კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

უცნობი აჭარა მინის ნეგატივებზე

06.08.2013 • 3626
უცნობი აჭარა მინის ნეგატივებზე

მაღალმთიანი აჭარა. წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლა იაილაზე. მე-20 საუკუნის 20-30 წლები. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივიდან. ფოტო დამუშავებულია სტუდია იალონში. ფოტო პირველად დაიბეჭდა გაზეთ ბათუმელებში.

მაღალმთიანი აჭარა. წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლა იალაღზე. მე-20 საუკუნის 20-30 წლები. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივიდან. ფოტო დამუშავებულია სტუდია იალონში. ფოტო პირველად დაიბეჭდა გაზეთ ბათუმელებში.

  • შოთა, როგორ და სად იქნა აღმოჩენილი მინის ნეგატივები, რომლის გაციფრულებაზეც ახლა მუშაობთ?

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეწოდოს აღმოჩენა იმას, რაც დევს მუზეუმის ფონდში, მაგრამ მაინც ყველაფერს სჭირდება აღმოჩენა და ეს ნეგატივები პირველად ბიძინა აფხაზავამ აღმოაჩინა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში.

მე მქონდა პატივი, ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი, ვინც ამ არქივს უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ხელით შეეხო და ბუნებრივია გამიჩნდა სურვილი, რეალურად დამენახა, რა იყო ამ ნეგატივებზე. დავიწყეთ ძებნა, რა შესაბამისი ტექნიკა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა დასამუშავებლად, ვნახე სკანერი შესაბამისი ოპტიკური მახასიათებლებით, რომელიც ღირდა საკმაოდ ძვირი, ყოველ შემთხვევაში მე ამის შეძენა არ შემეძლო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბატონი ბიძინა გახდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და პირველი, რაც შემოგვთავაზა, თქვა, რომ სააგენტო ამ სკანერს შეიძენდა და საზოგადოება ნახავდა ამ ფოტოებს. მაგრამ გარდა ამისა იყო საჭირო დასაქმება ადამიანების, ვინც იმუშავებდა ამაზე.

პირველი, რაც აზრად მომივიდა, იყო მივსულიყავი ზაზა გოგოტიშვილთან სამშენებლო კომპანია „ანაგში“ და პრაქტიკულად ამ თემაზე საუბარი არც დამჭირვებია, ზაზამ დახედა ციფრს და ეს საკითხი გადაწყდა. ჩვენ ყველამ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს.

  • მინის ნეგატივებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ნეგატივები მართლაც მინაზეა დატანილი?

კი. ცელულიოდის ფირის წინაპარი იყო შუშა, რომელიც იყო ემულსიის თხელი ფენით დაფარული და სწორედ ეს წარმოადგენდა ნეგატივს. წარმოიდგინეთ, ამის ტრანსპორტირება, ტექნიკა – როგორ სწრაფად უნდა შეეცვალა ფოტოგრაფს ნეგატივი… ისე მოხდა, რომ რამდენიმე გატეხილიც არის, თუმცა შეიძლება მათი რესტავრირება.

  • სულ რამდენი ფოტოა  არქივში?

1100-ზე მეტი ნეგატივია, უმრავლესობა კარგად შენახულია. ნეგატივების ხარისხი ძალიან მაღალია, მხოლოდ ხარისხს შემიძლია ვუყურო საათობით. ძირითადად არის აჭარის სხვადასხვა სოფლები, 30-იანი წლები, მაგრამ არის უფრო ძველი ფოტოებიც. ფოტოების ძირითადი ნაწილი დაუსათაურებელია, მაგრამ ხელწერაზე, ეპოქაზე, ადგილმდებარეობაზე შეიძლება მიხვდე სად არის გადაღებული. ფოტოებზე არის ჩაის პლანტაციის გაშენება, გლეხის ოჯახი, რომელსაც პატეფონი აქვს სახლში, პორტრეტები, ყოფითი სცენები, ჯარში გაცილება, ცეკვები…

დიდი ალბათობით, ფოტოების დიდი ნაწილი გადაღებული უნდა იყოს ფოტოგრაფ არესტაკეს შაანიანის მიერ. მუზეუმის ფონდში დაცულია ხელშეკრულება, დაახლოებით იმავე დროის, როცა ვალდებულებას იღებს ერთი მხარე მუზეუმის წინაშე, რომ გადაიღებს ეთნოგრაფიულ ფოტოებს. შინაარსითაც და დროითაც ეს ემთხვევა.

რაც ყველაზე საინტერესოა და შეიძლება ტექნიკური დილემის წინაშე დავდგეთ გამოფენის დროს, ეს არის სტერეოფოტოები, სტერეო, ანუ 3D _ თანამედროვე გაგებით, მინდა, რომ ტექნოლოგიური დამუშავებით ასი წლის წინანდელი სტერეოფოტოებიც მოხვდეს ამ გამოფენაზე. ასეთი ფოტოები დიდი იშვიათობაა და საბედნიეროდ არის ამ არქივში.

  • რამდენია ბათუმის ფოტო და შენი, როგორც ფოტოკოლექციონერის აზრით, რომელია მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუ არის ფოტოები, ადგილები, რომელიც მანამდე არ გინახავს?

როცა ხელი მოვკიდე ამ ნეგატივებს, ბათუმი შემხვდა და შემექნა შთაბეჭდილება, რომ მთელი არქივი მხოლოდ ბათუმის ფოტოებისგან შედგებოდა. აღმოჩნდა, რომ ბათუმის ასზე მეტი ფოტოა. ბევრი ფოტოა მნიშვნელოვანი, გადაღებულია უბნები, რომლებიც ინგრევა, ბათუმური ეზოები, სადაც ვიღაც ზის, სარეცხია გაფენილი, ბავშვები თამაშობენ, ყოფითი სცენები… ამ ფოტოების შესწავლას წლები დასჭირდება, ეს დაუსრულებელი პროცესია.

ყველაზე მეტად ერთი ფოტო მომეწონა, ესაა საჰაერო ბურთით გაფრენა ბათუმის თავზე. ბევრ ფოტოში ვცდილობ არ ჩავერიო, ის ნაკაწრებიც იყოს შენარჩუნებული, რაც ნეგატივებზეა, მაგრამ ამ ფოტოსგან მინდა აფიშა გავაკეთოთ. ძალიან ცოტა ბათუმი ჩანს კადრში და გიგანტური საჰაერო ბურთი ბათუმის თავზე. კიდევ ერთი ფოტო მომწონს განსაკუთრებით, სობოროს წინ თავმოყრილი მთელი ბათუმური ბომონდი  – საოცარი ფოტოა.

  • იცანი თუ არა შაანიანის გარდა სხვა ფოტოგრაფების ხელწერა?

არის გლაუდანის ფოტოებიც, ბევრ ფოტოზე შემიძლია ამის თქმა. ეს გამოფენა თავის თავში ბევრ რამეს იტევს, ჯერ ერთი, რომ ბევრი ფოტო ღირებულია ფოტოგრაფიის თვალსაზრისით, ხარისხი არის საოცარი, საინტერესოა ეთნოგრაფიული კუთხითაც. დარწმუნებული ვარ, ეს გამოფენა რომ გაიხსნება, იმ წუთებში მსოფლიოში მსგავსი დონის გამოფენა არ იქნება.

  • რა ეტაპზეა ახლა სამუშაო პროცესი?

დასრულებულია დასკანერება, ახლა „იალონი სტუდიო“ ქმნის მინის ნეგატივების ციფრულ ვერსიებს. მიდის დამუშავების, იდენტიფიცირების, შესწავლის პროცესი.  გამოფენა სექტემბრის ბოლოს იგეგმება ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში, სადაც იყო ეს ნეგატივები დაცული და ამ მუზეუმის წყალობით მოხდა მათი შენარჩუნება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მუზეუმის თანამშრომლებს დახმარებისა და ნდობისათვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: