კვირის ამბები,მთავარი

„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია 

31.07.2016 • 3235
„მე უკვე მჯერა საკუთარი თავის“ – ოჯახში 13-წლიანი ძალადობის მსხვერპლის ისტორია 

ხულოდან წალკაში მაშინ გადავსახლდით, როცა ზვავმა დაგვინგრია სახლ-კარი. მაშინ მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი. მამაჩემი სოფელში სკოლის დირექტორად დანიშნეს. მე კარგად ვსწავლობდი, სულ წიგნთან მინდოდა ყოფნა. დედაჩემი მიშლიდა, არაა ეგ ქალის საქმე, გათხოვდები, საქმე არ გეცოდინება და მე შემაგინებენო, ასე მეუბნებოდა. გვიან გავაცნობიერე, რომ ძალადობით დაიწყო ჩემი ცხოვრება.

14 წლის ვიყავი, „ელჩები“ როცა მოგვადგნენ. ასე ეძახდნენ მაშინ შუამავლებს. მამაჩემმა მერაბი შეარჩია და მისცა თანხმობა ჩემს მითხოვებაზე, 25 წლის ჩამოყალიბებული კაციაო. დედაჩემი მეუბნებოდა, ქმარს დაუჯერებ და კარგად გაგზრდისო… მერაბი ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა.

ნიშნობის საღამო  მალე შედგა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვაზე ვეღარასდროს გავთხოვდებოდი. მამაჩემმა ნიშნობაზე მერაბის მშობლებს უთხრა, გოგოს ვერ წაიყვანთ, ვიდრე სკოლას არ დაამთავრებს და უნივერსიტეტის პირველ კურსსო. მერაბი თავიდან მომეწონა, კანფეტები მოჰქონდა და სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა. ვერ ვხდებოდი, რასთან მქონდა საქმე. მერე შიში ჩამომიყალიბდა მის მიმართ – სკოლაში ამითვალწუნა, სამხედროს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და შეგნებულად მაღიზიანებდა, დაბალ ნიშნებს მიწერდა, მაკონტროლებდა, საჯაროდ შენიშვნებს მაძლევდა. მახსოვს, პირველად რომ შარვლით მივედი სკოლაში, ეგ რა გაცვიაო, ყვირილი დაიწყო. სკოლის დამთავრებამდე ვუთხარი, რომ ცოლად არ გავყვებოდი და ჩემს ოჯახში დატოვებული ნიშანიც, სამკაული და ტანსაცმელი, ეზოში გამოვუდგი, გავიქეცი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე.

დედამ ამაზე ძალიან ინერვიულა, მამაშენმა ეგ რომ გაიგოს, არ გაცოცხლებს, ეს როგორ გაბედეო. კითხვა და მეცადინეობა ამიკრძალა და საოჯახო საქმის კეთებას მაიძულებდა. მამას არ უნდა გაეგო ეს ამბავი. მამაჩემის შინ მოსვლა დღესასწაული იყო ჩემი. მასთან ერთად როცა ვიყავი, დედაჩემი ვერაფერს მიბედავდა.

სკოლა რამდენიმე დღის დამთავრებული მქონდა, როცა მერაბმა მომიტაცა. მანქანაში მეხუმრებოდა, აქ არ იყვირო, ახალქალაქში ჩავალთ და იყვირე რამდენიც გინდა, იქ ბევრ პოლიციელს ვიცნობო. როგორც კი მანქანის ფანჯარა ჩამოწიეს, კივილი დავიწყე. პოლიციამ დაგვაფიქსირა. მერაბს ბიძია ახლდა. დამიფიცა, ოთხი შვილის საფლავი მენახოს, ჩვენი თავი არ დააჭერინო და მართლა სახლში წაგიყვანო… წამოვედით თუ არა, სიცილი განაგრძეს: რა გინდა, პირობა შეგისრულეთ, სახლში ნამდვილად მივალთო. მერაბის ახლობელთან მივედით… მამაჩემის დეიდაშვილმა მოგვინახულა, იმ დროს წალკის პოლიციის უფროსი იყო. მითხრა, რა გინდა, დანიშნული გოგო წამოგიყვანა, ეგ ტრადიციაა, არაა დანაშაულიო, ამ ბიჭთან უნდა დარჩეო, რომ დაბრუნდე, მამაშენი და შენი ოჯახი დაიჩაგრება, არავის უნდა ოჯახში მიბრუნებული ქალიო. მივხვდი, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. მამაჩემი როცა მოვიდა, თვალებში აღარ შემიხედავს. ვუთხარი, რომ ჩემი ნებით გავთხოვდი.

ფეხმძიმე ვიყავი, როცა ქმარმა გამარტყა სახეში პირველად: რატომ ამოიჩემე ექიმთან კონსულტაცია, არაფერი გჭირსო. ცხვირიდან სისხლი მდიოდა. მეზობლის ქალებმა დამამშვიდეს, უკან მიბრუნება უარესია, ბავშვით სად უნდა წახვიდეო. მანამდეც ხშირად მაგინებდა და ხმამაღლა მიყვიროდა. როცა ვკითხე, ამას რატომ აკეთებ, რა დაგიშავე-მეთქი, მიპასუხა, დედ-მამას სიამოვნებს, ქალს რომ ვმართავ და მეზობლებში ძლიერი კაცის სახელი მექნებაო, შენ დაიკიდეო და გაიცინა.  ძალადობა 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხან ფსიქოლოგიური, ხანაც – ფიზიკური. ჩემი ორი შვილიც ხედავდა ამას. ხშირად მეუბნებოდა ქმარი, აბა, შეხედე ერთი, რა მახინჯი ხარო. ისე მამცირებდა, ავტობუსში როცა ავდიოდი, სულ უკან ვჯდებოდი. საკუთარი თავი მართლა მახინჯი მეგონა.

ერთ დღესაც მამაჩემი მოვიდა, შვილს უნივერსიტეტში უნდა ვაბარებინო და უმისოდ არ წავალო. გამიშვეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის სპეციალობაზე ჩავირიცხე და დაუსწრებელ განყოფილებაზე ვსწავლობდი. ამ დროს მულიც თბილისში იყო და მასთან ვრჩებოდი.

უნივერსიტეტის შემდეგ ისევ წალკაში დავბრუნდი და სკოლაში დავიწყე მუშაობა. მალე სერტიფიცირებული მასწავლებელიც გავხდი. ერთ-ერთ კონფერენციაზე თემა მქონდა – „არა ნაადრევ ქორწინებას“. ისევ ძალადობის მსხვერპლი რომ ვიყავი, ამაზე ვერაფერს ვამბობდი. სამოქალაქო განათლების საათებიც მომცეს სკოლაში. როცა მოსწავლეებს უფლებებზე ვესაუბრებოდი, მრცხვენოდა, თავად რომ არ ვეწინააღმდეგებოდი ჩემზე ძალადობას და ვდუმდი.

მალე ჩემი ქმარი უმუშევარი დარჩა და ძირითადად ოჯახი ჩემზე იყო დამოკიდებული ფინანსურად. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქალთა კოოპერატივშიც ჩავები, მეფუტკრე გავხდი. მერაბი მეუბნებოდა, კარგად რომ მიაღწევ წარმატებებს, მერე გამოგიშლი კიბესო. ფორმალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა: საჭმელს ვუმზადებდი, ტანსაცმელს ვუწესრიგებდი, საერთოდ არ ვსაუბრობდით. როცა სვამდა, ჩხუბს მიწყებდა და ხანდახან ფიზიკურადაც ძალადობდა. ეს კვირაში ორჯერ მაინც ხდებოდა. მეუბნებოდა, ცხვირს და ყურებს მოგაჭრი, თუ გაბედავ გაშორებასო.

ერთ დილასაც მერაბს ვუთხარი, რომ მივდიოდი და ბავშვებიც თან მიმყავდა. ჩანთები უკვე ჩალაგებული მქონდა. ვერ წახვალ, ჩემს მიტოვებას ვერ შეძლებო, ასე მითხრა. წამოვედი. ახლა უკვე ბათუმში ვარ, დედ-მამის ოჯახში. მათ წალკიდან დაბრუნება მოახერხეს ბათუმში. მერაბმა რამდენიმე დღეში ჩამომაკითხა. იფიცა, დაჩოქილი მოვუხდი ყველაფრისთვის ბოდიშს, ქალბატონად ვაცხოვრებ, ოღონდ დაბრუნდესო. მასთან ლაპარაკის თავი აღარ მქონდა. ცემა დამიწყო. პოლიცია გამოიძახეს…

ახლა მერაბის საქმე სასამართლოშია, შემაკავებელი ორდერი უკვე შეუფარდა მოსამართლემ, ჩემთან მოახლოებაც კი აკრძალული აქვს… თუმცა ვინ იცის, შესაძლოა ახლაც მოვიდეს. ტელეფონზე შეტყობინებები მომდის, მარტო არ გახვიდე სადმე, მერაბი ამბობს, მოვკლავ და თავსაც არ ვიცოცხლებო. საერთო ახლობლებს ახლაც ხვდება და უმტკიცებს, რომ ვუყვარვარ და უჩემოდ ვერ იცოცხლებს.

სასამართლოში განქორწინებაზეც შევიტანე მოთხოვნა. გუშინ ჩემმა ბიჭმა დამირეკა წალკიდან, მამასთანაა, ბათუმში როცა იყო მერაბი, თან წაიყვანა. ტელეფონში მითხრა შვილმა, მამიკო რატო არ გეცოდება, დაიჭერენო, ჩემი ხათრით მაინც შეურიგდიო. ბიჭი უკვე 12 წლისაა, გოგონა ექვსის გახდება მალე და ჩემთანაა. აქამდე შვილების გამო ვიკავებდი თავს. გვიან მივხვდი, სისულელეს ვაკეთებდი, ბავშვები სიძულვილით სავსე გარემოში იზრდებოდნენ.

დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. ამისთვის უკვე მზად ვარ. ბათუმში ერთ-ერთ კერძო სკოლაში მივედი და სამუშაოს დამპირდნენ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ სკოლა დაცულია, უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს. ის შესაძლოა ყველგან გამოჩნდეს… მაგრამ მე უკვე მჯერა საკუთარი თავის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: