კვირის ამბები,მთავარი

სეზონური მიგრანტები – პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს

10.07.2016 • 3114
სეზონური მიგრანტები – პრობლემა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს

დათო რ. სარფის საბაჟოზე მაშინ დააკავეს, როცა ის სხვისი პირადობის მოწმობით  საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. წინა ზაფხულს დეპორტირებული ამ გზით შეეცადა თურქეთში ჩაის კრეფის სეზონისთვის ჩასულიყო, სადაც მის მსგავსად ასეულობით საქართველოს მოქალაქე შრომობს, როგორც არალეგალი. ხელისუფლება „სეზონურ მიგრანტების“ არსებობას არ იმჩნევს.

სარფის საბაჟოზე დათო რ.-მ საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა. სხვისი პასპორტი მას თურქეთის საბაჟომ დაუფიქსირა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა თურქეთის პოლიციამ დათო საქართველოს გადმოსცა, ბათუმში დააკავეს კიდევ ერთი პირი – ბადრი გ. გამოძიების ვერსიით, ის დეპორტირებულ ადამიანებს კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ საზღვრის გადაკვეთას ჰპირდებოდა. მისთვის დათო რ.-საც მიუცია 950 ლარი იმ პირობით, რომ სხვის პასპორტს მიიღებდა და ამ ფორმით მოახერხებდა თურქეთში სამუშაოდ ჩასვლას. დათო რ.-ს ახლობლების თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დეპორტირებული ადამიანების საზღვარზე გადაყვანაზე სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს. ამ თემაზე ჩვენთან საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ისურვა. სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და პოლიცია თაღლითობის თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებს.

სეზონური მიგრანტები ძირითადად ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებიდან მიდიან სამუშაოდ თურქეთის მოსაზღვრე პროვინციებში. მიგრანტები სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ: მძიმე სამუშაო დღე, ნამუშევარი ხელფასის აუღებლობა, დეპორტი… არალეგალი მიგრანტები თურქეთში ვერავის უკავშირდებიან, როცა სირთულეს აწყდებიან.

„ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, ჯანმრთელობის დაცვაა. როცა ადამიანი ცუდად ხდება მუშაობის დროს, ის ვერ მიდის საავადმყოფოში, რადგან არალეგალია. ჩვენი ინფორმაციით, ხშირია ასეთი შემთხვევები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარინა პაპუნიძე, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მკვლევარი. ამ ორგანიზაციამ თურქეთის რამდენიმე სოფელში 65 დამსაქმებელი გამოკითხა. „ჩვენ ვუწევთ მათ კონსულტაციას, რომ არ წავიდნენ არალეგალის სტატუსით და შეგვიძლია დავეხმაროთ შრომითი ვიზის მიღებაში, რაც გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმებაზე, საკონსულოში მისვლაა საჭირო და ასე შემდეგ. არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, ვინმე ამ პირობას დათანხმებოდა. ეს ყველაფერი მძიმე სოციალურ ფონზე მიუთითებს. ადამიანებს აღარ უნდათ დამატებითი პროცედურების გავლა, ოღონდ წავიდნენ და იმუშაონ,“ – გვიყვება „ინტელექტის“ პროექტის – „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ იურისტი რამინ გვარიშვილი.

ეს ორგანიზაცია ერთადერთია აჭარაში, რომელიც სეზონურ შრომით მიგრანტებს მინიმუმ კონსულტაციას უწევს. არც ერთი სახელმწიფო უწყება ეროვნულ დონეზეც კი, სეზონურ მიგრანტებს ვერაფერს სთავაზობს. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომავალი წლისთვის აპირებს კვლევის ჩატარებას, რამაც სეზონური მიგრანტების პრობლემები და საჭიროებები უნდა გამოკვეთოს: „მომავალი წლის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი სწორედ სეზონური მიგრანტები არიან. ჩვენი დეპარტამენტი 2013 წელს შეიქმნა და ერთბაშად ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. ჯერ კიდევ ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს კვლევის მეთოდოლოგია, რომ კვლევამ ზუსტად ასახოს რეალობა. შემდეგ ერთიანი სისტემა შევქმნათ, რომელშიც სხვადასხვა უწყება იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია მიგრატებს შევთავაზოთ, არის დასაქმების საიტზე დარეგისტრირება. მათ შეეძლებათ მომზადება-გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა და სამთვიანი სტიპენდიით, 150 ლარით სარგებლობა. ეს არაა ფორმალური პროგრამა. ვალდებულება ექნებათ კომპანიებს, რომ ერთ ვაკანსიაზე მაინც დაასაქმონ პროგრამის მონაწილე. არსებობს პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი პროგრამებიც,“ – გვიყვება ელზა ჯგერენაია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

ელზა ჯგერენაია არ ეთანხმება შეფასებს, რომ სეზონური მიგრაცია ამჟამად სახელმწიფო რეგულაციის გარეშეა დარჩენილი. მან ამის დასტურად გასულ წელს მიგრაციის შესახებ მიღებული ახალი კანონი დაგვისახელა, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი შრომითი ვიზის გარეშე მიდის სხვა ქვეყანაში სამუშაოდ: „კარგი იქნება, თუ მოგვაწვდით ინფორმაციას, ვინ გადადის, როგორც ტურისტი და მუშაობს არალეგალად. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს“.

სეზონური მიგრანტებს ხედავენ „მიგრაციის საერთაშორისო ცენტრშიც“, თუმცა აქ პროგრამის პირობების გამო ვერ მუშაობენ იმ მიგრანტებზე, რომლებიც ერთ წელზე ნაკლებს რჩება უცხო ქვეყანაში: „ყოველი მესამე მიგრანტი აჭარის რეგიონიდან, ვინც სამშობლოში ბრუნდება, დეპორტირებულია, მაგალითად, თბილისში ყოველი მეხუთეა ასეთი. შესაბამისად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეპორტირებულების კუთხით აჭარაშია,“ – ამბობს ნანა პაპიაშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ბათუმის მობილურობის ცენტრის კოორდინატორი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სეზონური მიგრანტები აფიქსირებენ, სოციალური შემწეობაა, რომელიც უწყდებათ, თუკი საზღვარს რამდენიმე დღით დატოვებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის პრესსამსახურის, თემურ ჭანტურიშვილის თქმით, სოციალური დახმარება მიგრანტის ოჯახს არ შეუწყდება, თუკი ის წინასწარ გააფრთხილებს სააგენტოს წერილობითი ფორმით: „ამ შემთხვევაში, უშუალოდ მიგრანტს შეუწყდება შემწეობა, ოჯახს – არა“.

ჩაის კრეფის სეზონი თურქეთში რამდენიმე დღეა დაიწყო. დათო რ. სასამართლო განაჩენს ელოდება. მის ნაცვლად თურქეთში მისი სიმამრი წავიდა, რომელიც ამბობს, რომ იქაურ შრომის ბირჟაზე კონკურენცია გაიზარდა და შესაძლოა უკან დაბრუნებაც მოუწიოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: