კვირის ამბები

იდენტობა აცხადებს, რომ ორგანიზაციას და ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრებიან

08.01.2015 • 1429
იდენტობა აცხადებს, რომ ორგანიზაციას და ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრებიან

უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მუქარის შესახებ განცხადება საჯაროდ თავის ვებ გვერდზე გაავრცელა. “იდენტობის” ხელმძღვანელის ანა რეხვიაშვილის თქმით, განცხადებას ასევე შეიტანენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

“ირაკლი ვაჭარაძის კომენტარს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, სადაც ის სამართლიანად აფასებს ეპისტოლეს შინაარსს ქალთა უფლებების წინააღმდეგ მიმართულ განაცხადად, ფიზიკური განადგურების მუქარის შემცველი წერილები მოჰყვა”, – წერს იდენტობა 8 იანვარს.

 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ოფისში არ წყდება მუქარის ზარები, პოლიციას მიმართავს და თხოვს ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულ მუქარას, რადგან ამგვარი თავდასხმები ორგანიზაციასა და ირაკლი ვაჭარაძეზე სისტემურ ხასიათს ატარებს და არ შემოიფარგლება ერთჯერადი, ვერბალური დაპირისპირებით. “ამგვარ შემთხვევებს პერმანენტული და სისტემური ხასიათი გააჩნია”.

 

“იმ ფონზე, როდესაც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის სავალალო შედეგებს იმკის, არანაკლებ საფრთხის შემცველია ამგვარი მუქარები ჩვენ მიმართ. ისინი შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ აგრესიას, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და წარმოადგენს სრულიად მიზანმიმართულ, რეალურ საფრთხეს. რელიგიური ფუნდამენტალიზმის ფონზე ჩადენილი დანაშაულების უგულებელყოფა მხოლოდ წაახალისებს ძალადობას და ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს”, – აცხადებს “იდენტობა”.

 

ორგანიზაცია თავის განცხადებაში იმ პირებსაც ასახელებს, რომლებიც “იდენტობას” და ირაკლი ვაჭარაძეს ემუქრებიან, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი, არქიმანდიტი ანთიმოზია,  მეორე – ლადო სადღობელაშვილი. 

 

 ეს უკანასკნელი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს: 

 

“ირაკლი ვაჭარაძე – მოიხადე ბოდიში! ითხოვე პატიება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ „იდენტობა“ არ არსებობს! შენ და შენს კანტორას ელის ძალიან ცუდი დღეები! შენს ნაც კონტროლირებად-ექსტრემისტულ ორგანიზაციას უნდა მოეღოს ბოლო !!!
ჩვენთან არს უფალი!”

 

სადღობელაშვილი 10 იანვარს იდენტობას ოფისთან აქციასაც აანონსებს, რომლის მთავარი მოთხოვნა “იდენტობის” აკრძალვა იქნება. 

 

“იდენტობაში” აცხადებენ, რომ მუქარის შემცველი კომენტარების ნაწილი სოციალური ქსელებიდან წაშლილია, თუმცა აქვთ ეკრანის ანაბეჭდები, რომელსაც თან დაურთავენ საჩივარს. 

 

ორგანიზაცია „იდენტობა“ სამართალდამცავ ორგანოებს  რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამგვარი თავდასხმები ფიზიკური ანგარიშსწორების რეალურ საფუძველს შეიცავს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყეს თუ არა სამართალდაცავებმა გამოძიება და როგორ აპირებენ  უზრუნველყონ ორგანიზაციის და ირაკლი ვაჭარაძის უსაფრთხოება. შსს-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “ირაკლი ვაჭარაძეს სამართალდამცავები გაესაუბრებიან და მოახდენენ რეაგირებას”. 

გადაბეჭდვის წესი