კვირის ამბები

­­­ერთი კოვზი დედიკოს ხათრით

26.09.2014 • 4007
­­­ერთი კოვზი დედიკოს ხათრით

რა ასაკში იწყება უმადობასთან დაკავშირებული პრობლემები?

ყველაზე ხშირად უმადობა 3-5 წლის ასაკის ბავშვებში შეინიშნება, მაშინ, როცა ბავშვი პირველი კრიტიკული (გარდატეხის) ასაკის გადალახვას იწყებს.

რა შეიძლება გახდეს ბავშვის უმადობის მიზეზი?

უმადობა შეიძლება ფსიქიკაში ნებისმიერმა დარღვევამ გამოიწვიოს, რაც შემდგომში ფიზიოლოგიურ პროცესებზეც აისახება. დავიწყოთ იქედან, რომ თუ ბავშმა, ისევე როგორც მოზარდმა და ზრდასრულმა ადამიანმა, მიიღო სერიოზული სტრესი, მან შესაძლოა დაკარგოს მადა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეა აგებული და ბავშვებიც ამ ფსიქოლოგიური წნეხის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, აღენიშნებათ ხასიათის ცვლილება და ეკარგებათ მადაც.

ყველაზე ხშირად ბავშვები უჭმელობას მანიპულირების ხერხად იყენებენ. საერთოდ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, როცა ბავშვი კარგად არ ჭამს, ოჯახში აუცილებლად იწყება პანიკა – ვაიმე ბავშვმა კარგად არ ჭამა, რატომ ხდება ასე და ა.შ. ბავშვები ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი აბსოლუტურად ყველაფერს, წვრილმანებსაც აფიქსირებენ და შემდეგ ამ ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველა ბავშვს საკვების ათვისების თავისი ნორმა აქვს – თუ ერთ ბავშვს დიდი თეფშით სადილი ანაყრებს, მეორე ბავშვისთვის შეიძლება სამი-ოთხი კოვზიც საკმარისი იყოს.

ხშირად მადის დაკარგვა ცხოვრების წესის შეცვლასაც უკავშირდება. მაგალითად, როცა ბავშვი პირველად მიდის საბავშვო ბაღში, ხშირ შემთხვევაში, იგი იღებს სტრესს, იმიტომ, რომ ეს მისთვის უჩვეულო გარემოა. შესაძლოა ახალი გარემო მოსწონდეს კიდეც, მაგრამ ადაპტაციის პერიოდში პირველი, რაც მათ აშინებთ – დედის დაკარგვაა, მას ჰგონია, რომ დედამ ის მიატოვა. სწორედ მაშინ ჩნდება პროტესტი, რადგანაც კვების პროცესი დედას უკავშირდება – რატომ უნდა ვჭამო თუ დედა ჩემთან არ არის.

მიზეზი შეიძლება უბრალოდ ჭირვეულობაც იყოს – საქმე ისაა, რომ ისტერიკასა და ჭირვეულობას ბავშვები სწავლობენ. ხშირად ეს წაბაძვითი მომენტია, თუ ბავშვმა ნახა, რომ რომელიმე ბავშვი საბავშო ბაღში არ ჭამს ბოსტნეულს (რომელიც მასაც დიდად არ ეგემრიელება) და მის მეგობარს ეს დაუთმეს, მაშინ ის უცებ ითვისებს ამ მაგალითს და თვითონაც უარს ამბობს ამ საკვების მიღებაზე.

რამდენად მისაღებია მშობლის საქციელი, როცა ის ძალის გამოყენებით აჭმევს ბავშვს?

ბავშის ძალით გამოკვება ძალიან ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე, რაც მომავალში ბავშვის განვითარების გარკვეული დარღვევებით შეიძლება გამოიხატოს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დროს ორგანიზმი დაძალებით მიღებულ საკვებს სათანადოდ არ ითვისებს. ბავშვი ღიზიანდება, ეკარგება გემოს შეგრძნება, ის ვეღარ იღებს სიამოვნებას კვებისგან.

რაც შეეხება მუქარას…

საერთოდ აღზრდაში ხშირად ვუშებთ შეცდომებს, ვცდილობთ ვიღაცას შევადაროთ და შევაჯიბროთ ბავშვები. მართალია, ლიდერის თვისებები ბავშობიდან უნდა ჩამოვაყალიბოთ მათში, მაგრამ ეს მისი თვითშეფასების ამაღლების ხარჯზე უნდა მოხდეს და არავითარ შემთხვევაში სხვასთან შეჯიბრების. როცა ბავშვს ეუბნებით, რომ თუ თავად არ შეჭამს საჭმელს, სხვა შეუჭამს – ეს ბავშვის ქმედებას უარყოფითი მიმართულებით აყალიბებს.

დაუშვებელია ბავშვის შეშინება – თუ არ შეჭამ, გუდიანი მოვა, ან კიდევ უფრო უარესი, ბოლო დროს პოპულარული მუქარა, თუ ამას არ იზამ – პატრული წაგიყვანს. მომავალში მათ გარკვეული ფობია შეიძლება ჩამოუყალიბდეთ სამართალდამცავების მიმართ. რაც შეეხება “დედიკოს და მამიკოს ხათრით” თითო კოვზის შეჭმას, შეიძლება ითქვას, რომ ესეც იძულების ფორმაა ბავშვისთვის.

როგორ შეიძლება მოვანდომოთ ბავშვს ჭამა? რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, თუ ბავშვი სისტემატურად ამბობს უარს ჭამაზე?

უნდა შევეცადოთ, რომ საკვები სასურველი გახდეს ბავშვისთვის, ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ფერების თერაპია. მაგალითად, თეთრი ფაფა გადმოვიღოთ წითელ თეფშზე, წითელი ფერი იწვევს აქტიურ ემოციას, ფსიქიკაში მიმდინარე პროცესების ხარჯზე, ის აღძრავს მადას და შესაძლოა კერძი ასე უფრო მიმზიდველი გახდეს მისთვის.

კარგია ბავშვის მოტივირებაც, ჩართეთ იგი მომზადების პროცესში. თუ აკეთებთ ბოსტნეულის სალათს, დაიყენეთ ის გვერდით, მიეცით საშუალება დაჭრას მოხარშული კარტოფილი (ბლაგვი დანით), ამოურიოს ან მარილი მოაყაროს წვნიანს.
შეიძლება ჩავრთოთ წინასწარი მომზადება. კარგი იქნება, თუ ძილის წინ მშობელი გაესაუბრება ბავშვს, მოახდენს მისი გონების პროგრამირებას მეორე დღისთვის – უთხარით, რომ ხვალ კარგი დღე იქნება, რომ ხვალ მე და შენ გავაკეთებთ სალათს და მერე ერთად მივირთმევთ. ძილის წინ ბავშის ქვეცნობიერი ბევრ ინფორმაციას ითვისებს და შემდგომში ბავშვი ერთგვარად მომზადებული ხვდება იმ ყველაფერს, რაც შემდგომში უნდა გააკეთოს.

თუ ბავშები ერთად მიირთმევენ სადილს, შეგიძლიათ პატარა შეჯიბრიც მოაწყოთ – ვინ უფრო სუფთად შეჭამს საჭმელს და არა ვინ უფრო სწრაფად, რადგანაც შესაძლოა სიჩქარეში ბავშვმა პირის ღრუში კარგად ვერ დაამუშაოს საკვები.

იმისთვის, რომ ბავშვს ჰქონდეს კარგი მადა, იგი ხშირად უნდა ვასეირნოთ, ფიზიკური აქტივობის შედეგად ბავშვი ხარჯავს ენერგიას და ორგანიზმს უჩნდება მოთხოვნილება, რომ საკვების მიღებით შეავსოს ეს ენერგია. შეუქმენით ბავშვს მხიარული განწყობა, ხშირად შეაქეთ, შეეცადეთ საკვები იყოს მრავალფეროვანი, ნუ შესთავაზებთ ყოველდღიურად ერთი და იგივე რაციონს, თუნდაც ის მოსწონდეს ბავშვს, მაშინ ის სიამოვნებით მიიღებს შეთავაზებულ ულუფას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: