კვირის ამბები,მთავარი

ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

20.08.2016 • 3403
ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და ჩხრეკის ოქმი საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა“, – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კობა კვირიკაძეს, რომელიც უკვე ადვოკატის გვერდით იჯდა.

ბოლო სხდომაზე, გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლეს ბრალდებულმა მოწმის სახით მისცა ჩვენება. მოყვა, როგორ მიდიოდა თამარის დასახლებაში ტაქსით ბავშვის ნათლიასთან, საიდანაც ცოლი და შვილი უნდა წამოეყვანა: „გზაში შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ. როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, მოვიდა დაახლოებით 10-მდე პოლიციელი, ხელები უკან დამაწყობინეს და ჩხრეკა დამიწყეს…“

IMG_0011კობა კვირიკაძე არ არის პირველი, ვინც ირწმუნება, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი ჩაუდეს. „არ ვიცი, რა იყო პოლიციელების მოტივაცია. ნასამართლევი ვარ ორჯერ სხვა დანაშაულისთვის და ალბათ, სტატისტიკისთვის ვჭირდებოდი, ვითომ დამნაშავე დამიჭირეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კობა კვირიკაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. ის პირველია, ვის შემთხვევაზე გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნამ პოლიციელთა ჩვენებები ეჭვქვეშ დააყენა. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე დღემდე არაერთი პირი გასამართლებულა იმავე ბრალდებისთვის – ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის. გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა, ადვოკატ რამინ პაპიძის თქმით, საკმაოდ ძვირი ჯდება და მას აქამდე დაცვის მხარე ვერ ატარებდა. ამ შემთხვევაში, ექპერტიზა პროკურატურამ დანიშნა.

„ვფიქრობ, ზედამხედველი პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე შეცდომაში შეიყვანეს და მასაც შეეპარა ეჭვი პოლიციელების ჩვენებებში, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი იყო,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ამ საქმეში ჩვენება სასამართლოს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციელებმა მისცეს: დიმიტრი ცინცაძემ, არჩილ სურმანიძემ და გიორგი მჟავანაძემ. ადვოკატი ფიქრობს, რომ პოლიციელები არ ელოდნენ, საქმეზე ექსპერტიზა თუ ჩაინიშნებოდა:

„ერთმა პოლიციელმა თქვა, როცა მოვდიოდით თამარის დასახლებიდან, მაშინ დავაკავეთ ბრალდებულიო. მეორემ თქვა, თამარის დასახლებაში როცა შევედით და რკინიგზა გადავკვეთეთ, იქ გავჩხრიკეთ და დავაკავეთო. გენეტიკური პროფილის ექსპერტიზა დაახლოებით 5 ათასი ლარი ჯდება და ამას აქამდე ვერ ითხოვდა დაცვის მხარე. წინა წლებში ნდობაც არ იყო ექსპერტიზის მიმართ… მიმაჩნია, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა დავით მამისეიშვილმა. ამ მიდგომით ახალი სტანდარტი მკვიდრდება. პროკურატურას მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და ჩხრეკის ოქმი ვეღარ უშველის“.

გამოძიების ვერსიის მიხედვით, კობა კვირიკაძემ შეიძინა ნარკოტიკის ორი შეფუთვა და ინახავდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამავე ვერსიის თანახმად, იმ საღამოს,  როცა ის გაჩხრიკეს, კვირიკაძეს სხვა პირისთვის უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალებები. გენეტიკური პროფილის მიხედვით, ნარკოტიკები შეფუთვაზე საერთოდ არ აღინიშნა კობა კვირიკაძის თითის ანაბეჭდი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეფუთვაზე ათი სხვადასხვა პირის ანაბეჭდი დაფიქსირდა. დასკვნით სიტყვაში მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ უთხრა ისიც, რომ თუკი ბრალდებული ხელთათმანით მოქმედებდა, ამის მტკიცებულებაც პროკურატურას უნდა წარმოედგინა.

„გამამართლებელი გადაწყვეტილება უდავოდ დადებითი მოვლენაა, რადგან ამით იცვლება პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დადგენილი,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი:

„სისხლის სამართლის საქმეების დიდი წილი ხშირად აგებულია პოლიციელთა ჩვენებებზე და წლების განმავლობაში პოლიციელთა ჩვენებას სასამართლოები უტყუარად იზიარებდნენ, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად. ამიტომ პროკურატურა სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე თავს არ იწუხებდა, მაშინ, როდესაც არაერთი ბრალდებული საუბრობდა მის მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ჩადების ფაქტზე. იმისათვის, რომ ყველა საეჭვო კითხვაზე დასაბუთებული პასუხი არსებობდეს, საჭიროა პროკურატურამ გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ და სრულად. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტი იმისა, რომ პროკურატურამ მომავალში ეფექტურად წარმართოს გამოძიება და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების იმედად არ იყოს,

რომელთა უტყუარობა ხშირად დგას ხოლმე ეჭვის ქვეშ. რა თქმა უნდა, მომავალში ყველა იმ ნარკოტიკულ დანაშაულზე, რომელზეც ბრალდებული მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას, პროკურატურა ვალდებული იქნება დანიშნოს ექსპერტიზა, რადგან ამის მაგალითი უკვე გვაქვს. შესაბამისად, ამ პრაქტიკის დანერგვა უნდა მოხდეს მომავალში, რათა ამით ჩვენ არ მივიღოთ შერჩევითი მართლმსაჯულება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: