კვირის ამბები

სასმელი წყალი, რომლის ხარისხზეც პასუხს არავინ აგებს

05.06.2015 • 3651
სასმელი წყალი, რომლის ხარისხზეც პასუხს არავინ აგებს

 

 

მოსახლეობა ჭის ანუ შეუმოწმებელ წყალს მოიხმარს ადლიის, ანგისის, მეჯინისწყლის, კახაბრის, შარაბიძეების დასახლებაში. დალი ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ის ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, შარაბიძეების დასახლებაში ხუთსართულიან კორპუსში ცხოვრობს. მისი ოჯახი ჭის წყლით სარგებლობს. წყლის საქაჩი ჭაბურღილის შეძენა-მონტაჟისთვის დალიმ და სადარბაზოს მეზობლებმა თანხა შეაგროვეს, რადგან კორპუსში შემავალი წყლის სისტემა მოძველებულია და არ მუშაობს. დალიმ იცის, რომ ”მატორის წყალი” დაბინძურებულია. ის ცდილობს თავისი ოჯახის უსაფრთხოება შეძლებისდაგვარად დაიცვას – ამერიკაში მცხოვრებ მეგობარს სპეციალური ფილტრი ჩამოატანინა და სამზარეულოს ონკანზე აქვს დამონტაჟებული.
”ბაქტერიებს ვერ შველის, მაგრამ, როგორც ამიხსნეს, კარგი დამცავი შრეები აქვს. მეზობელმა წყალი ლაბორატორიულად შეამოწმებინა და უთხრეს, რომ დაბინძურებული, სასმელად უვარგისია, მაგრამ მაინც მოვიხმართ. სხვა წყალი, უბრალოდ, არ არსებობს”.

ანალოგიურად ”მატორის წყალს” მოიხმარენ დალის მეზობლებიც. შარაბიძეების დასახლებაში ყველა სადარბაზოს თავისი წყლის საქაჩი მოწყობილობა აქვს. მეზობლებს ჭაბურღილის ჩართვა-გამორთვაზე მორიგეობა აქვთ დაწესებული.

წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქ არამხოლოდ სასმელი წყლის, არამედ ტექნიკური წყლის პრობლემაც კი დგას.

 

”დაბინძურებულ წყალზეც თანახმა ვარ, სახლის დასალაგებლად და გასარეცხად მაინც გამოვიყენებდი”, – ამბობს ინეზა მაიბა.

”არჩევნებამდე ერთი კაცი იყო მოსული, ხელი მოგვაწერინა, რომ ხმას თუ მივცემდით, წყალს გაგვიკეთებდა. არჩევნების შემდეგ არც ის კაცი გამოჩენილა და არც წყალი გვაქვს. არც ის ვიცით ვინაა ჩვენი დეპუტატი. ეს პრობლემა წლებია დგას და არ გვჯერა, რომ ვინმე მართლა მოაგვარებს”, – ამბობს ციური რახიმოღლი. ისიც ანგისის დასახლებაში ცხოვრობს.

 

სისტემაში წყალი წლებია არ მოდის ადლიის დასახლებაშიც, თუმცა აქ უწყლობის პრობლემა დღის წესრიგში არც ისე მწვავედ დგას, – ყველა ოჯახს ეზოში ინდივიდუალური ჭაბურღილი აქვს დამონტაჟებული. აქ მოსახლეობას ჭის წყლის ხარისხი არ აშინებს. ამბობენ, რომ ჭიდან საუკეთსო ცივი წყალი ამოდის. თუმცა მათგან ბევრს წყლის ხარისხი არასდროს შეუმოწმებია.

 

”ეს წყალი ორმოცი მეტრის სიღრმიდან მოდის. ამას შემოწმება არ სჭირდება. სისტემის წყალი როგორ არ გვინდა, მატორს დენი მიაქვს და გადასახადი იზრდება”, – ამბობს ენვერ წულუკიძე. მისი მეზობლის თქმით კი, რომელიც ასევე ჭაბურღილის წყლით სარგებლობს, ჭების წყლის ხარისხი ადლიაში ბოლოს ”კომუნისტების დროს შეამოწმეს”.

წყალმომარაგების, მათ შორის ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა (მე-16 თავი). კოდექსში ასევე ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და ასევე, არ არის კანონით აკრძალული.

ბათუმში მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგება მერიასთან დადებული შეთანხმების თანახმად შპს ”ბათუმის წყლის” კომპეტენციაა. ეს ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას მიწოდებული წყლის ხარისხზეც. თუმცა, თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნის მიუხედავად, შპს ”ბათუმის წყალს”, რომელიც 100 %-ით მერიის საკუთრებაა, იმ წყლის ხარისხის კონტროლი არ ევალება, რომელსაც მოსახლეობა თვითნებურად დამონტაჟებული ჭაბურღილებიდან მოიხმარს. უფრო მეტიც, ორგანიზაციის პრესსამსახურის განმარტებით, ”ბათუმის წყალი” წყლის მიწოდებაზე მხოლოდ იმ უბნებში იღებს ვალდებულებას, რომლებშიც წყლის გაყვანილობის სისტემას რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.

აჭარაში სურსათის ხარისხის, მათ შორის სასმელი წყლის კონტროლი სურსათუვნებლობის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს აბარია. სამსახური ამ ფუნქციის შესასრულებლად როგორც საკვები პროდუქტის, ასევე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით სინჯებს პერიოდულად იღებს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის უწყებას რეაგირებისთვის რეკომენდაციით მიმართავს. თუმცა რა ხარისხის წყალს მოიხმარს მოსახლეობა, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტი არსებული სისტემით სასმელ წყალს ვერ აწვდის, ამის კონტროლი არც სურსათუვნებლობის სამმართველოს ევალება.

”სახელმწიფო კონტროლი ასეთი წყლების გამოკვლევას ვერ გაითვალისწინებს. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ცენტრალიზებულ წყალსადენზე, თუმცა თუ გამოვლინდა ეპიდემიოლოგიურად საშიში სიტუაცია, შეიძლება პროგრამას გადავუხვიოთ. შარშან გვქონდა პრეცედენტი, როცა ასეთი ჭაბურღილებიდან ავიღეთ სინჯი. ე.წ. ოცნების ქალაქში ის წყალი გადავამოწმეთ, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარდა. გამოიკვეთა სანიტარული დარღვევები. პათოგენები, რაც დაავადებებს გამოიწვევდა, არ დაფიქსირებულა, თუმცა წყალი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ამის თაობაზე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვაცნობეთ”, – ამბობს სურსათუვნებლობის სააგენტოს აჭარის სამმართველოს სპეციალისტი გიგლა ჯიბლაძე.

 

გიგლა ჯიბლაძე პროფესიით ჰიგიენისტ-ეპიდემიოლოგია. მას პროფესიული გამოცდილება საფუძველს აძლევს ივარაუდოს, რომ ჭაბურღილების წყალი ძირითადად არასტანდარტულია: ”მას მოიპოვებენ შეუსაბამო სიღრმიდან, ამის გამო ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ სანიტარული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში არ იყოს. ჩვენ ამ წყალზე სახელმწიფო კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ისევე როგორც ოჯახში დამზადებულ საჭმელზე”.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდზე მოდის დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, `რაც, სავარაუდოდ, გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.”

დიარეით მიმდინარე დაავადებათა საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით კი, 2014 წელს აჭარაში საკვებით მოწამვლის 5 153 შემთხვევა დაფიქსირდა. დიფერენცირებული არ არის აქედან რამდენი შემთხვევა უკავშირდებოდა სასმელ წყალს. 2015 წელს, იანვრიდან დღემდე, მოწამვლის 1 155 შემთხვევაა დაფიქსირებული.

”დაბინძურებული წყალი შესაძლოა ნაწლაური ინფექციის გამომწვევი მიზეზი გახდეს, თუმცა არის თუ არა დაინფიცირების მიზეზი წყალი, ლაბორატორიულად უნდა დადასტურდეს. თუ წყალში ბაქტერიაა, გამოვლენა უფრო მალე იჩენს თავს. ვსაუბრობ დღეებსა და კვირეებზე. თუ წყალი შეიცავს ქიმიურ მინარევებს, ეს სხვა საკითხია”, – განმარტავს ინფექციონისტი ლალი საღარაძე.

კითხვაზე, თუ ავადობა არ ვლინდება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წყალი სუფთაა? ეპიდემიოლოგი გიგლა ჯიბლაძე პასუხობს: ”რადგან არ მოვიწამლეთ და ავად არ გავხვდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყალი სასარგებლოა. მოსახლეობას, რომელსაც ის არ შეუმოწმებია და ამტკიცებს, რომ წყალი სასარგებლოა, აქვს სუბიექტური შეგრძნება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი წყალი ნორმის ფარგლებში ჩაჯდეს. თუ მე დღეს არ მოვიწამლე, არ ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ჰიგიენური ნორმა. თვითმმართველობის კანონში წერია, რომ მუნიციპალიტეტი უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, მათი პრეროგატივაა მიმართონ შესაბამის ლაბორატორიას, აიღონ სინჯები და გამოიკვლიონ სასმელი წყალი. მითუმეტეს, რომ ზედამხედველობის სამსახურს ჰყავს ჰიგიენისტი, რომელიც ამას უნდა აკონტროლებდეს”.
ბათუმის მერიის სანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა ნუგზარ ცეცხლაძემ განმარტა, რომ სასმელი წყლის ხარისხის კვლევა არც მის განყოფილებას ეხება.

სასმელი წყლის მინიმალისტურ შემოწმებას სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში 72 საათზე მეტი სჭირდება და 78 ლარი ღირს. ამ დროისთვის არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარებას უზრუნველყოფდა.

 

 

ბათუმის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მერია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს, პროექტი ოთხფაზიანია და ამ ეტაპზე მესამე ფაზა ხორციელდება. მერის მრჩევლის ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს, შემოერთებულ ტერიტორიაზე (ადლია, ანგისა, კახაბერი, შარაბიძეები) წყალგაყვანილობის სისტემის შესაცვლელად უახლოეს მომავალში ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევა დაიწყება, რის შემდეგაც ჩამოირიცხება თანხა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად (ჩაქვსა და მახინჯაურში ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია), მომავალ წელს კი გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე. ჯაბა ტუღუშის თქმით, ამ დროისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა წყლით მახინჯაურის ძველი სისტემიდან სპეციალური განრიგის მიხედვით მარაგდება.

 

სპეციალისტის მოსაზრება
ჭის წყლის ხარისხზე


მიუხედავად იმისა, რომ ადლიის დასახლება ერთი ჰორიზონტია, ახლო-ახლოს მდებარე ორ ჭაბურღილში შეიძლება დაფიქსირდეს სხვადასხვა მონაცემი. ეს დამოკიდებულია ნიადაგზე, თუ რა ტიპის დაბინძურება ხდება კონკრეტულ ადგილზე. წყალი უნდა გამოიკვლიონ, როგორც ორგანულ-ლეპტიკურად – სუნი, გემო და ფერი, ასევე ქიმიურ-მიკრობიოლოგიურად.

ზოგადად კი, სამი ტიპის წყალი არსებობს. ზედა ფენის წყალი, რომელიც მიწის ზედაპირიდან 2-2 მეტრს არ აღემატება. ზედა ფენის წყლის დაბინძურების რისკი მაღალია, ამიტომ სანიტარული თვალსაზრისით სასმელად მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შემდეგია გრუნტის წყლები, ის წარმოიქმნება წყალგამტარ და წყალგაუმტარ ფენას შორის, 5-6 მეტრიდან რამდენიმე ათეულ მეტრამდე, რაც წარმოადგენს ადგილობრივ მომარაგებას. ცენტრალიზებული წყალი ადვილად კონტროლირებადია.

არტეზიული წყალი მრავალგაუმტარ ფენათა შორის არსებული წყალია. ეს შეიძლება იყოს ას მეტრამდე სიღრმეში. ეს წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მიკრობიოლოგიურადაც სუფთაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: