა ჩხეიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ოპოზიციური პატიების მხარდაჭერის გარეშეც, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო სასურველი პირების შეყვანა საუბნო კომისიებში – ოლქის დამოუკიდებელი ექვსი წევრის არჩევანი [ოლქების შემთხვევაშიც, დეკლარირებულად ასევე „პროფესიონალიზმისა“ და „პოლიტიკური ნეიტრალობის“ ნიშნით შეარჩიეს დამოუკიდებელი ექვსი წევრი] საუბნო კომისიის წევრების არჩევის დროს, ძირითადად მმართველი პოლიტიკური პარტიის არჩევანს დაემთხვა. 6+1 კი უკვე უმრავლესობაა საოლქო კომისიაში.

„რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ კვლევა, როგორ შეირჩნენ საოლქო კომისიის დამოუკიდებელი წევრები. გამოიკვეთა ისეთი წევრების შერჩევა, რომლებიც წინა არჩევნებზე მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. საერთოდ გაურკვეველი დარჩა რის საფუძველზე შეარჩია ცესკომ ეს წევრები, რადგან პოლიტიკური ბეგრაუნდი არავის მოუკითხავს,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ „სამართლიანი არჩევნებიდან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: