ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა  ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი წელი ემზადებოდა, თუმცა, ინფორმაცია, თუ რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი კონკრეტულად, ფონდისგან ვერ მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით ყველა პროექტი თუ რეკომენდაცია, რაც 2013 წლამდე არსებობდა, ხელახლა გადამუშავდა ახალ პროექტად და გარკვეული დეტალები სამუშაოების მწარმოებელთან დადებულ ხელშეკრულებაშიც გაიწერება.

ფონდის ინფორმაციით, ბათუმის ნაპირგამაგრების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა სანაპირო ზოლის სამხრეთ ნაწილში, 1,8 კმ-ზე, პლაჟზე გადასასვლელი კიბეებით [ადრე საუბარი იყო სულ ცოტა 7 კმ მანძილის გამაგრებაზე – ანბანის კოშკიდან დაახლოებით მდინარე ჭოროხამდე]; ნატანის რეცირკულაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ; მდინარე ჭოროხის შესწავლა და მონიტორინგი მშენებლობის პერიოდში და ნატანის გადატუმბვა. სამუშაოები კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 600 დღეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 ივლისს დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. გამარჯვებული დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოვლინდეს.

„სამუშაოები, ზოგადად საკურორტო ზოლში, ხორციელდება ოქტომბრიდან-მაისამდე პერიოდში, რათა სეზონს ხელი არ შეეშალოს. შესაბამისად, გამარჯვებული როცა გამოვლინდება და ყველა დეტალი დაზუსტდება, სამუშაოები ოქტომბრამდე მაინც ვერ დაიწყება,“ – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში.

ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ბათუმში აზიის განვითარების ბანკისგან [ADB] მიღებული სესხით უნდა განხორციელდეს. სესხი საქართველოს მთავრობამ მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის – მეოთხე ტრანშით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად მიიღო. სწორედ ამ სესხის ნაწილი იქნება გამოყენებული  ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, `გამაგრებითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დაიწყება. ამ პროექტისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი“.

DSCN1776

ახალი ბულვარი მორიგი შტორმის შემდეგ / ფოტო: როინ გუნდაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com