კვირის ამბები

გადასახლების შავი დღეები

01.12.2014 • 1669
გადასახლების შავი დღეები

GE DIGITAL CAMERA

რევაზ გოგიტიძე

„ოთხშაბათი დღე თენდებოდა, როცა კარებზე ბრახუნი ატყდა. უცებ შემოცვივდნენ ჯარისკაცები და ოჯახის ყველა წევრი ერთად დაგვაყენეს. გასაქანს არ გვაძლევდნენ. გაჩხრიკეს სახლი და შემდეგ ბარგის ჩალაგება გვიბრძანეს. მამაჩემი მამუდ გოგიტიძე იმ დროს ძალიან ავადმყოფობდა, ჩემს ძმასაც შეუძლოდ ჰყავდა ბავშვი და წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში რის წაღებას მოვახერხებდით? რაც არ უნდა ძლიერი იყო ადამიანი, ეს ავტომატიანები მაინც გთრგუნავს“, – ამბობს რევაზი.

რევაზ გოგიტიძის ოჯახი, სხვა გადასახლებულებთან ერთად, სატვირთო ეშელონებში მოათავსეს: „რაც ხურჯინებში ჩაგვეტია, იმის წაღება შევძელით. საქონელივით გვეპყრობოდნენ, 14 დღე კოშმარული დღე გავატარეთ ეშელონების სიბუნძურესა და სიცივეში. სოფლის ცენტრში რომ ჩამოვედით, ჩემი სკოლის დირექტორი შემხვდა, ნუ გეშინია, დაბრუნდები და კიდევ ისწავლიო – მითხრა. მე კი ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი სოფელს და დირექტორსაც“.

რევაზ გოგოტიძის ოჯახიც ისეთივე მძიმე პირობებში ცხოვრობდა, როგორც მათთან ერთად გადასახლებული ადამიანები. ტალახისგან გამოჭრილი „აგურებით“ პატარა ოთახები ააგეს, სწორედ აქ გაატარეს გადასახლების ორი წელი.

„ცოცხალი რომ გადარჩენილიყავი, უნდა გეშრომა, ისე არავინ მოგაწვდიდა ლუკმაპურს. დიდი და პატარა – ყველა ვმუშაობდით, საშინელ სიცხესა და დამთრგუნველ გარემოში. ირგვლივ თვალუწვდენელი პლანტაციები იყო, ვერ გაიგებდი სად იდექი, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში, ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა, ამის გამო ხშირად იკარგებოდნენ ადამიანები. მამაჩემმა გაგვაფრთხილა, თუ დაიკარგეთ და გზა ვერ გაიკვლიეთ, ტალახის ქოხები ახსენეთ და ამით მიხვდებიან საიდან ხართო“.

რევაზ გოგიტიძეს სკოლაში აღარ უვლია, მისი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკური შრომით შემოიფარგლებოდა: „სულ დაღლილი ვიყავი, სულ ძილი მენატრებოდა. ერთხელ პლანტაციაში დამეძინა და თვალი რომ გავახილე, აღმოვაჩინე, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში მარტო ვიყავი. აღარ ვიცოდი საით წავსულიყავი. პლანტაციებთან უზარმაზარი სარწყავი არხები გადიოდა და მათი მეშვეობით როგორმე გზა გავიკვლიე. ამ არხებში კიდეც ვბანაობდით და სასმელადაც ვიყენებდით.

ერთხელ სათიბებში წაგვიყვანეს, შორს იყო ძალიან. გადაგვატარეს სირდარია, მაგრამ გამოვიქეცით ბიჭები. აქედან რომ გადაგვასახლეს, ის არ მეყოფა, ახლა მშობლებსაც მომაშორონ-მეთქი. სირდარია დიდი მდინარეა, მაგრამ ტივი ვიშოვეთ და ასე გადმოვიპარეთ. ძლივს მოვათრევდი ფეხებს. მე ყველაზე პატარა ვიყავი და მიჭირდა სიარული. გზაზე ჩამეძინა კიდეც, ნახევრად თვალდახუჭული მივყვებოდი ბიჭებს, ბუჩქს ფეხი წამოვკარი და წავიქეცი, რომ გამოფხიზლდი აღმოვაჩინე, რომ ძალიან ჩამოვრჩენილიყავი, პატარა, შავ წერტილებად მოჩანდნენ ისინი და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი“.

რევაზ გოგიტიძე ამბობს, რომ მისი მშობლები მშრომელი ადამიანები იყვნენ. „მამას შრომის ორდენიც კი ჰქონდა მიღებული. არ ვიცი, რატომ უნდა გადავესახლებინეთ, რა იყო მიზეზი. დედაჩემს ჩვილი ბავშვი ჰყავდა და მინიმუმი ვერ გამოიმუშავა. ამის გამო ოჯახებს საკარმიდამოს აჭრიდნენ და შემდეგ კოლექტივიდან რიცხავდნენ. მამაჩემს, როგორც მუშას, ავტორიტეტი ჰქონდა, ჩვენი სანერგეები განთქმული იყო მთელს რაიონში, ამიტომ რამდენიმე შრომადღის გამო არც სხვებს უნდოდათ, რომ მიწა დაგვეკარგა და დედაჩემს ჩუმად გაუფორმეს ეს შრომადღეები. იყვნენ გულისხმიერი ადამიანებიც და ისეთებიც, ვინც საკუთარი მედლების გამო „მავნებლებს“ ეძებდა სოფელში. ასეთი „მავნებლები“ გავხდით ჩვენც. არ ვიცი, როგორ გადავურჩით ამდენ წვალებას და დამცირებას“.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ გოგიტიძეები მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ და სოფლის ფერმად ქცეულ სახლში ახალი ცხოვრება დაიწყეს: „მეზობელს მამაჩემისგან თოფი ჰქონდა ნათხოვარი, როცა გვასახლებდნენ, მაშინ ბიძაჩემმა მოსთხოვა, დაგვიბრუნეო, მაგრამ არ აძლევდა. „მაინც ვეღარ დაბრუნდებიან, რად უნდათო“, – ეს სიტყვები მახსენდებოდა, როცა მატარებელში ვიჯექი და კავკასიის მთებს ვუცქერდი. „ხომ დავბრუნდი?“ – ვფიქრობდი გულში და განვლილი ტანჯვისა და მწარე მოგონებების მიუხედავად გულში სიხარულს ვგრძნობდი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: