კვირის ამბები,მთავარი

„ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“

01.11.2017 • 13467
„ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“

სექტემბრის ბოლოს ბათუმში საავტორო კინოს  XII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. ცნობილი ირანელი რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მახმალბაფი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. მან ირანი 2005 წელს დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ მახმალბაფის მასტერკლასის მოკლე, სტენოგრაფიულ ვერსიას. 

დავიბადე ოჯახში, სადაც ბებია მეუბნებოდა, რომ თუ მუსიკას მოვუსმენდი, გოგოებს დავუწყებდი ყურებას ან კინოში წავიდოდი – ღმერთი დამსჯიდა და ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი. მეც მუსიკის გაგონებისას ხელებით ყურებს ვიხშობდი, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მთელი ჩემი ოჯახი: მეც, ცოლიც და შვილებიც კინოში ჩავებით. გამოდის, რომ ჯოჯოხეთში ერთად ვიქნებით. ფინანსურად გვიჭირდა და 12-13 წლიდან ფიზიკურად ვშრომობდი. ამ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა. ცოცხლად ვეხებოდი სიღატაკეს. იმ პერიოდის ირანის ხელისუფლება იყო სეკულარული, მაგრამ გარკვეულწილად დიქტატორულიც. ირანში იყო რამდენიმე ათასი ოჯახი, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელ ქვეყანას, დანარჩენი კი – სიღარიბეში ცხოვრობდა, ხალხს მაშინ ძირითადად სამართლიანობა და თავისუფლება სურდა.

17 წლის ასაკში დავიწყე ბრძოლა ჩემს მეგობრებთან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ და პოლიციელსაც კი დავესხი თავს, რომ განმეიარაღებინა. დამჭრეს და ციხეშიც აღმოვჩნდი. ცხადია, ციხეში არ მქონდა ტელევიზორი, რადიო და გაზეთები, ამიტომ სრულიად თავისუფალი იყო ჩემი გონება და გათავისუფლების შემდეგ მზად ვიყავი, კინო შემექმნა.

რევოლუციისას 6 თვე ვიყავი ჩართული პროცესებში, მაგრამ ბავშვობიდანვე შრომამ, ციხეში გატარებულმა ხუთმა წელმა ბევრი ტკივილი და გამოცდილება მომცა. ციხეში წაკითხულმა წიგნებმა დამანახა, რომ მკვლელი იარაღის ნაცვლად კულტურული იარაღი უნდა ამეღო ხელში და კინემატოგრაფი სწორედ ამგვარ იარაღად იქცა ჩემთვის. ციხიდან გამოსული ხარბად ვისრუტავდი ყველაფერს: ვუსმენდი მუსიკას, კინოთეატრებში დავდიოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი მოწოდება კინო იყო, მით უფრო, რომ იმ პერიოდში უკვე საკმარისი ტკივილი, გამოცდილება და სათქმელი დამიგროვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისორისთვის.

ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტებში! თუ ფილმების გადაღება გსურთ, უბრალოდ, დააგროვეთ ტკივილი, სათქმელი და გამოცდილება. კინოგადაღების ტექნიკური მხარის ათვისება ერთთვიანი კარგი ვორქშოპითაც შეიძლება. ლუმიერებს, აბას კიაროსტამს, დარიუს მერჯუისა და ამირ ნადერს კინემატოგრაფიული განათლება არ მიუღიათ. თუ თქვენ მხოლოდ ფილმებს უყურებთ და კინოს ტექნიკურ მხარეებს სწავლობთ, შეძლებთ მხოლოდ ასლების დამზადებას. მოეშვით ამას, დააგროვეთ მხოლოდ საკუთარი ტკივილები, გამოცდილება, თვალგახელილებმა, ფხიზლად იცხოვრეთ და ფილმების ნაცვლად უყურეთ, დააკვირდით თავად ცხოვრებას, მხოლოდ ასე გადაიღებთ საკუთარ კინოს.

იმ პერიოდში ფუნდამენტალისტები ხურავდნენ, წვავდნენ კინოთეატრებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას 200 ადამიანი დაიღუპა. თავიდან ჩემი მიზანი იყო შემერიგებინა რელიგია და კინემატოგრაფი, ამიტომ პირველი ფილმი მეჩეთში ვაჩვენე, რომ დისკუსიის, დიალოგის სივრცე გაჩენილიყო. ირანის რევოლუციის შემდეგ ბევრმა ხელოვანმა დატოვა ქვეყანა. ჩვენთან აიკრძალა დასავლური კინო, არ არსებობდა კინოგადაღებებისთვის აუცილებელი, ძვირადღირებული ტექნიკა და ასე წარმოიშვა აბას კიაროსტამის, ამირ ნადერისა და ჩემი ფილმებისგან ირანული კინოს „ახალი ტალღა“.

იმ პერიოდის ირანი ციხეს ჰგავდა. „ახალი ტალღის“ რეჟისორები ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე ვგზავნიდით და ეს იყო ერთადერთი ფანჯარა გარესამყაროსთან, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩვენი ყოფა გვეჩვენებინა. ირანის კინოთეატრებში აჩვენებდნენ ე.წ. სატელევიზიო ფილმებს, მაგრამ ეს იყო რელიგიურ-ჰეროიკული ხასიათის კინო, რომელიც არ ასახავდა რეალობას.

„ახალი ტალღის“ რეჟისორებმა უარვყავით სტუდიები, დავდიოდით ქალაქებში, სოფლებში, ვიღებდით არაპროფესიონალებს, განვიხილავდით სოციალურ პრობლემებს, შეგრძნებებს და ასე ვცდილობდით შეულამაზებელი სინამდვილის ჩვენებას.

მოჰსენ მახმალბაფი. ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო. EPA/ JACEK BEDNARCZYK

„ახალი ტალღის“ კინო პოეტურია და ამას თავისი მიზეზები აქვს: ირანს არ აქვს მხატვრობის ტრადიცია, რადგან მიიჩნევა, რომ ხატვით ადამიანი ღმერთს უწევს კონკურენციას. ევროპა სხვანაირად განვითარდა: ჰქონდათ მხატვრობა, ფოტოგრაფია და მერე კინო. ირანს მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა აქვს და კინემატოგრაფიაც პოეზიას დაეფუძნა.

ვცდილობ, ჩემი ფილმები ფანჯარა იყოს დასავლეთისთვის, რომ მსოფლიომ ნამდვილი ირანი ნახოს,  მინდა ფილმების საშუალებით ჩემს ქვეყანას მანკიერ მხარეებზე მივანიშნო, რადგან ირანის საზოგადოების დიდი ნაწილი დასავლეთს მტრად აღიქვამს, იდეალურ ქვეყნად კი ირანს წარმოაჩენს.

კინემატოგრაფის სწავლების ჩემეული მეთოდი მაქვს, რთული, მაგრამ ეფექტური – ფოკუსირების მეთოდი. მაგალითად, უნივერსიტეტებში თქვენ გაქვთ ხუთი სხვადასხვა საგნის ლექცია, ორ-ორსაათიანი. ეს ნიშნავს, რომ გონება სხვადასხვა საგანზე ფოკუსირდება და სიღრმისეულად კი – არც ერთზე. მაგრამ თუ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში შეძლებთ დღეში რვა საათით კონცენტრირდეთ ერთ რომელიმე საგანზე, მიხვდებით, რომ ამ საგნის წარმოუდგენელ სიღრმეებში აღწევთ. მე ვატარებდი კინემატოგრაფიის მასტერკლასებს იტალიაში ოცი სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდა კინორეჟისორთან და რამდენიმე თვეში ყველა მათგანმა მხატვრული ფილმი გადაიღო.

კარგი ფილმის გადასაღებად არ კმარა რეჟისურის, გადაღების ტექნიკის და მონტაჟის სწავლა, ეს ბოლო საფეხურია. აქამდე რეჟისორს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიასა თუ ლიტერატურაზე.

მაგრამ რად გვინდა საერთოდ რაიმეს შექმნა? ინდოელი ფილოსოფოსი, ჯიდუ კრიშნამურტი ამბობდა, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ჯანმრთელობა და ბედნიერება. თუ ჯანმრთელები არ ვიქნებით, დავიხოცებით და სიცოცხლეც დასრულდება დედამიწაზე. თუ ბედნიერები არ ვიქნებით, დეპრესიისგან შეიძლება თავიც მოვიკლათ. მე დავამატებდი, რომ ადამიანს აუცილებლად სჭირდება მეგობრობა, რადგან თუ ადამიანებს არ ეყვარებათ ერთმანეთი და არ იმეგობრებენ – ერთმანეთს დავხოცავთ. ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა.

კინო, უბრალოდ, საშუალებაა დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთის ცხოვრება ნახონ და ამიტომ ის სიცოცხლეს ამრავალფეროვნებს, სიცოცხლეს, რომელიც მხოლოდ ჩვენს პლანეტაზეა მილიონ სხვა პლანეტას შორის. კინოსთვის ჩემი სიკვდილი რომ გახდეს საჭირო, არ მოვკვდებოდი, მაგრამ მოვკვდებოდი სიცოცხლის დასაცავად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: