ბრიკეტი – შეშის ალტერნატივა

„მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია“

„ოჯახებში მივიტანეთ და გამოვცადეთ ბრიკეტები – 15-20 წუთში ორი ჩაიდანი წყალი აადუღა“, – ყვება მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი გიორგი ქურიძე. იგი ბიომასის ბრიკეტებზე საუბრობს, დაპრესილ ბიოსაწვავზე, რომელიც სატყეო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისაგან მზადდება, გამოირჩევა მაღალი თბოუნარიანობით და რაც მთავარია, საშეშე მერქნისგან განსხვავებით გარემოს დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლით. ბიომასის ბრიკეტები მოსახერხებელია საქართველოში გავრცელებული ნებისმიერი ტიპის შეშის ღუმელისათვის, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შეშის ჩასანაცვლებლად, თუმცა ძვირი.

გიორგი ქურიძემ ბრიკეტები ოჯახებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ერთობლივი პროექტის – „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ – ფარგლებში გამოსცადა. როგორც პროექტის მენეჯერმა, ირაკლი გორაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაცული ტერიტორიების მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ პროექტი ახორციელებს კვლევას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში შეშის ალტერნატიული საწვავის გამოვლენა და ტესტირება.

მას შემდეგ, რაც მაჭახელას ეროვნულ პარკს სტატუსი მიენიჭა, ხე-ტყის მოხმარებაზე კონტროლიც გამკაცრდა. პარკის დირექტორის თქმით, ადრე ხეობაში რამდენიმე ოჯახი ხე-ტყის ბიზნესს ეწეოდა: „ვისაც დიდი მანქანები ჰყავდათ, გაჰქონდათ ხე-ტყე, სხვები კი, ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, სარგებელსაც ვერ ნახულობდნენ. შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ გაფრთხილება სჭირდება ამ რესურსს და თავად მოსახლეობაც რეაგირებს დარღვევების შემთხვევაში. ახლა ცდილობენ ტურისტული ბიზნესების დაწყებას და სხვა კუთხით უდგებიან ყველაფერს“.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ბრიკეტების შესახებ. კვლევას ენერგოეფექტურობის ცენტრი ატარებს. ზოგიერთ ოჯახში რამდენიმე ცალი დატოვეს კიდევაც და ძალიან მოეწონათ. ბრიკეტები უფრო დიდხანს იწვის და მეტად თბოუნარიანია. ასევე თავისი ფორმითა და ზომით უფრო მოსახერხებელიც“, – ამბობს პროექტის – „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ – მენეჯერი ირაკლი გორაძე.

სოფელ აჭარის აღმართის მკვიდრი მერაბ მოფინაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვის ოჯახშიც მოხდა ბრიკეტების ტესტირება: „სწორედ ახლა მეზობლებთან ერთად განვიხილავდით ამ საკითხს. ძალიან კარგია და მოგვწონს, მაგრამ მთავარი პრობლემა ფასია. როგორც გვითხრეს, ერთი ტონა 500 ლარი ღირს, ერთ ოჯახს კი ზამთარში ორი ტონა სჭირდება. ამდენი ფული ჩვენ საიდან უნდა მოვიტანოთ. ვნახოთ, თუ რამე დაფინანსება იქნება, შეიძლება ამაზე ფიქრი. თორემ სხვა ყველაფერში მოგვეწონა“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში და დასძენს, რომ შეშის მოტანა და მომარაგება ოჯახს ზამთრისთვის დაახლოებით 400-მდე ლარი უჯდება.

„ბათუმელების“ შეკითხვას, ღირს თუ არა დამატებითი ხარჯი, თუ კი ეს ამცირებს შეშის მოპოვებასთან დაკავშირებულ რისკებს და ფიზიკურ სამუშაოს, როგორიცაა ხის მოჭრა, დაჩეხვა, ტრანსპორტირება და ა.შ. მერაბ მოფინაძე პასუხობს, რომ სოფლის მოსახლეობისთვის იმ რისკების კონტროლი, რაც ხე-ტყის მოპოვებისას ფიზიკურად დგება, უცხო არ არის და ფასის განსხვავება ამად არ ღირს.

ფასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციას ირაკლი გორაძეც ფლობს. მისი თქმით, ამ ზამთარში ერთჯერადად შეირჩევა რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც თანადაფინანსებით შეეძლება ბრიკეტების შეძენა და მისი პრაქტიკაში გამოყენება: „ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და მოლაპარაკებები. ჩვენ აგვისტოს ბოლოსთვის გვეცოდინება ზუსტად, თუ რამდენ ოჯახს შეეძლება ტესტირებაში მონაწილეობა და რამდენი იქნება პროექტის თანადაფინანსება. ეს მსურველებზეცაა დამოკიდებული. ზუსტ რიცხვს ვერ დავასახელებ, თუმცა დაახლოებით საუბარია 50%-იან თანადაფინანსებაზე“, – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ მაღალი ფასები ბიოსაწვავის ამ სახეობაზე იმითაცაა განპირობებული, რომ დამამზადებელი პუნქტები აჭარაში არ არის. თუმცა ირაკლი გორაძე ასევე აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ფასები შესაძლოა შემცირდეს, თუ კი მოხდება ბიომასის საწვავის წარმოებით ბიზნესის დაინტერესება.

„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით და არ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მთლიანად ჩავანაცვლოთ შეშის გამოყენება, მაგრამ ვცდილობთ შევამციროთ მაინც. შესაძლოა მუნიციპალიტეტები დაინტერესდნენ და ვთქვათ, მუნიციპალური შენობები გადავიდეს ბიოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებაზე, ან მოსახლეობასაც შესთავაზოს თანადაფინანსება. ყველაფერს ამ ზამთრის ტესტირების შედეგები გვაჩვენებს“, – ამბობს ირაკლი გორაძე.
როგორც ირაკლი გორაძემ თქვა, აჭარაში მოსახლეობის მიერ ბრიკეტების საყოფაცხოვრებო საქმიანობაში გამოყენების მაგალითი არ არსებობს. გათბობის ამ საშუალებას მხოლოდ სურსათის ეროვნული ცენტრის რეგიონულ – ქედის, შუახევისა და ხულოს ოფისებში იყენებენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს მიღებული დირექტივები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან