კვირის ამბები

პრობლემები და გამოწვევები ციტრუსის დაზღვევაში

26.01.2015 • 2123
პრობლემები და გამოწვევები ციტრუსის დაზღვევაში

 

ფერმერი „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ თანამშრომლობის შესახებ

 

ჯემალ ჩავლეიშვილმა თავისი ციტრუსი  ნაწილობრივ გასული წლის შემოდგომაზე „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დააზღვია. ფერმერი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახაბერში ცხოვრობს, სხვა ბევრი თანასოფლელისგან იმით გამოირჩევა, რომ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალურად არის ინფორმირებული, შესაბამისად, მისი მოთხოვნებიც მზღვეველი კომპანიის მიმართ უფრო მეტი იყო, ვიდრე – თანასოფლელების. თუმცა, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“  თავისი საქმიანობით შეძლო ის, რომ ჯემალ ჩავლეიშვილი ძალიან კმაყოფილია მათთან თანამშრომლობით.

 

ჯემალ ჩავლეიშვილი იხსენებს იმ პროცესს, რაც ციტრუსის დასეტყვის შემდეგ მან და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსპერტებმა ერთად გასწიეს: „დიდი ზარალი მომადგა, ამიტომ სეტყვიდან მეორე დღესვე ჩავედი ოფისში და შევატყობინე ზარალის შესახებ. მესამე დღეს ოფიციალური განცხადებით მივმართე კომპანიას. მეხუთე დღეს მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და შეამოწმეს არსებული მდგომარეობა. კომპანიამ დამატებითი ექსპერტიც მოიწვია – უნივერსიტეტის პროფესორმა გუგული დუმბაძემ შეაფასა მდგომარეობა“.

 

მდგომარეობის ზუსტი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ჯემალ ჩავლეიშვილის  ციტრუსის დაზღვეული მოსავალი – 5 ტონა მანდარინი სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. ფერმერს ყოველი კილოგრამი დაზიანებული მანდარინი 48 თეთრით აუნაზღაურეს.

 

ჯემალ ჩავლეიშვილი აპირებს მომავალშიც დააზღვიოს თავისი ციტრუსის მოსავალი, მაგრამ პროგრამასთან მიმართებაში აქვს შენიშვნებიც: „ერთადერთი, შეიძლება დაიხვეწოს სადაზღვევო კანონმდებლობა. ზოგი მოსავლიანი ბაღია, ზოგი – ნაკლებად მოსავლიანი, სადაზღვევო კომპანია უნდა მოვიდეს და შეამოწმოს ბაღები. „ჯიპიაის“  კარგად ჰქონდა შემუშვებული ეს პროცესი – შემოწმებულ ბაღებს კოდს ანიჭებდა და ვისაც არ ჰქონდა ნარგავები, იმას არ აზღვევდა. შემოწმება გაზაფხულზე უნდა მოხდეს. ამ გზით გამოჩნდება, ვის უნდა დაზღვევა და ვის – არა. იმ დროს, როცა ნაყოფია, ყველას მოუნდება დაზღვევა“.

 

 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ როლი ციტრუსის დაზღვევაში

 

როგორ მოახერხა კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ უმრავლესი ბენეფიციარის მოთხოვნებზე მორგება და რა იყო ამ პროცესში კომპანიის მთავარი გამოწვევა? – კომპანიის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აცხადებს, რომ „მთავარი გამოწვევა იყო პირობებზე შეთანხმება, რაც საკმაოდ ეფექტურად შევათანხმეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან, რომლის ეგიდითაც ეს პროექტი განხორციელდა. მეორე გამოწვევა კი იყო ის, რომ ინფორმაცია აგროდაზღვევის შესახებ, რაც შეიძლება მეტი ფერმერისთვის მიგვეწოდებინა. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ეფექტურად ვიმუშავეთ – ავაწყვეთ სააგენტო ქსელი რეგიონებში და ბევრ ფერმერამდე  ინფორმაცია ჩვენი გავლით მივიდა. სახელმწიფოც, რა თქმა უნდა, მუშაობდა ამ საკითხზე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ სადაზღვევო კომპანიები ჩართულიყვნენ პროცესში და ჩვენ აღმოვჩნდით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური“. 

 

პაატა ლომაძე საუბრობს კიდევ ერთ სირთულეზე, რომელიც მუშა პროცესში გამოჩნდა – ზიანის დროულ ანაზღაურებაზე: „გვესმის, რომ პირველი წელია დაზღვევის და შესაძლოა ბევრმა ფერმერმა არ იცის, რომ პოლისის პირობების მიხედვით იმოქმედოს. ამიტომ ბევრმა დააგვიანა ჩვენამდე ინფორმაციის მოტანა. ჩვენ თავად ავდიოდით ზარალის ექსპერტიზაზე, რომ დაგვეჩქარებინა პროცესი. ყველა ზარალი, ცხადია, ვნახეთ და დავადგინეთ – ტერიტორიული განაწილებაც საკმაოდ დიდია და ესეც ართულებდა პროცესს, მაგრამ, გვგონია, რომ საკმაოდ ოპერატიულად გავართვით თავი – უბრალოდ, ძალიან ბევრი განაცხადი შემოვიდა და ერთ დღეში ან თუნდაც ერთ კვირაში ფიზიკურად შეუძლებელია თანხის გაცემა – შესაბამისად, კომპენსაციას გავცემთ ეტაპობრივად“.

 

პაატა ლომაძის ინფორმაციით, ამ პროცესში სახელმწიფო შეფერხების გარეშე მუშაობს – „პრემიების გადმორიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება, რაც ჩვენი საქმიანობის ეფექტურობასაც განაპირობებს“. პაატა ლომაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების ვადები გაწერილია პოლისის პირობებში. პროექტით ეს ვადაა ზარალის დარეგულირებიდან და საბუთების მოწესრიგებიდან 15 სამუშაო დღე.

 

გასულ წელს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ აგროდაზღვევის პაკეტებიდან სადაზღვევო კომპანიებს მოგება არ მიუღიათ. კლიმატური პირობების გამო მოსავალი განადგურდა და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე მიიღეს. პაატა ლომაძის მოსაზრება ამ საკითხზე შემდეგია: „წლიურ შედეგებზე ჯერ კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ 2014 წელი უნდა დაიხუროს და, შესაბამისად, ზუსტი შედეგები გაზაფხულზე გვექნება, მაგრამ პირველადი შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზარალიანობა საკმაოდ დიდია. მოგეხსენებათ, შემოდგომაზე რამდენიმეჯერ იყო სეტყვა და ძლიერი წვიმა, რამაც  ბევრი ფერმერი დააზარალა. თუმცა აგროდაზღვევის არსიც სწორედ ეს არის, რომ სტიქიური მოვლენებისგან ფერმერმა თავი დაიცვას და არ იზარალოს“.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“  აგროდაზღვევის პროექტში ლიდერი კომპანიაა. პაატა ლომაძის თქმით, ზუსტი სტატისტიკა, რამდენ ფერმერს მოემსახურა „ჯიპიაი ჰოლდინგი“,  გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

 

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აჭარასა და გურიაში სულ 5000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი აქვს გაცემული. „1500-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ზარალის ანაზღაურებაზე, ჯამში გავცემთ 400 000 ლარს. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყეთ ზარალის დარეგულირება-გაცემა“, – ამბობს პაატა ლომაძე.

 

წელს აგროდაზღვევაში სახელმწიფო სუბსიდირება საპილოტე პროგრამა იყო. პაატა ლომაძის აზრით, „ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საპილოტე პროექტის ანალიზი და მსჯელობა იმაზე, სამომავლოდ რა და როგორ უნდა გაგრძელდეს, ახლა მიმდინარეობს. მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, აგროდაზღვევა არსად განვითარებულა სახელმწიფოს ნაწილობრივი მონაწილეობის ან სრული სუბსიდირების გარეშე. როდესაც სახელმწიფო ახდენს სუბსიდირებას, ეს ნიშნავს, რომ პროექტი მთელს ქვეყანაზე ვრცელდება და პორტფელი როცა დიდია, პირობებიც და ტარიფიც ხელმისაწვდომი გამოდის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუბსიდირების გარეშე აგროდაზღვევის განვითარება თითქმის შეუძლებელია“.

 

გამგებლების თვალით დანახული პრობლემები

 

აგროდაზღვევის პროგრამაში ძირითადად ჩართული იყო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც ფერმერებმა ციტრუსი დააზღვიეს.

 

ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის თქმით, პირველ ეტაპზე მოსახლეობაში ხელშეკრულებებთან დაკავშირებით იყო გაურკვევლობა, რომელიც მალე გამოსწორდა. ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პრობლემები იყო ქობულეთშიც.

 

„ძირითადი პრობლემები იყო ის, რომ ხელშეკრულებები წაკითხული არ ჰქონდათ ბენეფიციარებს. არ იცოდნენ, რომ ზარალის მიღებისთანავე უნდა დაერეკათ ცხელ ხაზზე. ამას ისიც ემატებოდა, რომ სეტყვის კვალი მოსავალზე ორი-სამი დღის მერე ჩნდება“, – ამბობს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.

 

მოსახლეობა დასახმარებლად მიმართავდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსაც. სააგენტოში შესული ზარების მონიტორინგის მიხედვით, თავდაპირველად მოსახლეობას პროგრამის შინაარსთან ჰქონდათ კითხვები, შემდეგ პროგრამის პროცესთან, რა ვადები ჰქონდა, როდის შევიდოდა პოლისი ძალაში და ასე შემდეგ. მერე ზარალის კუთხითაც რეკავდნენ. ზოგი უკმაყოფილო იყო პროცენტის გამოთვლით, ყოფილა ზარები არადროულად ანაზღაურების შესახებაც.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მზაობა

 

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „თუკი „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეულ ფერმერს ჯერ არ მიუღია ზარალის საზღაური, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ფერმერია დაზღვეული კომპანიაში, რომელთაც 2014 წელს სტიქიამ დაუზიანა მოსავალი, ამიტომ ანაზღაურების გაცემა დამოკიდებულია დროზე. „ჯიპიაის“ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აგროდაზღვევის კუთხით, – კომპანიამ ააწყო სააგენტოს ქსელი რეგიონებში და იმაზე ადრე დავიწყეთ რეაგირება, ვიდრე განაცხადებს მივიღებდით ფერმერებისგან. იმის გამო, რომ აგროდაზღვევა საპილოტე პროგრამაა, ყველა ფერმერმა ჯერ მაინც არ იცის, რომ პოლისის პირობების მიხედვით უნდა იმოქმედოს. ამიტომ ბევრმა დააგვიანა ზარალის შესახებ დროულად ეცნობებინა მზღვეველისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული განაწილება დიდია და ეს პროცესს ართულებდა, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა ყველა ზარალი ადგილზე ნახეს და შეისწავლეს“.

 

აგროდაზღვევის იდეა და სახელმწიფოს სუბსიდირების როლი

 

საცდელი პროგრამის განხორციელებიდან ხუთი თვის შემდეგ სამივე მხარე _ როგორც მზღვეველი კომპანია, ასევე სუბსიდირების გამცემი სახელმწიფო ორგანო და ფერმერები თანხმდებიან იმაზე, რომ აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

 

აგროდაზღვევის პროგრამისთვის ს­ა­ხე­ლმწიფოს 5 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ლევან მაღრაძე ამბობს, სააგენტომ ეს თანხა სრულად აითვისა და გაიყიდა 21 000-ზე მეტი პოლისი.

 

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფოს 95%-იანი სუბსიდირებით ფერმერების მოსავლის სტიქიური მოვლენებისგან დაზღვევას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერის, ლევან მაღრაძის თქმით, პროექტი 2015 წელშიც გაგრძელდება და ფერმერებს თებერვლიდან შეეძლებათ დაიწყონ მოსავლის დაზღვევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: