კვირის ამბები

ჩემი ჯადოსნური ქალაქი

09.10.2015 • • 2836
ჩემი ჯადოსნური ქალაქი

 

 

ქეთევან ჩხარტიშვილის ფოტო
ქეთევან ჩხარტიშვილის ფოტო

 

ჰოდა ეს ზღვა მქცეოდა რაღაცნაირ, შიშნარევ აკვიატებად. თან მაშინ ქვეყანა კარგა გვარიანად იყო არეული და აჭარაში შეუმჩნევლად ჩასვლა ძალიან რთული გამხდარიყო, რადგან აჭარას მაშინ ზომიერად შეშინებული კაცი მართავდა და, ამავდროულად, ეს ის დროც იყო, როცა ბანდიტსა და ყაჩაღზე მეტად პოლიციისა ეშინოდა კაცს, რადგან ბანდიტსა და ყაჩაღს კიდევ მოელაპარაკებოდი, მით უფრო, თუ წასართმევი ბევრი არაფერი გებადა, პოლიციელი კი თან გაგძარცვავდა და თან ერთი გემოზეც დაგარბილებდა. 

 

ახლა ეს ყველაფერი შორეული წარსული და უკან მოტოვებული ამბებია, მაგრამ მაშინ შეშინებულმა და მოსალოდნელი თავგადასავლებით ზომაზე მეტად აღგზნებულმა, პირველად გავბედე სახლიდან ასე შორს გაპარვა. სახლში რა მოვიტყუე, კარგად არ მახსოვს, თუმცა ფანტაზიას არც მაშინ ვუჩიოდი და ის კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ამბავი ჩემთან, ოჯახში დღემდე კაციშვილს არ გაუგია. ჰოდა, ასე ავდექი და გავიპარე. ვთქვი, სულ სხვაგან და სხვასთან მივდივარ-მეთქი და ბათუმში კი წავედი. ალბათ ის ამბავიც დამეხმარა, რომ მაშინ მობილური ტელეფონი ჯერაც არ არსებობდა და საქალაქთაშორისო ტელეფონით დარეკვა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. შესაძლოა, იმანაც მიშველა, რომ წიგნების კითხვა მიყვარდა. ზოგადად კი მიჩნეულია, რომ წიგნების მკითხველი ბავშვები არამკითხველებზე თვინიერები არიან, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს სულაც არ შეეფერება და, იმედია, ამ სტრიქონებს ის უფროსები არ წაიკითხავენ, ვინც ასე ფიქრობს და ზედმეტი, უნაყოფო და არაფრის მომტანი ეჭვიანობით ბავშვებს თავს არ მოაბეზრებენ.

 

ასე იყო თუ ისე, ჩემმა მშობლებმა, როგორც ჩანს, ვერ დაუშვეს, რომ ჩემი ცელქობით ასე შორს წასვლა შემეძლო და ეს ამბავიც ამ დრომდე საიდუმლოდ დარჩა. ბათუმისკენ კი ორი დაუძლეველი ძალა მეწეოდა: ზღვა და გოგო, რომელიც თელავში გავიცანი და რომელმაც თავისი ბათუმური ნომერი ქაღალდის ნაგლეჯზე დამიწერა, ალბათ, იმ იმედით, რომ იქ ვერასოდეს მოვხვდებოდი, მით უმეტეს, მარტო და, მით უმეტეს, ასე მალე.

 

და აი, უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთით გამოვსებული სარდაფიდან, სადაც ცხრა თაობის მანძილზე გროვდებოდა ჩემი ოჯახის მოძველებული და ზოგჯერ უბრალოდ მობეზრებული ნივთები, გადავარჩიე ყველაფერი, რასაც რაიმე ფერადი ლითონი ერია, ამას დავუმატე რამდენიმე თვის მანძილზე რუდუნებით ნაგროვები ლიმონათისა და ლუდის ბოთლები, ზედ მივაყოლე ცარიელი ქილები, რომლებიც, წესით, თავის დროზე მურაბებით, კომპოტებითა და კონსერვებით უნდა გავსებულიყო, ეს ყველაფერი სხვადასხვა პუნქტში გავყიდე და თავდაჯერებული სახითა და გულში შეპარული შიშით გეზი ბათუმისკენ ავიღე. მატარებელში ტევა არ იყო, ტაატითა და რწევა-რწევით მივდიოდით თორმეტი საათის განმავლობაში, ხალხი კი ემატებოდა და ემატებოდა და ხალხთან ერთად აუტანელი სუნიც მატულობდა. ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა სრულიად დამოუკიდებლად და, შესაბამისად, დაუვიწყარიც, განმტკიცებული ალბათ იმ საშინელი სუნით. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა ვჯდები ჩქარი მატარებლის კომფორტულ სავარძელში და ვიცი, თბილისიდან გასული სულ რაღაც ექვს საათში ბათუმში ვიქნები, საოცარი კმაყოფილების გრძნობა მიჩნდება.

 

ასე იყო თუ ისე, მშობლიური აღმართ-დაღმართიანი თელავიდან, რომელსაც თავისი, სულ სხვა ხიბლი აქვს, აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც ქუჩები სწორად მიუყვება ლამაზი სახლების მწკრივს და ყოველთვის ლოგიკურად კვეთს ერთმანეთს. მახსოვს, როგორ დამეუფლა ერთდროულად სიმშვიდისა და აღტაცებისმაგვარი გრძნობა. მართალია, მას შემდეგ ბათუმი ძალიან გამდიდრდა და გალამაზდა, მაგრამ ეს არ შეცვლილა.

 

პირველად ჩასულსაც გიჩნდება განცდა, თითქოს ამ ქალაქს კარგად იცნობ და რაღაცნაირად გემშობლიურება და, რა თქმა უნდა, მის ნაპირებს უცვლელად, ხან ეალერსება, ხანაც გაბრაზებული მოასკდება ხოლმე შავი ზღვა, ოდესღაც პონტოს ზღვად რომ იცნობდა მსოფლიო და ჯერ კიდევ უხსოვარ დროს რომ აღიზიანებდა ბერძნების ფანტაზიას

 

ისე აღიზიანებდა, რომ, ერთი მხრივ, თუ საქართველოს ელამუნებოდა, მეორე მხრივ, ბერძნულ მითებში, ხან სად ამოყოფდა თავს და ხან სად. და თუ ჯერი მითებსა და პონტოს ზღვაზე მიდგება, ერთი რამ, რაც, ალბათ, სულ პატარაობიდან ყველამ იცის, ვისაც კი სკოლაში უვლია, არის მითი კოლხეთის ლეგენდარული სამეფოსა და მედეას შესახებ, რომელიც, ალბათ, დღემდე ყველაზე ცნობილი ქალია ქართული მიწიდან და, შესაძლოა, ამიტომაც დაუდგამთ ბათუმში მისი ქანდაკება. იქნებ ბათუმის ჯადოსნური ელფერიც ამ მითებისა და ლეგენდების გამოძახილია, მაგრამ ერთი რამ კი ცხადზე ცხადია – ეს ქალაქი სულ სხვაა ზაფხულში, როცა ბათუმელები მთებში მიდიან და ბათუმს დამსვენებლები იპყრობენ, ხოლო სულ სხვაა ზამთარსა და გაზაფხულზე, როცა ქალაქი თავისი მშვიდი და აუმღვრეველი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი არ ვიცოდი და, აბა, საიდან მეცოდინებოდა. მატარებლიდან ბაქანზე ფეხი კოკისპირულ წვიმაში გადმოვდგი, ნაპირებს მედგრად ერკინებოდა  პონტოს ევქსინოს რა არის და – აწ უკვე შავი ზღვა. ხუთ წუთში გაწუწული ლეკვივით შესაბრალისმა, მაგრამ საკუთარი გამბედაობით შთაგონებულმა, ბინის ძებნა დავიწყე. რაც მართალია, მართალია, ბათუმში ბინის პოვნა რთული არ არის, არც ზაფხულში, როცა ქალაქი დამსვენებლებითაა სავსე და, მით უმეტეს, წელიწადის სხვა დროს. შეგიძლია, ღამე გაათიო ძალიან იაფად, მაგრამ ყველა საბაზისო პირობით უზრუნველყოფილ ბინაში, სადაც კეთილგანწყობილი მასპინძელი აუცილებლად დაგალევინებს ცხელ, სურნელოვან ბათუმურ ყავას.

 

ბათუმელები სრულიად სამართლიანად ამაყობენ ყავის მოხარშვის განსხვავებული და გამორჩეული მეთოდით, რომლის საიდუმლო ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება. ყავა ცალკე ამბავია და, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან საქართველოში მას „თურქულ ყავად“ იცნობენ, რაც ყავის წარმომავლობაზე კი არა, მოხარშვის წესზე მიუთითებს, ბათუმში ეს წესი ბათუმურია და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს მაშინვე კარგავ, როგორც კი პირველად დააგემოვნებ.

 

 

და მაინც, თუ სასტუმრო გირჩევნია, იოლად იპოვი საკუთარი ჯიბისთვის შესაფერის სასტუმროს, ხოლო თუ ჯიბე საკმაოდ მძიმეა, არც ხუთვარსკვლავიანი მომსახურების ძებნით გადაიღლები. რაც მთავარია, ბათუმს იმდენი შრე აქვს, იმდენ ამბავს და საიდუმლოს ინახავს, რომ, შეიძლება, ორი დღით ჩასული ორი თვით დარჩე  და ან სულაც დასახლდე და მასთან განშორების გაგონებაც არ მოგინდეს. მაშინ ხომ არც ეს ვიცოდი, პატარა სულელი და გამოუცდელი ბიჭი ვიყავი, არც ქალების გამეგებოდა რამე და არც საკუთარი თავის, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე სულაც არ ვფიქრობდი. თავგადასავლების წყურვილი, ახლის შეცნობის სურვილი, წიგნებში ამოკითხული ზღვაური ამბები და გოგო, რომლის სახე და აბრეშუმივით რბილი, კრიალა, ზღვის ტალღებივით მბზინავი თმა მიზიდავდა და მიკარგავდა მოსვენებას. და აი, ვიჯექი ტელეფონის ნომრით ხელში და უშედეგოდ ვცდილობდი დარეკვას, რადგან ტელეფონის ნომერი სულაც არ აღმოჩნდა ტელეფონის ნომერი და, აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ბათუმში რვაციფრიანი კომბინაციით არ რეკავდნენ და გოგომ, რომლის სახე, მკერდის სისავსე და ტუჩები მოსვენებას მიკარგავდა, ნომერი არასწორად დამიწერა, რათა გამევლო ასობით კილომეტრი და ვერაფრით შევხვედროდი. მაშინ პირველად მივხვდი, რას ნიშნავს გახელება, რისხვა და უმიზნო, უნიადაგო გაჭრა უცხო ქალაქში, დაუნდობელ თქეშში, სადაც ჩემი აბობოქრებული სული ზღვის ბორგვასა და ღმუილს ეხმატკბილებოდა. მისი ხელით დაწერილი ნომერი ახლაც თვლემს ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში გულის გატეხის მოსაგონარ სხვა ნივთებთან ერთად. მე კი არაფერი ვიცოდი მასზე, გარდა იმისა, რომ იყო ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო  და ახლაც არაფერი ვიცი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ, სრულიად საბედისწეროდ, მედეა ერქვა.

 

ყველა ლოგიკით, მეორე დღესვე უნდა დავბრუნებულიყავი უკან და, შესაძლოა, ასეც მომხდარიყო ნებისმიერ სხვა ქალაქში, მაგრამ, ხომ ვთქვი, ბათუმი ჯადოსნური ქალაქია, სადაც სევდაც სხვანაირია, გახელებაც, გაჭრაც, სიხარულიც, სიყვარულიც, ზღვაც, ყავაც, ხაჭაპურიც და – ყველაფერი ერთად ბათუმურია, ანუ ასეთი მხოლოდ ამ ქალაქშია და მორჩა და გათავდა. დანარჩენის მოყოლა შეუძლებელი ხდება ყოველთვის, რადგან, უბრალოდ, საკუთარ თავზე გამოსაცდელი ამბებია, თორემ ამის მოყოლა რომ შეიძლებოდეს, ჯადოსნურიც ხომ აღარ იქნებოდა. მას შემდეგ თითქმის ყოველ წელს მივდივარ ბათუმში და, მართალია, უკვე დიდი ხანია, პატარა ბიჭი აღარ მეთქმის, პოლიციაც ცივილიზებულია და დანაშაულთან ბრძოლასა და ადამიანების დახმარებაზეა მომართული, აღარც მატარებელია არაკომფორტული და აჭარასაც აღარ მართავენ შეშინებული ადამიანები, მაგრამ მაინც ყოველთვის მღელვარება მიპყრობს ხოლმე, სულ სხვა მღელვარება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ მარტო ვარ თუ მეგობრებთან ერთად, ორი დღით მივდივარ თუ ორი თვით, მნიშვნელობა არა აქვს, ბათუმში ჩემს წილ თავგადასავალს გადავიხდენ, საჩემო ამბავს გადავაწყდები და ეს იქნება ზუსტად ის, რაც მოცემულ მომენტში ჩემთვის ყველაზე საჭირო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდეს, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა. და მეც ყოველთვის, როცა ბათუმიდან უკან ვბრუნდები, განშორებისგან გულდაწყვეტილი, ვფიქრობ: „ჯანდაბას ჩემი თავი, ეს ხომ ჯადოსნური ქალაქია!“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: