კვირის ამბები,მთავარი

რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს

10.08.2016 • 2031
რას ჰპირდება „გირჩი“ მდიდრებსა და ღარიბებს

სწრაფად გამდიდრება – ეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ მთავარი გზავნილია. „გირჩის“ ბათუმის ოფისში არ მალავენ, რომ ბიზნესია მათი მთავარი აქცენტი, შემდეგ კი: „კაპიტალისტები, ვის ხელშიც მოიყრის ფული, დაეხმარებიან ღარიბებს“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ბათუმის ოფისში შეკრებილების ხედვებს „ბათუმელები“ მანამდე გაეცნო, ვიდრე „გირჩი“ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ და პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად საერთო საარჩევნო ბლოკში გაერთიანდებოდა.

„მოვედი, რადგან მომწონს ბიუროკრატიის 40 პროცენტით შემცირების იდეა. არ გვჭირდება ამდენი საჯარო მოხელე,“ – გვითხრა გოჩა შაინიძემ, რომელიც „გირჩის“ ერთ-ერთი აქტივისტია. რატომ იქნება ეფექტური საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირება და კონკრეტულად რომელ უწყებებს უნდა შეეხოს შემცირებები? – გოჩამ ამ კითხვაზე კონკრეტულად ვერ გვიპასუხა. მას ლიდერების გამოცდილების სჯერა: „ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათია. ის ყოველთვის ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნავს… ამ ლიდერებს ეკუთვნით წარმატებული პოლიციის რეფორმა, იუსტიციის სახლი და კიდევ ბევრი სხვა“. კითხვაზე, რატომ არ შეარჩია „ნაციონალური მოძრაობა“, თუკი წინა ხელისუფლების რეფორმები მოსწონს, მან გვითხრა, რომ „აგრესიული პოლიტიკის დრო უნდა დასრულდეს“. გოჩა შაინიძე „ნაციონალურ მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტია.

„მთავარი შეცდომა წინა ხელისუფლების დროს იყო ფსევდოდემოკრატია ყველაფერში. მე ელჩი ვიყავი და სადღაც უკვე 2005 წლიდან აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი ფსევდო იყო…“ –  ამბობს ტარიელ ლებანიძე. ის „გირჩის“ ბათუმის ოფისის აღმასრულებელი მდივანია და ყოფილი ელჩი თურქეთში, ასევე ბოსნია-ჰერცოგოვინაში. „რატომ ენდობით ადამიანებს, ვინც თქვენთვის „ფსევდოდემოკრატიას“ ქმნიდნენ?“ – ამ კითხვაზე ტარიელ ლებანიძემ გვითხრა, რომ მისთვის მისაღებია ადამიანები, ვინც შეცდომებს გულღიად აღიარებენ, გარდა ამისა: „ზურაბ ჯაფარიძე თუ პავლე კუბლაშვილი არ იყვნენ ლიდერები. ისინი პარტიის წევრი იყვნენ. მე არ მახსოვს პავლე კუბლაშვილი პარტიის სახე ყოფილიყო… მათ არ შეუქმნიათ ფსევდოდემოკრატია“.

„გადასახადების გაუქმებით ჩვენ ვუმსუბუქებთ ბიზნესს არსებობას“, – გვითხრა ჯემალ ბერიძემ, „გირჩის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა. მას პოლიტიკური წარსული არ აქვს. ჰქონდა სამშენებლო ბიზნესი და მუშაობდა არჩილ ხაბაძის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად. 2014 წელს მთავრობამ დეპარტამენტი გააუქმა. მაშინ ჯემალ ბერიძემ საჯაროდ თქვა, რომ გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მურმან დუმბაძის პოლიტიკური გუნდის წევრობა დაუსახელეს: „მურმან დუმბაძემ შემახვედრა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ამას დაუკავშირდა მოსაზრება, რომ მურმან დუმბაძის გუნდის წევრი ვიყავი.“

„გირჩი“ ეტაპობრივად, სამ წელიწადში აპირებს სრულად გააუქმოს საშემოსავლო, მოგებისა და ქონების გადასახადი. „კაპიტალისტური მოდელია ჩვენი შეთავაზება. სხვა გზა არ არსებობს. დავარქვათ ამას თუნდაც „შოკური თერაპია“ ან ბენდუქიძის მოდელი… ბენდუქიძის მოდელმა ვერ იმუშავა, გეთანხმებით, რადგან მთავრობა რაღაც ეტაპზე აყვა მოსახლეობის უკმაყოფილების ტალღას და უკან დაიხია. ბოლომდე პრინციპული რომ ყოფილიყო მაშინდელი მთავრობა, ახლა მოსახლეობა კმაყოფილი იქნებოდა,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.

კახა ბენდუქიძის მსგავსად, იქნება თუ არა „გირჩიც“ აქცენტირებული მსხვილ ბიზნესზე? – ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ არა, თუმცა პარტიის პროგრამებში არ გვხვდება კონკრეტული შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში მთავარი ეკონომიკური დოვლათის შემქმნელია. ჯემალ ბერიძემ გვითხრა ის, რასაც „ოცნება“ ამბობდა წინა არჩევნებზე და ვერ შეასრულა: „მთავრობა იქნება მთავარი გარანტიორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის მიღების დროს. ფაქტია, რომ საშუალო ბიზნესია განვითარებული ქვეყნის ხერხემალი. ამჯერადაც მსხვილი ვითარდება, რადგან ბანკი არ მოდის მხოლოდ მთავრობის ზეპირ დაპირებებზე. მან უნდა დაინახოს რეალური ინტერესი მცირე ბიზნესის მიმართ. ჯერჯერობით ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მცირე ბიზნესი ვერ გახდა“.

„ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოვითხოვთ იმიტომ, რომ შემთხვევით დამალა ბიზნესმენმა გადასახადი თუ სპეციალურად, ამის დადგენა რთული აღმოჩნდა,“ – ამ არგუმენტით ცდილობს ჯემალ ბერიძე ბიზნესისთვის კიდევ ერთი შეღავათის დაწესების გამართლებას. ამბობს, რომ ბიზნესმენს მთავრობის არ უნდა ეშინოდეს და „ეკონომიკური დანაშაულის“ გამო ხშირად ბიზნესმენები წნეხის ქვეშ ექცეოდნენ, თუმცა მან ვერ აგვიხსნა, რატომაა ეს იმის მიზეზი, რომ, მაგალითად, გადასახადების დამალვა დანაშაულად აღარ მიიჩნეოდეს და ბიზნესმენის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგებოდეს.

„გირჩის“ ბათუმის ოფისი

„გირჩის“ ბათუმის ოფისი

„როცა ამდენს სთავაზობთ მდიდრებს, რას სთავაზობთ ღარიბებს?“ – კითხვაზე ჯემალ ბერიძემ გვიპასუხა, რომ კაპიტალისტებს ხელისუფლება სთხოვს და მდიდარი ოჯახები დაეხმარებიან ღარიბებს. „გირჩში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა – ყველას. ჯემალ ბერიძე ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ფული ბიუროკრატიის ხელში არ უნდა რჩებოდეს, რაც სოციალური ფონის გაუმჯობესების მთავარი პირობა გახდება: „ბიზნესის განვითარება თავისთავად ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს. ასევე ვაპირებთ ვაუჩერიზაციის პრინციპის ამოქმედებას, მაგალითად, ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ანბანის კოშკი ბიუჯეტის გასაკეთებელი არ იყო? ჩვენ ამ ტრასნფერებს, რაც ცენტრიდან რეგიონებს უბრუნდება, მივცემთ მოქალაქეებს და ისინი გადაწყვეტენ, რაში დახარჯონ ფული. მათ შეეძლებათ სხვადასხვა აქციის მფლობელები გახდნენ და განავითარონ ბიზნესი. ანალოგიური მიდგომა გვექნება სახელმწიფო ქონებაზეც, რომელიც გაიყიდება და ფული, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, მოქალაქეებს დაურიგდებათ“.

„გირჩში“ უფიქრიათ საზღვაო ფლოტზეც. მიაჩნიათ, რომ თუკი სახელმწიფო იქნება გარანტორი, შესაძლებელია რამდენიმე გემის შეძენა მოახერხოს სანაოსნომ: „თურქეთში, მაგალითად, სახელმწიფო გარანტორია არა მხოლოდ სანაოსნოს, იქ კერძო კომპანიებსაც უდგება თავდებად სახელმწიფო. ამ რესურსის გამოუყენებლობა საქართველოში დანაშაულია,“ – მიაჩნია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ჯემალ ბერიძეს.

5 აგვისტოს „გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. პარტიის ლიდერებმა ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვთ ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებაში, რაც გახდა გაერთიანების მიზეზი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: