კვირის ამბები

დაჯარიმებულები სასამართლო დარბაზში

12.12.2014 • 1707
დაჯარიმებულები სასამართლო დარბაზში

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

 

2014 წლის 5 დეკემბერი. ბათუმის საქალაქო სასამართლო.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი: ყველას გთხოვთ დამშვიდდით ბატონებო… ველოდები თქვენს დაწყნარებას… დაწყნარდი თორემ იძულებული ვარ სხვა ზომებს მივმართო (დარბაზში შემოყვანილი პატიმრები ახლობლებს ესალმებოდნენ, საქმეში სულ ხუთი ბრალდებულია).

პროკურორი შოთა ხორავა: ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ ნუ ისვრიან რეპლიკებს. შეაჩერეთ ისინი.
მოსამართლე: უკვე მივეცი შენიშვნა.

პროკურორი: შენიშვნას თქვენ უკვე 30-ჯერ აძლევთ.

მოსამართლე: თუ მინდა ასჯერ მივცემ შენიშვნას და როცა ჩავთვლი საჭიროდ, მაშინ გამოვიყენებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს…

მოსამართლე ყველა პროცესის დაწყების წინ დარბაზში მყოფებსა და პროცესში მონაწილე პირებს აფრთხილებს იმ მოსალოდნელი სასჯელის შესახებ, რაც შესაძლოა მათ დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარბაზში წესრიგს დაარღვევენ ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოს უპატივცემულობად და სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის? – არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ეს კონკრეტულ მოსამართლეზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოიყენებს სამართალწარმოების ამ ნორმებს.

“სასამართლოს უპატივცემულობად სხვადასხვა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს. პრაქტიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა მოსამართლეები არასწორად იყენებენ ამ ნორმას და შეურაცხყოფად თვლიან იმას, რაც რეალურად არ არის შეურაცხყოფა, მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ადვოკატი რაღაც განცხადებას აკეთებს და ეს სასამართლოს ჩაუთვლია, რომ მას შეურაცხოფას აყენებ. მოსამართლეს შეუძლია პირს მისცეს შენიშვნა, დაკავების, სხდომიდან გაძევების ან დაჯარიმების ბრძანება გასცეს”, – ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის მესამე საპყრობილის ყოფილ უფროსს, ბრალდებულ გიორგი ვეკუას მოწმემ “შენ” ფორმით მიმართა. ბრალდებულმა ეს გააპროტესტა და სასამართლოში ითხოვა, რომ დაზარალებულს მისთვის “თქვენ” ფორმით მიემართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი განმარტა, რომ პირის ნაცვალსახელი “შენ” ფორმით მიმართვა არც მას მოსწონს, თუმცა ვალდებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, ამიტომაც მიაჩნია, რომ “შენ” ფორმით მიმართვა შეურაცხყოფა არ არის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა ჩათვალა, რომ ადვოკატ ირაკლი შავაძეს სასამართლოსთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის ის ბრძანება, რომლის საფუძველზეც 100 ლარით მოსამართლე მამისეიშვილმა ადვოკატი დააჯარიმა. სასამართლო პროცესზე, რა დროსაც ადვოკატი მოსამართლემ დააჯარიმა, ირაკლი შავაძემ მოწმეს რამდენჯერმე მიმართა პირის ნაცვალსახელით – “შენ”. მოსამართლემ ამის გამო ადვოკატს შენიშვნა მისცა.

შენიშვნის შემდეგ შავაძე მოწმეს “პატივცემულო”, “ბატონო” და “თქვენობით” მიმართავდა, მაგრამ რამდენჯერმე მაინც მიმართა “შენობით”. მოსამართლემ სწორედ ამის გამო დააჯარიმა ადვოკატი 100 ლარით. დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება ირაკლი შავაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მისი საჩივარი დააკმაყოფილა. 

უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული დოკუმენტით დგინდება, რომ 2014 წლის 10 თვეში საქართველოში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში სულ ოთხ პირს წაუყენეს ბრალდება სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით.

სასამართლოს უპატივცემულობა კოდექსში ასეა განმარტებული: უპატივცემულობა გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე. ამ კოდექსის მეორე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლო ახლა მსგავსი შინაარსის ერთ საქმეს განიხილავს, სადაც ორი ბრალდებულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ გასულ, 2013 წელს, სასამართლო დარბაზში დააჯარიმეს სულ 47 პირი. 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში – 29 პირი. სასამართლო გამოგზავნილ დოკუმენტში იწერება, რომ მსგავს სტატისტიკას კანცელარია არ აწარმოებს და ეს მონაცემები მხოლოდ მიმდინარე საქმეების საფუძველზე მოამზადეს. აქედან რამდენიმე პირმა ჯარიმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, ხოლო სინამდვილეში სულ რამდენი პირია დაჯარიმებული და აქედან რამდენი ადვოკატი, პროკურორი ან დარბაზში მსხდომი სხვა პირები უცნობია, რადგან ასეთ სტატისტიკას სასამართლო არ აწარმოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: