კვირის ამბები,მთავარი

2,1-მილიონიანი ტენდერი ვაჭრობის გარეშე – რაზეა დამოკიდებული ბათუმში სტადიონის მშენებლობა

16.08.2016 • 2581
2,1-მილიონიანი ტენდერი ვაჭრობის გარეშე – რაზეა დამოკიდებული ბათუმში სტადიონის მშენებლობა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა შპს „სტადიონი“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ტენდერს არ აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის გამოვლენას ელოდებიან, რისთვისაც ცალკე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა – ამჯერად, შეცვლილი პირობებითა და  ახალი წესით, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის ანუ ვაჭრობის გარეშე.

„ტენდერი აუქციონის გარეშე ახალი სერვისია. სავალდებულო არ არის, მაგრამ ეს წესი შევარჩიეთ იმიტომ, რომ რეალურმა კომპანიამ გაიმარჯვოს. ხშირად კომპანიები, ტენდერი რომ მოიგონ, ვაჭრობისას იმდენად ამცირებენ თანხას, რომ შემდეგ იმ თანხაში ვეღარ ასრულებენ შეკვეთას. ეს კი ხშირად ქმნის პრობლემებს. გვინდა არ იყოს ასეთი ფასების უაზროდ დაგდება და შევარჩიოთ ისეთი კომპანია, რომლისგანაც მივიღებთ ხარისხიან მომსახურებას,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ შპს „სტადიონის“ დირექტორმა, გიორგი ზირაქაშვილმა. მისივე თქმით, ახალი წესით, გამოირიცხება კომპანიებს შორის გარიგებაც, რასაც „ოფიციალურად არავინ ამბობდა, მაგრამ ამის ეჭვი ყოველთვის არსებობდა“.

ახალი წესის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიები ერთმანეთის მიერ დადებულ ფასს ვერ ხედავენ. არც ის ჩანს, თუ რომელი კომპანიები მონაწილეობენ. ყველა თავის ფასს სთავაზობს [ისე, რომ არ იცის პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასი] და ამ ფასის დაკლება მხოლოდ ერთხელ შეუძლია, ერთი ბიჯით. ის, ვის მიერ შეთავაზებული ფასიც ყველაზე დაბალი აღმოჩნდება, გამოჩნდება ტენდერის ბოლოს და თუ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს, იმარჯვებს კიდეც.

წესი, რომელიც ითვალისწინებს ტენდერის გამოცხადებას ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ამასთან, დამატებითი რაუნდების გარეშე, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა.

ბათუმში სტადიონის „სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერი მეოთხედ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოცხადდა.

სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება ტექნიკურ ზედამხედველს – ის მშენებლობის პროცესის ზედამხედველობაში, სამი წლის განმავლობაში, 2 მილიონ 100 ათასამდე ლარს მიიღებს. სწორედ ამ თანხაზეა გამოცხადებული ტენდერი.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია სპეციალისტების გამოცდილების შესახებ ანალოგიური ტიპის სამუშაოებში. აქ იგულისხმება „ანალოგიური სირთულის სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ზედამხედველობა, როგორიცაა: სტადიონი ან სპორტული თამაშობებისთვის განკუთვნილი ღია ან დახურული ტიპის ობიექტი, საკონცერტო დარბაზი, თეატრი, კინოთეატრი და სხვა მსგავსი ობიექტი, რომლის მშენებლობის ღირებულება აღემატება 10 მილიონ ლარს, ხოლო მაყურებლებისათვის განკუთვნილი ადგილები [დასაჯდომი] აღემატება შვიდი ათასს“.

შესყიდვების გვერდზე უკვე გაჩნდა მიმწოდებელთა შეკითხვები, თუ „რა მოსაზრებით იქნა ამოღებული სატენდერო მოთხოვნებიდან პრეტენდენტის გამოცდილება, მაშინ როდესაც საქმე გვაქვს მაღალი რისკის შემცველ, მე-5 კლასის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან?“; „რატომ შერბილდა სატენდერო მოთხოვნები, მაშინ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს პირიქით, მე-4 და მე-5 კლასის ობიექტების მიმართ აქვთ განსხვავებული, უფრო მაღალი მოთხოვნები როგორც ნებართვის გაცემისას, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროს?“; რა პრინციპით განისაზღვრა მოთხოვნილი 7000 დასაჯდომი ადგილი მაშინ, როდესაც საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენებული ასეთი ნაგებობა იძებნება მხოლოდ ერთი? [ასეთ შემთხვევაში ირღვევა კანონით განსაზღვრული ჯანსაღი კონკურენციის პრინციპი]“ – 9 აგვისტოს დასმულ ამ შეკითხვებს პასუხი სატენდერო კომისიამ 16 აგვისტოს გასცა: „სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამოცდილებასთან დაკავშირებით უპირატესობა მიენიჭა კომპანიაში დასაქმებული კადრების გამოცდილებას, შესაბამისად სატენდერო მოთხოვნები შეიცვალა და არ შერბილდა. სამშენებლო ობიექტის მაშსტაბურობიდან და მისი სირთულეებიდან გამომდინარე განისაზღვრა აღნიშნული მოთხოვნა – 7 ათასი დასაჯდომი ადგილი. 

„პირველად როცა გამოცხადდა და არავინ მიიღო მონაწილეობა, ეს დავაბრალეთ იმას, რომ საქმის კურსში არ იყო ხალხი და შეიძლება ვერ ნახეს; მეორედ გამოვაცხადეთ ტენდერი და ვერ დააკმაყოფილა პირობები ვერც ერთმა კომპანიამ. მესამედ როცა გამოვაცხადეთ, გაასაჩვრა ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოში და მოტივად დადო ის გარემოება, რომ მთავარია თანამშრომლების გამოცდილება და არა ფირმის გამოცდილება. სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოგვცა რეკომენდაცია, გადაგვეხედა სატენდერო პირობებისთვის და ყურადღება როგორც კომპანიის, ასევე თანამშრომლების გამოცდილებაზე  გაგვემახვილებინა,“ – აცხადებენ შპს „სტადიონში“.

გიორგი ზირაქაშვილის თქმით, სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, როგორც კი ტექნიკურ ზედამხედველს გამოავლენენ. კითხვაზე, რატომ დაიწყო „რესპუბლიკური საავადმყოფოს~ მშენებლობა მაშინ, როცა ზედამხედველი ამ შემთხვევაში დღემდე არ არის გამოვლენილი? – „სტადიონის“ დირექტორი პასუხობს: „საავადმყოფოს შემთხვევაში გვყავს თანამშრომელი ინჟინერი და მისი ზედამხედველობით კეთდება ყველაფერი. როცა ტენდერით გამოვლინდება სხვა, ის გადაიბარებს ზედამხედველობას. აქაც გვინდოდა თავიდანვე ყოფილიყო ზედამხედველი ჩართული, თუმცა სამჯერ ჩაგვივარდა ტენდერი… საქმეს ხომ არ გავაფუჭებდით და ავიყვანეთ ინჟინერი“.

შპს „სტადიონი“ სწორედ საავადმყოფოსა და სტადიონის ასაშენებლად შეიქმნა. საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობის შესყიდვაზეც, ახალი წესით ტენდერი მეოთხედაა გამოცხადებული, თანხით – 750 ათასი ლარი. შენობის ფუნდამენტი კი უკვე ჩასხმულია და პირველი-მეორე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს.

გამოცხადდება თუ არა სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, თუ მეოთხე ცდაზეც ვერ გამოვლინდა ზედამხედველი? – შპს „სტადიონში“ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ: „ზუსტად არ ვიცით, ზემდგომთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გავდივართ კონსულტაციებს. სხვა მხრივ ყველა სახის ნებართვა, მათ შორის მშენებლობის, უკვე გვაქვს“.

სტადიონის ზედამხედველობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 16 აგვისტოს დასრულდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: