კვირის ამბები

რატომ ჩაიჭრნენ მასწავლებლები გამოცდაზე

06.08.2013 • 1930
რატომ ჩაიჭრნენ მასწავლებლები გამოცდაზე

 

 

„თუ 30 წლის წინ საშუალო სკოლაში ფიზიკის სწავლებას ეთმობოდა 16 კვირეული საათი, დღეს ეთმობა ცხრა კვირეული საათი და პროგრამის შინაარსი ფაქტობრივად არ შეცვლილა. მასწავლებელს ნაკლები დრო რჩება იმისათვის, რომ მოსწავლეები ამუშაოს ამოცანების ამოხსნაზე და რადგან ნაკლები დროა და მოსწავლეებს ინტენსიურად ვეღარ ამუშავებს, მასაც აღარ უჩნდება მოთხოვნა, რომ ამოცანების ამოხსნის მეთოდიკაში ან ახლის ამოხსნაზე იმუშაოს იმუშაოს, ან გაიმეოროს ადრე ნასწავლი. მასწავლებელმა დაკარგა მოტივაცია ამ მიმართულებით. როცა აკადემიური დონე ამის გამო დადაბლდა, ბუნებრივია გამოცდაზე შესაბამისი შედეგი ვერ აჩვენა,“ –  თქვა „ბათუმელებთან“ საუბარში ბათუმის მერვე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა.

 

 

განსხვავებული შეხედულება აქვს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს თამთა კვარაცხელიას. 

 

 

„შედეგების დიდი ნაწილი გამოწვეულია ცოდნის დეფიციტით მთელ რიგ საგნებში. მასწავლებელი როდესაც სამი-ოთხი წელი ზედიზედ გადის საგნობრივ გამოცდაზე და ვერ ლახავს ბარიერს, აქ მისი კომპეტენციის პრობლემა დგება. ეს ერთი, მაგრამ მეორე მომენტიც არის, როდესაც 96-პროცენტი ვერ გადალახავს ზღვარს, საზოგადოება ეჭვის ქვეშ აყენებს ტესტის ვალიდურობას. ეს არის სავალალო შედეგი იმ ვითარებისა, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მასწავლებლების დაოსტატება, გადამზადება სერიოზული თვალსაზრისით, არ მომხდარა. მოკლევადიანი ტრენინგებით მასწავლებლის ცოდნის განახლება შეუძლებელია. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ჩვენს რეგიონში, აჭარაში, მასწავლებლის სახლი არ ფუნქციონირებს. და ყველაზე მთავარი, უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი მასწავლებლების მომზადების დონეა საეჭვო,“ –  ამბობს თამთა კვარაცხელია. 

 

 

სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2010-2012 წლებში, საქართველოში დასაქმებული 68 584 პედაგოგიდან სერტიფიცირებულია 12 112 (19%) პედაგოგი. მასწავლებელთა ერთ ჯგუფს (სპორტის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის) საშუალება არ ჰქონდა გასულიყო სასერტიფიკაციო გამოცდაზე, ვინაიდან ამ საგნებში სასერტიფიკაციო გამოცდა ჯერ არ ჩატარებულა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი გახელაძის თქმით, ამ საგნების მასწავლებლების გარეშე სერტიფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი დაბლა იწევს.

 

 

„ამავდროულად, გვყავს 10 ათასზე მეტი მასწავლებელი, რომელთაც ერთი გამოცდა ჩააბარეს, თუმცა ამით პრობლემა არ მსუბუქდება. ამ ტენდენციის მიხედვით, საეჭვოა, რომ 2015 წლის 1-ელ იანვრამდე მასწავლებლების სრული კონტინგენტი იყოს სერტიფიცირებული. თუკი დროულად დაიწყებოდა მისი განხორციელება, წლევანდელ შედეგს ეს მაინც ვერ შეცვლიდა, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში პროგრესს აუცილებლად ვიგრძნობდით.

 

 

ახლა მოდაშია, განიხილავენ ხოლმე რეფორმის პერიოდში, განსაკუთრებით 2006 წლიდან ძალისხმევებს. რანაირი ძალისხმევაც არ უნდა განხორციელებულიყო ქვეყანაში მოქმედი მასწავლებლების გადამზადებაში, მნიშვნელოვნად ეს ამ შედეგებს ვერ შეცვლიდა, ვინაიდან გამოტოვებული იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, პროფესიაში თაობათა ცვლა. მასწავლებელთა აკადემიური დონის ასეთი დაბალი მაჩვენებლის საფუძველი არის მათი უმაღლესი განათლება, მისი ხარისხი, ასევე თითქმის 10-12-წლიანი პაუზა ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაში. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენ როგორი ძალისხმევითაც არ უნდა მოგვემზადებინა ეს ადამიანები, შედეგი მაინც მეტ-ნაკლებად მსგავსი იქნებოდა,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში გიორგი გახელაძე.

 

 

მისივე თქმით ტესტები იყო რთული და ხშირ შემთხვევაში აცდენილი საგნობრივი მოთხოვნების მთავარ, საკვანძო საკითხებს, აქცენტი კი არაარსობრივზე კეთდებოდა.

 

 

„ქალბატონმა მაიამ პირველ განცხადებაში შედეგებთან დაკავშირებით ინტერპრეტაციები და შედარება რომ გააკეთა შარშანდელის და წლევანდელის, იქ აღნიშნა, შარშან ტესტები ჩვენ კი მოვამზადეთ, მაგრამ შეფასება იყო ლოიალურიო. სინამდვილეში სტატისტიკა რიგ საგნებში მიმინოშვილის დასახელებული რიცხვების საწინააღმდეგოს გვეუბნება. შარშან ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში ორჯერ უფრო დაბალი შედეგი იყო, ვიდრე წელს. მთელი წელიწადი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და სამინისტროს მოგვიწია მუშაობა, რომ ტესტები გამხდარიყო ადეკვატური. საგამოცდო ცენტრთან იოლი არ არის მუშაობა, ისინი რთულად იღებენ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, რაც მთელ პროცესებზე უარყოფითად აისახება, მათი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დგება,“ –  ამბობს გიორგი გახელაძე.

 

 

გიორგი გახელაძის თქმით მასწავლებლები დემოტივირებულები არიან. ამასთან პროფესია „ბერდება“, მოტივაცია კი, ახალი სპეციალისტები მომზადებისათვის არის მცირე. სერტიფიცირება მხოლოდ გამოცდის საშუალებით არ არის ეფექტური. მისივე ინფორმაციით, სერტიფიცირებული 1000-ზე მეტი მასწავლებელი სკოლის გარეთაა დარჩენილი. 

 

 

„წლევანდელი გამოცდის შედეგად ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ ადამიანებმა, რომლებმაც პროფესიაში შესვლა მოინდომეს, არსებული მოთხოვნებიც დააკმაყოფილეს, მოიპოვეს სერტიფიკატი, მაგრამ სკოლაში მუშაობა ვერ დაიწყეს, ან სისტემაში დარჩენა არ მოინდომეს. არის საუბარი, რომ გამოცდით სერტიფიცირება არ ადასტურებს მასწავლებლის მაღალკვალიფიციურობას. გვყავს სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომელთა პრაქტიკა და რომელთა მოსწავლეთა შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ამოდენა ძალისხმევა და რესურსი მიმართული არის გამოცდებისკენ, რომელიც კომპეტენციების ძალიან ვიწრო სპექტრს ამოწმებს. ამით კი მასწავლებლის სიკარგეზე ვერ იმსჯელებ,“ – აცხადებს გიორგი გახელაძე.

 

მისივე თქმით მიმდინარე სასწავლო წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინტენსიური, გრძელვადიანი (70-95 საათიანი) ტრენინგები ჩაატარა მასწავლებლებისათვის. შედეგად კი იმ მასწავლებლებს, ვინც ტრენინგი გაიარა, კარგი შედეგებიც აქვთ. 

 

 

„ტრენინგებზე მოსვლის მოტივაცია საკმარისად დაბალი იყო, რიგ რეგიონებში ტრენინგები ვერც კი ჩავატარეთ მასწავლებელთა მხრიდან ინტერესის უქონლობის გამო, თუმცა მაინც 19 ათასზე მეტი მასწავლებელი მხოლოდ 2013 წელს გადავამზადეთ,“ – ამბობს გიორგი გახელაძე.

 

 

სკოლის დირექტორ თამთა კვარაცხელიას თქმით კი ტრენინგები ეფექტური მასწავლებელთა იმ ჯგუფისთვისაა, რომელმაც კარგად იცის საგანი და რომელიც ფლობს ელემენტარულ დონეზე მაინც სწავლა-სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

 

„ის იღრმავებს ამ ტრენინგებით ცოდნას და ეცნობა სიახლეს, მაგრამ, თუ ადამიანმა არ იცის საგანი, ბუნებრივია ის ტრენინგებით ვერ ისწავლის, იმიტომ, რომ მას ეს უნდა ესწავლა უმაღლეს სასწავლებელში და მერე ყოველდღიური უნდა განვითარებულიყო და უნდა გაეღრმავებინა ცოდნა _ ეს ერთი. ვისთვისაც ეფექტური იყო, იმ მასწავლებლებმა უკვე ჩააბარეს 2010-2011-2012-ში, მიმდინარე წელსაც. ამასთან სახელმწიფოს ეკისრება უდიდესი როლი. პირველ რიგში, მასწავლებლობა უნდა გახდეს მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი პროფესია, მეორეც – ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, იმიტომ, რომ მაინც ხელფასია მთავარი მოტივაციის ამაღლებისათვის. სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი – 75 ლარი არის ძალიან ცოტა. თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არის ის, რომ ჰყავდეს სერტიფიცირებული მასწავლებელი, მაშინ სერტიფიცირების დანამატიც უნდა იყოს სერიოზული დანამატი,“ –  ამბობს თამთა კვარაცხელია.

 

 

„მე თვითონაც ძალიან შეწუხებული ვარ ამ შედეგებით. წლების განმავლობაში ბევრი უნდა გაკეთებულიყო პედაგოგებისთვის. აქტიური ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი არ გადატყდეს პედაგოგებზე, ისინი ნაკლებად არიან დამნაშავენი. პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა. ზუსტი და მკაფიო სტრატეგია არის საჭირო. ეს გამოცდა სადამსჯელო ოპერაცია არ უნდა იყოს. კვალიფიკაციის ამაღლებაზე სამინისტრომ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, უამრავი აქტივობის დაგეგმვაა საჭირო. ჩემს ორგანიზაციაზე და ჩემს თავზეც ვფიქრობ, იქნებ ჩვენც მოვაკელით რამე, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, ძალიან ვარ შეწუხებული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ გაიშვიროს თითი პედაგოგებისკენ. როდესაც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგმა შეიძლება იზრუნოს საკუთარ კვალიფიკაციაზე და საკუთარ თავზე შეძლოს მუშაობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დავადანაშაულოთ კონკრეტული პედაგოგი,“ –  განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა „ბათუმელებთან“.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: