კვირის ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფო ცვლილებების მოლოდინში

18.03.2013 • 2882
რესპუბლიკური საავადმყოფო ცვლილებების მოლოდინში

 

 

ბატონო მალხაზ, ითქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გადაკეთდეს თანამედროვე მედიცინის ცენტრად. რამდენად რეალურია ეს, რა რაოდენობის თანხაა საჭირო ამისათვის და საიდან უნდა გამოიყოს ეს თანხა?

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს 100 პროცენტი წილის მფლობელია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამიტომ თანხის გამოყოფის წყარო და გადაწყვეტილება თანხის თაობაზე ჩემს კომპეტენციას სცდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამედროვე მედიცინის ცენტრად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, ამ იდეას ემხობა ჯანდაცვის სამინისტროც. ფინანსების მოძიებაზე მთავრობა მუშაობს. საუბარია იმაზეც, რომ ახალი საავადმყოფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2013 წლისა.

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ წლების მანძილზე იყო შენიშვნები, როგორც პაციენტთა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. როგორ აპირებთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა?

 

 

წლების განმავლობაში საავადმყოფო ინახავდა თავს და ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას, მაგრამ მასში არავითარი თანხის ჩადება არ ხორციელდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი საავადმყოფო აღმოჩნდა. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ამას აქტიური მუშაობა სჭირდება, ჩვენ ამის განსახორციელებლად კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებთ.

 

 

წლების მანძილზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს  ჰქონდა სასამართლო დავები ყოფილი პაციენტების ოჯახებთან, რომლებსაც გააჩნდათ დავალიანება  საავადმყოფოს მიმართ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ამჟამად?

 

 

2013 წლის პირველი იანვრისთვის, მოსახლეობის დავალიანება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ შეადგენს 1 260 000 ლარს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან რომ გითხრათ, მე უნდა შევეცადო ეს თანხა ამოვიღო სამართლებრივი გზით, მაგრამ ამ ვალს აქვს გარკვეული სოციალური დატვირთვა. ეს არის წინა პერიოდის ვალი და აჭარის მთავრობისა და უზენაეს საბჭოს წევრებთან ერთად ვცდილობთ მოვიძიოთ გარკვეული გზები, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შევძლოთ. ვგულისხმობ მოსახლეობისათვის გარკვეული ფინანსური შეღავათის გაწევას.

 

 

რამდენი ადამიანია ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული და როგორია თქვენი სახელფასო პოლიტიკა, რამდენია ექიმისა და ექთნის მაქსიმალური და მინიმალური ხელფასი?

 

 

ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს მონაცემები იცვლება. აქ მუშაობს ბევრი მიმართულების სპეციალისტი _ ექიმები, ექთნები, დიასახლისები… არის დიდი სამეურნეო განყოფილება და აუცილებლად გვჭირდება ბევრი ადამიანი, რომ უზრუნველყონ კორპუსების ფუნქციონირება. რაც შეეხება კონკრეტულად სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, არ შემიძლია კონკრეტული ციფრის დასახელება, რადგან ხელფასი არის გამომუშავებით და პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

 

 

არიან თუ არა დასაქმებულები ახალგაზრდა ექიმები თქვენთან და რომელ ნაწილში ძირითადად?

 

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში თერაპევტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მაგრამ ამავე დროს რადიოლოგების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თანამედროვე მედიცინა ითვალისწინებს ახალი აპარატურისა და ტექნიკის ცოდნას, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები ეყრდნობა ამ აპარატების მუშაობას და ამ მიმართულებით ხორციელდება ექიმების მომზადება. რაც შეეხება თერაპევტების რაოდენობის შემცირებას, ეს განპირობებულია იმით, რომ არამომგებიანი მიმართულებაა, თუმცა თერაპევტთან პაციენტის მომართვიანობა არის ორჯერ უფრო მეტი. რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებებს, აქ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ექიმი გვყავს.

 

ჩვენ გვინდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იქცეს კლინიკურ და საუნივერსიტეტო ბაზად, რათა აქვე მომზადდნენ სპეციალისტები. ჩვენს საავადმყოფოს აქვს გარკვეული მისია _ აქ ისეთი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რომელიც კომერციული კლინიკისთვის შეიძლება იყოს არამომგებიანი და მომხმარებელს არ სთავაზობდეს. ჩვენ უნდა ვიქცეთ მრავალპროფილურ-კლინიკურ საუნივერსიტეტო  ცენტრად. იდეის საფუძველშივე დევს, რომ ეს საავადმყოფო უნდა შენარჩუნდეს, როგორც სახელმწიფო მისიის მქონე.

 

 

რა მდგომარეობაა აპარატურის მხრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში?

 

 

ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა, არ გვაქვს ახალი ტექნიკა. გვაქვს განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველადი საზრუნავი არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საავადმყოფოს შენარჩუნება. მალე უნდა აშენდეს ახალი კორპუსი, რომელიც შესაბამისი ტექნიკითა და აპარატურით იქნება აღჭურვილი, მაგრამ მანამდე საავადმყოფოს ფუნქციონირება და განვითარება არ უნდა შეფერხდეს. ვცდილობთ უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ  საჭიროა ფინანსები. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რომ გარკვეული აპარატურა შევიძინოთ, ასევე გვაქვს რამდენიმე ახალი პროექტი, რომელიც იქნება ნოვატორული და ამას მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარებით განვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაბრუნდა ნეიროქირურგი, პროფესორი ნუგზარ გურგენიძე და ის აქტიურად მუშაობს ინოვაციებზე, რის განხორციელებასაც ვაპირებთ.

 

აუცილებლად მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ რაც შეეხება სერვისის ნაწილს, კომფორტს, ეს პრობლემები ჯერჯერობით არ არის მოგვარებული.

 

 

აპირებთ თუ არა რეორგანიზაციას ან თანამშრომელთა შემცირებას?

 

 

რაც შეეხება თანამშრომელთა დათხოვნას, ამ კუთხით ცვლილებები არ იგეგმება. მარტში ჩვენ ვაპირებთ ტესტირების ჩატარებას, რათა შემოწმდეს თანამშრომელთა კვალიფიკაცია, გამოიკვეთოს რა ნაკლოვანებები არსებობს და ა.შ., მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ტესტირება მიზნად არ ისახავს თანამშრომელთა გაშვებას და შემცირებას.

 

 

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც მე დამხვდა აქ მოსვლისას, იყო ის, რომ იმ დროს ბათუმში გაიხსნა ორი ახალი კლინიკა და ჩვენი ექიმები მიწვეულნი იყვნენ იქ სამუშაოდ. ადრე მათ საშუალება არ ჰქონდათ, ორივე  დაწესებულებაში ემუშავათ, რაც არასწორი მიდგომაა, მე მათ საშუალება მივეცი ორივე ადგილზე იმუშავონ შეთავსებით,  ვფიქრობ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მედიცინის მუშაკის მაღალი კვალიფიციური დონის შესაფასებელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია პრაქტიკა. ამ მხრივ მე არც კანონმდებლობა მზღუდავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: