კვირის ამბები,მთავარი

კერძო თუ საჯარო სკოლა – მასწავლებლების არჩევანი

14.05.2016 • 4329
კერძო თუ საჯარო სკოლა – მასწავლებლების არჩევანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი აპრილიდან საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდა. ხელფასების ზრდა 2017 წლის იანვარშიც იგეგმება. რა მდგომარეობაა ბათუმში მოქმედ კერძო სკოლებში და შეიცვალა თუ არა იქ დასაქმებულ პედაგოგთა ხელფასები?

იმ მასწავლებელთა და დირექციის წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, კონკრეტული ციფრები – ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, – მხოლოდ „მომავლის სკოლის“ დირექტორმა ცირა ქასრაძემ დაასახელა. მისი თქმით, „მომავლის სკოლის“ პედაგოგთა მინიმალური ანაზღაურება საათში 6 ლარი, ხოლო მაქსიმალური _ 15 ლარია: „ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა არ მომხდარა, თუმცა ჩვენს სკოლაში არსებული ანაზღაურება უკვე შეესაბამებოდა საჯარო სკოლებში გაზრდილ ხელფასებს“.

ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდას“ დირექტორის ნინო მურვანიძის თქმით: „მაქსიმალური ხელფასი კონფიდენციალურია და არც მე, არც თქვენ და არც სხვას, არ აქვს უფლება ამის გამჟღავნების. პედაგოგები კატეგორიების მიხედვით რაც უნდა იყოს, მთავრობის დადგენილების თანახმად, ზუსტად ისე იღებენ, როგორც საჯარო სკოლაში“. ამ სკოლის ბიუჯეტის 80-85% სახელფასო ფონდს შეადგენს [პრემიისა და წამახალისებელი ხარჯების ჩათვლით]. „გორდაში“ 359 მოსწავლე ირიცხება.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ სასწავლო აღმზრდელობით დარგში ნათია მაკარაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასების შესახებ და ვერ შეადარებს. ამასთან არ ფლობს ინფორმაციას თავად შაჰინის სკოლის პედაგოგთა მაქსიმალური და მინიმალური ხელფასების ოდენობის შესახებ. „ჯერჯერობით ცვლილება არ ყოფილა ხელფასებთან დაკავშირებით, ანუ ეს სახელფასო დანამატი ჩვენ არ აგვიღია“, – ამბობს ნათია მაკარაძე. მისივე თქმით, სკოლა-ლიცეუმში 416 მოსწავლე სწავლობს.

მირანდა თურმანიძე საჯარო სკოლის პედაგოგია. იგი მანამდე კერძო სკოლაში მუშაობდა. მისი თქმით, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ სხვა კერძო სკოლებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, თუმცა ხელფასი საჯარო სკოლის შეთავაზებასთან შედარებით 20-30 ლარით დაბალი იყო. მან საჯარო სკოლაში მუშაობა ამჯობინა, იმ მოტივაციით, რომ საჯარო სკოლებში პედაგოგთა უფლებები მეტადაა დაცული და „ყველაფერში დამნაშავე მასწავლებელი არ გამოდის“.

მზია ცხომელიძემ კი, სკოლა „ევრო 2000“-ის მასწავლებელმა საჯარო სკოლაში მუშაობაზე დაბალი ხელფასის გამო თქვა უარი. მისი თქმით, საჯარო სკოლიდან 5-6 წლის წინ წამოვიდა და 150 ლარით მაღალი ხელფასი აქვს კერძო სკოლაში. იგი ამბობს, რომ საჯარო სკოლაში არც ხელფასების მატების შემდეგ დაბრუნდება: „კერძო სკოლაში საათების რაოდენობა მეტია, საჯარო სკოლებში კი ერთ მასწავლებელს შეიძლება მოუწიოს 5-6 ან მაქსიმუმ 10 საათი. კერძო სკოლაში მე მიწვეული მასწავლებელი ვარ და ეს პრობლემა არ მაქვს“.

სკოლა „ნიკეს“ პედაგოგი, კესო ბორჩხაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის ცნობილია ისეთი პედაგოგები, რომლებიც კერძო სკოლებში დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ისეთებიც, რომელთა ანაზღაურებაც მაღალია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია სკოლაზე. კესო ბორჩხაძემ რაოდენობის დაკონკრეტება არ ისურვა. ამბობს, რომ დედის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლის მასწავლებელია, ახლახან „წამოეწია~ თავისას და არჩევანის წინაშე რომ იყოს, მაინც კერძო სკოლას არჩევდა, „რადგან იქ მოსწავლეთა კონტინგენტი ნაკლებია და მასწავლებელს მაქსიმალური შედეგის მიღწევა უფრო უადვილდება“.

რესპონდენტებმა „ბათუმელებთან“ საუბარში ისიც აღნიშნეს, რომ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული და სხვა რიგი გადასამზადებელი კურსები კერძო სკოლებისთვის ფასიანია. ზოგიერთი კერძო სკოლა მთლიანად ან ნაწილობრივ აფინანსებს ამ კურსებს.

ამასთან, ყველა თანხმდება, რომ სერტიფიცირება, რომელიც სავალდებულოა საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, თანდათან სავალდებულო მოთხოვნად იქცევა კერძო სკოლებშიც. ამბობენ იმასაც, რომ თუ კადრს აქვს გამოცდილება და შესაბამისი პროფესიონალიზმი, სერტიფიცირების გამო შესაძლოა სკოლამ უარი არ უთხრას მას, რადგან მასწავლებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო სერტიფიცირების გავლისთვის და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვისთვის. სქემა წელს საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე მიღებული კატეგორია მასწავლებლებს უნარჩუნდებათ.

პედაგოგთა სულ ოთხი კატეგორიაა: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგი. მენტორი პედაგოგები საქართველოს ამ დროისთვის არ ჰყავს. წამყვანი პედაგოგის სტატუსი ენიჭება სერტიფიცირებული დოქტორის ხარისხის მქონე პედაგოგს. ყველა სერტიფიცირებულ პედაგოგს მიენიჭა უფროსი პედაგოგის კატეგორია, დანარჩენ მასწავლებლებს კი პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ. სწორედ ამ დიფერენციაციის მიხედვით იცვლება ხელფასები საჯარო სკოლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: