კვირის ამბები

„სოკართან“ დაპირისპირებულები

08.09.2013 • 2356
„სოკართან“ დაპირისპირებულები

 „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ რამდენიმე სერიოზულ ბრალდებას უყენებენ უკვე გაჩერებული თუ გასაჩერებლად გამზადებული კონკურენტები – „სოკარის“ მიერ ფასების ხელოვნურად გაზრდა, ჟანგმოდებული მილებით ქსელის მშენებლობა, ქსელში რკინის მილების ნაცვლად წყლის მილებისა და ონკანების გამოყენება, განვადების უფლების შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მონოპოლია ბაზარზე – თავად აპროექტებს, ამონტაჟებს და თავადვე ამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რაც სემეკის დადგენილებით დაუშვებელია, კონკურენტების მიერ შესრულებული ობიექტების ქსელთან არმიერთება, წილებში ჩაჯდომის სურვილი… ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რასაც „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ უყენებენ.

 

საპროექტო კომპანიის – „პროექტსერვისის“ დირექტორს, ლაშა წულუკიძეს ხელთ აქვს ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახისთვის მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ორი ვერსია – „სოკარი“ მომავალ აბონენტს გაზის შეყვანისთვის 1782 ლარს სთხოვს, მეორე კომპანია – 1354 ლარს. „აბონენტებს ატყუებენ, რომ, მაგალითად, ის კომპანია, რომელიც უფრო იაფად სთავაზობს გაზის შეყვანას, არის არალიცენზირებული ან სამუშაოს ასრულებს უხარისხოდ. სინამდვილეში პირიქით ხდება. მოქალაქე კი, რომელსაც ერთხელ შეჰყავს გაზი, იღლება სიტუაციის გარკვევით, მას აღარ უნდა 200-300 ლარის გამო გაიხლართოს დაუსრულებელ ინტრიგებში, ამიტომ იგი ემორჩილება „სოკარის“ მოთხოვნას – იხდის უფრო ძვირს, ვიდრე მას სხვა კომპანია სთავაზობს“.

 

ლაშა წულუკიძე
ლაშა წულუკიძე

 

ერთი თვის წინ გაჩერებული ლაშა წულუკიძის „პროექტსერვისი“ პირველად 2011 წელს, თენგიზ ქოქოლაძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიღების შემდეგ გაჩერდა.

 

„კომპანია „სოკარის“ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს მის პარტნიორ ორგანიზაციასთან. ამდენად ჩვენ ვერ შევითანხმებთ თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს“, – აცნობეს ლაშა წულუკიძეს, რომელიც ამბობს, რომ `მაშინ დავას აზრი არ ჰქონდა“.

 

ეს იყო საპარლამენტო არჩევნებამდე.

 

ლაშა წულუკიძე იხსენებს, თუ როგორ მისცეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუშაობის უფლება, – „გაზის მშენებელ და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს „სოკარის“ გენერალური დირექტორი ანარ მამმადოვი შეგვხვდა ბათუმში. ვითომ არ იცოდა, რომ ვერ ვმუშაობდით და გვითხრა – თქვენ გაქვთ მუშაობის უფლებაო“.

 

ანარ მამმადოვის სიტყვიერი ნებართვის შემდეგ ლაშა წულუკიძის 7-კაციანმა ჯგუფმა სამი თვე – მარტი, აპრილი და მაისი იმუშავა. „თავიდან ნორმალურად ვთანამშრომლობდით „სოკართან“. ჩვენს პროექტებს სამ დღეში ამტკიცებდნენ, მაგრამ მერე, როცა დაინახეს, რომ კარგად ავაწყვეთ საქმე, ისევ დაიწყეს ჩემი კომპანიის პროექტების დამტკიცების გაჭიანურება, იმის მომიზეზებით, რომ მათ ამის უფლებას სემეკი არ აძლევს“, – ამბობს ლაშა წულუკიძე და კითხულობს, როდის არღვევდა სემეკის მოთხოვნებს „სოკარი“ – მაშინ, როცა მის კომპანიას მუშაობის უფლებას აძლევდნენ, თუ მაშინ, როცა მის კომპანიას მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

 

ლაშა წულუკიძის ამ კითხვას „სოკარის“ იურისტები ცალსახად პასუხობენ, რომ მაშინ არღვევდნენ სემეკის მოთხოვნებს, როცა ლაშა წულუკიძესა და სხვებსაც მისცეს მუშაობის უფლება. „ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამის გამო სემეკმა შეიძლება დაგვაჯარიმოს“, – ამბობს სოკარის იურისტი შალვა ფხალაძე და კითხულობს სემეკის დადგენილების მე-191 მუხლს: „განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაო და ხარჯი, მათ შორის, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძისა და საცხოვრებელში ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა“. – ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის წინაშე გაზთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, ყველა საფეხურის სამუშაოს შესრულებას სახელმწიფო ჩვენ გვაკისრებს“.

 

შალვა ფხალაძე „სოკარის“ და მისი კონკურენტების ურთიერთობას ასე აფასებს – „წარმოიდგინეთ, თქვენ სახლი აიშენეთ და ვიღაცა ითხოვს ახლა ერთ ოთახს“. 

 

შალვა ფხალაძის აზრით, „სოკარს“ სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ვალდებულება დააკისრა: „სემეკის დადგენილებით, განაწილების ლიცენზიანტი („სოკარი“) ვალდებულია, აბონენტს შეუსრულოს ყველა სამუშაო, გასწიოს ყველა ხარჯი, შეუყვანოს ერთ წერტილზე ბუნებრივი აირი და მხოლოდ ამის შემდგომ ამოიღოს მოქალაქისგან მაქსიმუმ 600 ლარი, ისიც განვადებით – 25 ლარი ორ წელზე გადანაწილებით. 600 ლარს ზემოთ ხარჯების დაფარვაც „სოკარის“ ვალდებულებაა. ეს კომპანიისთვის ძალიან მძიმეა, აბანდებ თანხას და ორი წლის განმავლობაში 25 ლარებად იბრუნება. არანაირი პროცენტი, სარგებელი იმ თანხას არ ერიცხება. შეიძლება მსოფლიოში ასეთი სისტემა არსად იყოს“.

 

შალვა ფხალაძის თქმით, მოსახლეობისგან თანხის ამოღების ეს წესი მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია: „ეს არის ჩვენი ხარჯი. პატარა თანხა ნამდვილად არ არის. ათეულობით მილიონი ლარია უკვე ჩადებული. მინიმუმ 10 წელი ეს ბიზნესი არ იქნება მომგებიანი. ამ პროცესში კი ვიღაცები ცდილობენ სარგებლის ნახვას“.

 

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის ინფორმაციით, „სოკარს“ 3200 ისეთი აბონენტი ჰყავს, ვისაც 600 ლარს ზემოთ ხარჯები კომპანიამ უკვე დაუფინანსა. `ისინი ყოველთვიურად 25 ლარს იხდიან. სიაში კიდევ 3000 ასეთი აბონენტი გვყავს. სემეკის დადგენილებით, ახალი აბონენტების 40 პროცენტის ხარჯებს ჩვენ ვაფინანსებთ. ამ ეტაპზე სულ 25 ათასი აბონენტი გვყავს“, – ამბობს თენგიზ ქოქოლაძე. 

 

„სოკარის“ კონკურენტების თქმით, აჭარაში ბუნებრივი აირი ოჯახებამდე თენგიზ ქოქოლაძის ახლო გარემოცვის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს შეჰყავს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის – „ენერჯი ინვესტი 2009-ის“ დამფუძნებელი, თენგიზ ქოქოლაძის დის შვილი გოჩა გოგიტიძეა. გოჩა გოგიტიძეს ამ პროფილით კიდევ ერთი კომპანია – „ენერჯი 2006“ აქვს დაფუძნებული. ლაშა წულუკიძის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე თენგიზ ქოქოლაძის ახლობლების კომპანიებიც – „გაზინსტალ კომპანი“ და „გაზჰეათინგ კომპანი“ დამკვიდრდნენ.

 

ლაშა წულუკიძის აზრით, „სოკარი“ თვალს ხუჭავს თენგიზ ქოქოლაძის ნათესავების კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმების პროცესში. „არც თუ იშვიათად, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სიცოცხლისათვის საშიში“, – ირწმუნება ლაშა წულუკიძე. 

 

თენგიზ ქოქოლაძე კი ამბობს, რომ თავისი დისშვილების კომპანიებთან „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა„ არ თანამშრომლობს: „გოგიტიძეს აქვს ცენტრალურ ოფისთან ხელშეკრულება, რომელიც აკეთებს მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოებს. აჭარაში მის კომპანიას არც ერთი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. „სოკარი“ მუშაობს თავისი საპროექტო და სამშენებლო კომპანიებით – „სოკარ ჯორჯია გაზაჭარა“ და „სოკარ ჯორჯია აჭარის საპროექტო“. ერთი ოფისი ბაგრატიონზეა, მეორე – ჭავჭავაძეზე“.

 

თენგიზ ქოქოლაძის თქმით, „როცა წავიდა მაგაზე ლაპარაკი – ჩემი კომპანიები… ყველა კომპანია გაუქმდა“. „სოკარის“ დირექტორი ამბობს, რომ არც კი ახსოვს მასთან დაკავშირებული და უკვე გაუქმებული კომპანიების სახელები.

 

რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ამ ბრალდებაზე თენგიზ ქოქოლაძის არგუმენტი ასეთია: „ყველა შესრულებულ სამუშაოს ცენტრალური ოფისის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს. გარდა ამისა, „სოკარი“ თურქეთიდან იწვევს სპეციალისტებს ხარისხის შესამოწმებლად“. 

 

ამის მიუხედავად, ლაშა წულუკიძემ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც ჩანს, რომ ბუნებრივი აირის შესაყვანად გამოყენებულია როგორც დაჟანგული და შეუღებავი მილები, ისე წყლის მილები თუ წყლის ონკანები. ერთ-ერთ სადარბაზოში გადაღებულ ფოტოზე კი აღბეჭდილია გამათბობელი „კარმის“ უკანა კორპუსი.

 

„ამ კორპუსში არ არის სათანადო ვინტილაცია. შესაბამისად, სადარბაზოში გროვდება გაზის გამონაბოლქვი, რაც გაზის გაჟონვაზე გაცილებით საშიშია – გამონაბოლქვი ადამიანს ერთ წუთში კლავს. მართალია, ეს გაყვანილობა „სოკარს“ არ დაუმონტაჟებია, ეგ ობიექტი ექსპლოატაციაში მიიღო კომპანია „ბუნებრივმა აირმა“, რომლის დირექტორიც თენგიზ ქოქოლაძის კიდევ ერთი დისშვილი – ზაზა გოგიტიძე იყო. სიცოცხლისათვის საშიში მონაკვეთის გამოსწორების ვალდებულება „სოკარს“ აქვს, მაგრამ ჩვენი დევნით ისეა დაკავებული, რომ მსგავსი პრობლემების მისახედად ვერ იცლის“, – ამბობს ლაშა წულუკიძე.

 

ლაშა წულუკიძის მიერ დაფიქსირებული „სიცოცხლისთვის სახიფათო ზონის“ თაობაზე „სოკარშიც“ არიან ინფორმირებულები, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ამ კორპუსში არსებულ გაზგაყვანილობასთან მათ შეხება არ ჰქონიათ.

 

„ჩვენ სერტიფიცირებული მასალებით ვმუშაობთ, მკაცრი ზედამხედველობა გვაქვს. ვიყენებთ მილებს, რომლის ერთი მეტრი 11 ლარი ღირს. სხვა კომპანიები 2-ლარიან მილებს იყენებენ. არც თუ იშვიათად ყოფილა, რომ ოჯახს უხარისხო მილების გამო კაფელი და მეტლახი ამოუყრია“, – ამბობს თენგიზ ქოქოლაძე, რომელიც დასძენს, რომ „სოკარის“ მაღალ ფასებს, სხვებთან შედარებით, სწორედ მილების ხარისხიც განაპირობებს.

 

„თუ სხვები უხარისხოდ მუშაობენ, მაშინ რატომ არ წერს „სოკარი“ აქტებს?“, – კითხულობს ლაშა წულუკიძე. ის ბაზარზე არსებული კომპანიების კომპეტენტურობის სადემონსტრაციოდ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ერთ-ერთ ფაქტს ყვება: „თუ არ ვიცოდით საქმის კეთება, ბენზეში დევნილების დასახლებაში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე რატომ დაგვიძახა „სოკარმა“. თავის დროზე დევნილების დასახლების გაზიფიცირების ტენდერი თბილისურმა კომპანიამ მოიგო. ერთ დღესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტს დევნილები უნდა ჩამოეყვანა… საოცარი ამბავი მოხდა, ყველა ბინაში 7-10 გაჟონვა დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ გაზს ჩართავდნენ, მთელი დასახლება აფეთქდებოდა. არ ვიცი ვინ, მაგრამ „სოკარს“ დაავალეს ამის გამოსწორება. „სოკარმა“ ჩვენ გვთხოვა. იმის იმედით, რომ შემდეგში არ შეგვიქმნიდნენ პრობლემებს, ყველა კომპანიამ იმუშავა – 18 ბრიგადა მუშაობდა დღე და ღამე უფასოდ. ამ ამბიდან ერთ კვირაში გაგვაჩერეს… ანარ მამმადოვთან შეხვედრის დროს, როცა ამაზე სამშენებლოებმა თქვეს, გაუკვირდა – უფასოდ რატომ იმუშავეთ, ჩვენ „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ამ საქმისთვის რამდენიმე მილიონი გადმოვურიცხეთო“.

 

თენგიზ ქოქოლაძე ადასტურებს ლაშა წულუკიძის მონათხრობს, ოღონდ აზუსტებს, რომ „სოკარს“ ამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯია და სხვებმაც უფასოდ იმუშავეს. „ნადში რომ სთხოვოს კაცმა ერთი დღით მომეხმარეთ, ისეთი ამბავი იყო“, – აზუსტებს თენგიზ ქოქოლაძე.

 

თენგიზ ქოქოლაძის იურისტი, შალვა ფხალაძე კი კატეგორიულად არ ეთანხმება „აქტების საკითხს“. „ბევრი აქტი გვაქვს დაწერილი. ერთ-ერთს მოგაწვდით – ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ ისეთი ობიექტი, როცა ლაშას საპროექტომ და თამაზ ბედინაძის „აირმშენსერვისმა“ ყოველგვარი ნებართვის გარეშე აბონენტს შეუყვანეს გაზი. როცა ვკითხეთ, თუ რატომ მუშაობენ სემეკის მიერ დადგენილი წესების გვერდის ავლით, გვითხრეს, რომ ამ აბონენტთან შეხება არ აქვთ. აი, მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემდეგ გაგვიჭირდა თანამშრომლობის გაგრძელება მაგ კომპანიებთან“.

 

შალვა ფხალაძემ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ X აბონენტმა ნამდვილად გადაურიცხა „აირმშენსერვისსა“ და „პროექტსსერვისს“ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა, ჯამში 924,38 ლარი. X აბონენტს დღემდე არ ჩაურთეს ბუნებრივი აირი.

 

ამის მიუხედავად „სოკარი ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე განაწყენებულ კომპანიების წარმომადგენლებს თანამშრომლობას სთავაზობს, ოღონდ ინდივიდუალურად. თენგიზ ქოქოლაძე: „ლაშას და სხვებსაც მაშინაც შევთავაზე, რასაც გიხდიან პროექტირებაზე, იმ თანხით ჩვენთან იმუშავე-მეთქი. არა, ჩემი კომპანიით უნდა ვიმუშავოო. სემეკის დადგენილება არ გვაძლევს საშუალებას, რომ მაგათ მივცეთ ამის უფლება. ყველას შევხვდი და შევთავაზე თანამშრომლობა, დღესაც მზად ვართ“. 

 

ლაშა წულუკიძე, თავის მხრივ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი უკანონო გადასახადის შესაძლო ამოქმედებაზე აფრთხილებს. ბათუმში მოქმედ ხუთ კომპანიას ამის შესახებ სემეკისთვისაც შეუტყობინებია. `სხვა კომპანიების მიერ დამონტაჟებულ სისტემაზე აღრიცხვის კვანძის (მრიცხველი თავისი ატრიბუტიკით) მოწყობის სანაცვლოდ… მუდმივად იღებენ [სოკარი] 43 ლარს“, – წერია სემეკისთვის გაგზავნილ განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი კომპანიის დირექტორი აწერს.

 

ლაშა წულუკიძე ამბობს, რომ დაახლოებით 1000 აბონენტისთვის აქვს „სოკარს“ 43 ლარი გამოძალული. მისი ინფორმაციით, მრიცხველის საფასურის ამოღებაზე „სოკარმა“ უარი მას შემდეგ თქვა, რაც კიდურებდაკარგულმა ომის მონაწილემ სემეკში იჩივლა.

 

თენგიზ ქოქოლაძე ამბობს, რომ „ამ მოსაკრებლის შემოღებას არ აპირებენ და თავის დროზეც სულ 2-3 ფაქტი იყო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: