კვირის ამბები

უნივერსიტეტი კონტინგენტს ზრდის

20.03.2014 • 1556
უნივერსიტეტი კონტინგენტს ზრდის

 

 

 

„ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და აკადემიური რესურსი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად ჩვენ გვეძლევა საშუალება, ერთდროულად განათლება მივცეთ შვიდი ათას სტუდენტს”, _ ამბობს მერაბ ხალვაში, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ასოცირებული პროფესორის, ირაკლი ბარამიძის თქმით, სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის საფუძველი გახდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება:
„სტუდენტების რაოდენობა _ შვიდი ათასი, ავტორიზაციის საბჭომ განგვისაზღვრა, აქედან 200 _ პროფესიული სტუდენტი, დანარჩენი _ ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტია. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამაც შევიმუშაოთ. ამ ეტაპზე ვგეგმავთ ჟურნალისტიკის პროგრამის წარდგენას, აკრედიტაციის ექსპერტები ჩამოვლენ და ადგილზე შეამოწმებენ პროგრამის შესაბამისობას. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას”, _
ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში ჟურნალისტიკის სპეციალობაზე 30 სტუდენტს მომავალი წლიდან მიიღებენ.
„ყველაზე მოთხოვნადი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის, ასევე ტურიზმის ფაკულტეტებია. შესაბამისად, ამ ფაკულტეტების სპეციალობებზე იზრდება მიღება, თუმცა უმნიშვნელოდ, მაგალითად, სამართალმცოდნეობაზე
თუ აქამდე 60 სტუდენტს ვიღებდით, წელს მივიღებთ 70-ს”, _ ამბობს მერაბ ხალვაში.

 

2014-2015 სასწავლო წლისთვის ბათუმის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ათამდე ზრდის, შესაბამისად, გაიზრდება იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც უფასოდ ისწავლიან და 175-ის
ნაცვლად 310 სტუდენტი დაფინანსდება.

 

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და კონტინგენტის რაოდენობა ასე გამოიყურება:
ქართული ფილოლოგია _ 55 სტუდენტი;
ისტორია _ 25 სტუდენტი;
დაწყებითი განათლება _ 75 სტუდენტი;
მათემატიკა _ 25 სტუდენტი ;
ფიზიკა _ 10 სტუდენტი;
ბიოლოგია _ 25 სტუდენტი;
ქიმია _ 10 სტუდენტი;
აგრონომია _ 30 სტუდენტი;
მშენებლობა _ 30 სტუდენტი;
ეკონომიკა _ 25 სტუდენტი.

„ოთხი საგანმანათლებლო პროგრამა დაემატა წელს, რომელთა სუბსიდირებასაც სახელმწიფო გაითვალისწინებს. სახელმწიფო აფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამებს, როცა გვაქვს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა. აკრედიტაცია 2013 წელს გაიარეს ისტორიის, დაწყებითი განათლების, ქიმიისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებმა, შესაბამისად,
წელს მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებითაც მივიღოთ დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან”, _ ამბობს მერაბ ხალვაში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ადმინისტრაციის განცხადებით, ბათუმის უნივერსიტეტი აკმაყოფილებს სტანდარტულ მოთხოვნებს _ სამი კვადრატული მეტრი ერთ სტუდენტზე:

„მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ყოველწლიურად ახლდება, შემოვიტანეთ ერთადგილიანი მერხები, რამაც შექმნა პრობლემა, რადგან ძველი სტილის მერხებზე უფრო მეტი სტუდენტი ეტეოდა.

აკადემიური საბჭოს მიერ არის განსაზღვრული აუდიტორიაში სტუდენტების რაოდენობის ზღვარი, სალექციო ჯგუფი 60 სტუდენტამდე, სასემინარო _ 30 სტუდენტამდე, მობილობის პერიოდში იზრდება ეს რიცხვი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ჯგუფს
ვყოფთ ორად. უნივერსიტეტი ორ ცვლად მუშაობს, ამიტომაც არ გვექმნება პრობლემა. თუ რამდენიმე ჯგუფს ემთხვევა აუდიტორიები, ეს მხოლოდ ცხრილის არასწორად შედგენის გამო ხდება, რაც სწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირას გრძელდება, შემდგომ უკვე მე თვითონ ვიბარებ ცხრილებს და ვამოწმებ”, _ გვითხრა ირაკლი ბარამიძემ.

 

სტუდენტთა მატებასთან ერთად უნივერსიტეტმა რამდენიმე შენობაც დაიკანონა. უნივერსიტეტს დაუბრუნდა გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა, რომელშიც ადრე მესამე სკოლა იყო განთავსებული.
ეს შენობა 2011 წელს ჩამოერთვა უნივერსიტეტს და წელს დაუბრუნდა: „ლაბორატორიულ სამუშაოებს ამ შენობაში ადრეც ვატარებდით, იმავეს ვაპირებთ მომავალშიც, კვლევითი ინსტიტუტის განთავსებას ვგეგმავთ. შენობას რემონტი სჭირდება.
იმედი გვაქვს, განათლების სამინისტრო დაგვეხმარება სარემონტო სამუშაოების წარმოებაში, რადგან უნივერსიტეტისთვის ეს დიდი თანხაა. ამავე დროს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება კერძო სკოლა “ევრო 2000”-სთან, დროებით სარგებლობაში
გადმოგვეცა ფართობი დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტებისთვის, რომლებიც იქ გაივლიან
პრაქტიკას”, _ ამბობს ირაკლი ბარამიძე.

 

როგორც ირაკლი ბარამიძე ამბობს, კონტინგენტის გაზრდა მობილობის პროცესმაც გამოიწვია:
„ამ სემესტრში დაახლოებით ასი სტუდენტი მივიღეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მობილობით. დინამიკა ასეთია _ უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე ჩვენგან მიდის”. სტუდენტები კი შიშობენ, რომ სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას უნივერსიტეტი ვერ დაიტევს.: „ახლა ხუთიათასამდე სტუდენტია. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ უფრო მეტი სტუდენტი მიიღოს უნივერსიტეტმა” _ ამბობს სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი. _ “მეოთხე კვირაა სწავლა დაიწყო, ამ დრომდე ცხრილების დაზუსტება და აუდიტორიების გადანაწილება ვერ შეძლეს, კონტინგენტის გაზრდა უფრო გაართულებს ამ პრობლემას.

 

ჩემს ჯგუფში 60 სტუდენტი ვესწრებოდით ლექციებს, იმაზე მეტს ფიზიკურად ვერ დაიტევს აუდიტორიები. ორ ცვლაში ვსწავლობთ, საღამომდე დაკავებულია აუდიტორიები”.

გადაბეჭდვის წესი