კვირის ამბები,მთავარი

„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

19.07.2016 • 3490
„არშემდგარი გადატრიალება თურქეთში ქემალიზმის დამარცხებაა“

15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ყოფილი იმამის, ფეტულა გულენის მიერ იმართებოდა. მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ისტორიკოსი ემზარ კახიძე აფასებს.

ბატონო ემზარ, პირველ რიგში, რა ძალები დგას გადატრიალების მცდელობის უკან, ვინ არიან ისინი და რატომ სურდათ სამხედრო გადატრიალება?

emzar kaxidze

ემზარ კახიძე

ჩემი აზრით, ოთხი გადატრიალება, რომელიც მოხდა თურქეთის რესპუბლიკაში გასულ წლებში, დიდი ალბათობით, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ იგივე ძალები მოქმედებენ. ანუ სამხედრო ძალები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ამ შემთხვევაში ერდოღანით. არ გამოვრიცხავ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ საქმის კურსში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტრადიციული გადატრიალებების გაგრძელებაა. ამასთან, როგორც ყველა პროცესმა, ამ პროცესმაც დეგრადაცია განიცადა და დამარცხდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქციები ნაკლებად მოსალოდნელია მომავალში.

ვისთვის იყო პოლიტიკურად მომგებიანი გადატრიალება თურქეთში? და ვისთვის –  ერდოღანის გამარჯვება?

პოლიტიკურად მომგებიანი ქემალისტებისთვის იყო. მათ ყველამ ერთად დაგმეს ეს, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა და შეთანხმება თუ არა, რაღაც თანაგრძნობა რომ იქნებოდა, ეს ერთმნიშვნელოვანია. ქემალისტები აგებენ პოლიტიკურ ბრძოლას ერდოღანთან და მის პარტიასთან და მათთვის ალბათ სასურველი იქნებოდა სამხედრო გადატრიალება შემდგარიყო. ვინაიდან დამარცხდა, ბუნებრივია ეს მათ უარყვეს. პირველ რიგში, გადატრიალება ლაიცისტების [ლაიციზმი გულისხმობს რელიგიის გამოყოფას სახელმწიფოსგან] ინტერესებშია, მაგრამ, იმის თქმა, რომ ისინი მონაწილეობდნენ და მოკავშირეები იყვნენ – ჩემთვის ძალიან ძნელია. რაც შეეხება თვითონ ერდოღანის მიერ მოხსენიებულ ფეტულა გულენის კვალს, ძალიან ბევრი სამხედროა დაკავშირებული გულენის მოძრაობასთან და შესაძლებელია ისიც ყოფილიყო საქმის კურსში. ის, რომ ისინი ამას საჯაროდ უარყოფენ, არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, გადატრიალების იდეა მაინც სამხედროებში მომწიფდა.

რამდენად გავლენიანი ფიგურაა თურქეთში  ფეტულა გულენი და რატომ ასახელებს მას ერდოღანი? რამდენადაც ცნობილია, ისინი ერთ დროს თანამოაზრეებიც იყვნენ… 

ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა თურქეთში, სწორედ სამხედროებში, პოლიციელებში, ასე ვთქვათ, ძალოვან სტრუქტურებშია პოპულარული. ასევე გავლენიანია მოსახლეობის საშუალო ფენებშიც, ვინაიდან ის ზომიერი ისლამის მომხრეა. სამხედრო ადამიანებისთვის, რომლებიც თავიდანვე იყვნენ გარანტები საერო ცხოვრების, ბუნებრივია მისი იდეოლოგია იყო მისაღები. ვერ ვიტყვი, რომ ერდოღანიც რაღაც განსხვავებული და რადიკალური იყოს, თუმცა გულენი, შეიძლება ითქვას, ეს არის ერდოღანის ისლამისტური მოძრაობის ზომიერი ფრთა.

რატომ დაასახელა, პრეზიდენტმა სწორედ გულენი?

ვფიქრობ, ეს მისი პოლიტიკური ახირებაა. ბუნებრივია, ის დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ არის განწყობა, მაგრამ გულენი ყველაზე უფრო გავლენიანი და საკმაოდ  ინტელექტუალი პიროვნებაა. ის ერთ-ერთ ინტელექტუალურ პიროვნებადაა დასახელებული მსოფლიოში და ას ყველაზე უფრო ინტელექტუალურ პოლიტიკოსს შორისაა მოხსენიებული. ამიტომ ერდოღანი ცდილობს მისი ალტერნატივა, ასე ვთქვათ, სწორედ გულენი იყოს ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ სხვა არც ერთ პოლიტიკურ გუნდში მისი წონის პოლიტიკოსი ჯერჯერობით არ ჩანს.

არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ერდოღანმა იცოდა გადატრიალების მზადების შესახებ, ხელი არ შეუშალა და ახლა ამას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებს. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება? თქვენი აზრით, ჩნდება ეჭვის საფუძველი? 

არის ასეთი მოსაზრება, თვითონ ერდოღანისთვის არსებული სიტუაცია მომგებიანია, მაგრამ… ეს რომ ყოფილიყო გადატრიალების გათამაშება, ეჭვის მეტი საფუძველი იქნებოდა, მაგრამ რაც ვნახეთ, რა ინფორმაციაც მაქვს, იქ სერიოზული ბრძოლებიც იყო… ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში, ერდოღანის საქმე ცუდად წავიდოდა, ამიტომ ამხელა რისკზე წამსვლელად მე ერდოღანი არ მიმაჩნია. ასეთი შეთქმულების თეორიების მე ნაკლებად მჯერა.

თურქეთში მომხდარი ცვლილებები აისახება თუ არა საქართველოზე და როგორ?

ჩვენთვის თურქეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. თურქეთი არის ისლამისტური ფრონტის ბოლო ზღუდე, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ თურქეთში დესტაბილიზაცია, ჩათვალეთ, ისლამიზმის საფრთხე უშუალოდ ჩვენს საზღვართან გაჩნდება. ამიტომ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ არ გვაწყობს თურქეთის დასუსტება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იქ იყოს სტაბილურობა, მაგრამ სტაბილურობა დიდხანს არ მიიღწევა, თუ არ იქნება დემოკრატიული მართვა.

ერდოღანის გამარჯვება სტაბილიზაციის გარანტია?

საბოლოოდ, ერდოღანის გამარჯვება მაინც დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას, თუ მან განახორციელა მისი ზრახვები და მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ეს აუცილებლად დამთავრდება კრახით ამ ქვეყნისთვის და ამ შემთხვევაში ოდნავ იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყნის პარლამენტის და ოპოზიციური ძალების. ერდოღანი გამოცდილი პოლიტიკოსია და აუცილებლად გამოიყენებს ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ.

თურქეთში არეულობის ფონზე იზრდება თუ არა საფრთხეები რუსეთიდან?

აუცილებლად. ჩვენ გვაწყობს დაბალანსებული სიტუაცია და არ გვინდა რომელიმე ძალის ცალმხრივად გამარჯვება კავკასიაში. სრულიად შესაძლებელია, დავუშვათ, დაკარგოს თურქეთმა  აქ გავლენა და რუსეთმა ცალმხრივად მოიპოვოს უპირატესობა. მართლა რომ რაღაც მოხდეს, როგორც 1921 წელს დასრულდა, ისე ტრაგიკულად დასრულდება ეს ჩვენთვის.

თურქეთში სამხედროების ჩარევა პოლიტიკაში რამდენჯერმე განხორციელდა, მაგრამ ახლანდელი მარცხი, თქვენი აზრით, რით იყო განპირობებული?

ქემალისტურმა იდეამ თურქეთი გადაარჩინა და ახალ განზომილებაში გადაიყვანა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის მარადიული. ქემალიზმს გაუვიდა ყავლი. ეს არის ცალსახა. არშემდგარი გადატრიალება, ეს იყო ქემალიზმის დამარცხება. მიუხედავად ამისა, მთავარია განგრძობითობა იყოს, მემკვიდრეობითობა, ანუ თუ ერდოღანი ქემალიზმს მთლიანად არ მოსპობს, მაშინ არ იქნება ეს უარყოფითი, მთავარია, ერდოღანმა მთლიანად არ ამოძირკვოს ქემალიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხი დააპატიმრა, მგონი თავადაც დაინახა, რომ თურქეთში ხალხს აქვს ფასი. მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის ბედი და სრულიად შესაძლებელია ნახევარ თვეში ეს ხალხი მის წინააღმდეგ გამოვიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ზომიერად უნდა მოიქცეს, ეს მისთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც.

დღეს ერდოღანი იღებს გადაწყვეტილებას თურქეთში, თუ ხალხი?

ხალხი. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ის რადიკალური იქნება, გააგრძელებს არაპერსპექტიულ პოლიტიკას სირიასა და არაბულ სამყაროში, ხალხი მის წინააღმდეგაც გამოვა. ხალხმა აჩვენა ძალა. რუსეთშიც გამოჩნდა ხალხი, მაგრამ პუტინმა ჩაახშო, თურქეთის გამოცდილება კი დემოკრატიაში უფრო დიდია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: