კვირის ამბები

ჭოროხი – ჩემი ბავშვობის მდინარე

18.06.2013 • 3602
ჭოროხი – ჩემი ბავშვობის მდინარე

მდინარის იქით თურქული სოფელია, რომელსაც ხანდახან დურბინდით ვუყურებდი. მახსოვს, ზაფხულში, როცა სამუშაოდ ბაღჩებში გადიოდნენ, ხანდახან თეთრ ქსოვილს ააფრიალებდნენ ხოლმე აქეთა მხარისთვის, იოლად შესამჩნევი რომ ყოფილიყვნენ. ამას მოჰყვებოდა გაურკვეველი შეძახილები საზღვრის იქეთა მხრიდან, შემდეგ იგივე მეორდებოდა საპირისპირო მიმართულებით. სოფელში ყველა ამბობდა, რომ საზღვრის იქით ნათესავი ჰყავდა, იქედანაც ხშირად ისმოდა: “ჰეეეეეეეიიიი გამარჯობა ჭოოოოოო”, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი ზაფხულობით ხშირად მეორდებოდა, ახლა ვხვდები, რომ ჭოროხი ჩემთვის არასოდეს ყოფილა გამყოფი ზოლი, ის სოფლის ცოცხალი ნაწილი იყო, თავისი მოსილული  ნაპირით, რომელზეც ფეხშიშველები დავდიოდით, რომელშიც ქალები მუხლებამდე იკაპიწებდნენ კაბებს და ფეხებს ისველებდნენ – “რევმატიზმს კურნავსო”…

მდინარის ნაპირზე, საზღვართან ახლოს კი, იქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ძველი ხიდი, რომლის ნახევარზეც ქართველი, მეორე ნახევარზე კი თურქი ჯარისკაცები ავტომატებით ხელში “გაჭიმულები” დგანან, ხანდახან მაყვლის საკრეფად გადავდიოდით. მაყვლის კრეფა საზღვრის დიდი მავთულებიანი ჭიშკრის შიგნით ჩვენი საყვარელი რიტუალი იყო. ხიდს რომ ჩავუვლიდით, თურქი ჯარისკაცების გასაგონად საგანგებოდ ვამბობდით ხმამაღლა ყველა იმ თურქულ სიტყვას, რაც ვიცოდით, მათ კი უბრალოდ ეღიმებოდათ და გაუნძრევლად იდგნენ “გაჭიმულები”.

ჭოროხში აღმოჩენილი, ან ჭოროხის მიერ გამორიყული ნივთების პოვნა კი სოფლის ზეიმად გადაიქცეოდა ხოლმე, ვინ იპოვა? როდის? რა არის?…

ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მდინარემ დინება შეწყვიტა და გამოჩნდა კალაპოტი, თეთრი გაპრიალებული ქვები, რომელზე გასეირნებაც კი შევძელით, გულწრფელად გეტყვით, არაფერი მტკენია. არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოუვიდა მდინარეს – ეს ყველაფერი იმდენად უცნაური იყო ჩემთვის, რომ ხიბლში ჩავვარდი. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ, მდინარე ჩვეული რეჟიმით მოედინება, ჩქარია, წყალუხვი და ცოტათი საშიშიც კი, შუადღისას კი კალაპოტში წვეთი წყალიც აღარ არის. ადგილ-ადგილ დატოვებული, ულამაზესი მწვანე გუბეები კი თითქოს გეძახის: “მოდი, იჭყუმპალავე.”

ცოტა ხნის წინ კი სულ სხვა რამ მოხდა, მოხდა ის, რომ სახელმწიფომ მდინარეზე კაშხლების აშენება გადაწყვიტა – ამაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე “ბათუმელებში” ბევრჯერ დავწერეთ, მაგრამ რაც იქ, ადგილზე ვნახე, ჩემთვის შოკი იყო. მიმონგრეული, გადათხრილი კალაპოტი, მძიმე ტექნიკა, ახალი ხელოვნური ქვაყრილი, რაღაც არეულ-დარეული და ამბავი ნაწილ-ნაწილ, წვეთ-წვეთად: “ამბობენ, დაბლობი თითქმის აღარ იარსებებს”; “ამბობენ, წყალი გზამდე ამოდისო”, “ამბობენ, კლიმატი შეიცვლება, სოფლები დაიცლებაო”, “იმასაც ამბობენ, სოფლები უნდა დაიცალოს, მაგრამ ხალხი, რომ არ აჯანყდეს ჯერ, არ ამხელენო” – საშინელი ემოცია გამიჩნდა, მაშინ წარმოვიდგინე, რომ ვიღაცამ უხეშად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მზაკვრულად შეცვალა, მოშალა ის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.

მე არ ვამბობ –  არ ააშენოს სახელმწიფომ, როცა ამის საჭიროება არსებობს, როცა მეტია სარგებელი, ვიდრე ზიანი, მაგრამ როცა სახელმწიფო ამბობს – მე ვაშენებ და შენი საქმე არ არის რას და რატომ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაშინ გეტყვი, როცა სახელმწიფო ბულდოზერით მოდის ჩემს ჭიშკართან და ჩემი ემოცია (უკვე ასე ვფიქრობ) ფეხზე ჰკიდია …

კი,  ეს ის მომენტია, როცა სახელმწიფომ ადამიანების დამოკიდებულება არად ჩააგდო, სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, რაც ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს და პირობებს უცვლის. სახელმწიფომ იმ სოფლების ცხოვრება შეცვალა, სადაც მცხოვრები ადამიანები ამ დრომდე ნაკლებად ახსენდებოდა…

ამ კვირაში ბევრ დოკუმენტს გავეცანი, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, სტატიას ვამზადებდი იმაზე, თუ ოფიციალურად რა სარგებელს მიიღებდა სახელმწიფო იმისგან, რაც ხალხისგან მალულად წამოიწყო. რა გამოვარკვიე, ამაზე მესამე გვერდზე წაიკითხეთ. მე მხოლოდ ერთს დავამატებ. მახსოვს, ხუთი წლის წინ “ბათუმელებში” სტაჟიორი რომ ვიყავი, რედაქციაში ამბავი მოვიტანე, სოფლებში თურქი სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს ატარებენ-მეთქი, რედაქტორი დამეხმარა – სტატია დავწერეთ სათაურით „საიდუმლო ჰიდროპროექტები აჭარაში“ – მაშინ სახელმწიფომ პასუხისგან თავი შეიკავა.  „ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ გამოაგზავნა ეს ხალხი, გაგვაფრთხილეს, იმუშაონ, ხელი არ შეუშალოთო“ – გვითხრა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა, თავად მინისტრმა კი გვითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიციო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: