მთავარი,მთიანი აჭარა

ქედასა და ხულოში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

15.09.2017 • 2992
ქედასა და ხულოში ევროკავშირის გრანტის ფარგლებში 4 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

ინტერვიუ  ENPARD-ის პროგრამების მენეჯერთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელ ალვარო ორტეგა აპარისიოსთან.

ევროკავშირი პროგრამის ფარგლებში მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს, როგორ შეაფასებთ პროგრამის პირველ ეტაპს?

ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რომელიც  პირველი ფაზის ფარგლებში დაიწყო, ეს იყო საბიუჯეტო დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა შემუშავებულიყო და შემდეგ არსებული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ამ მხრივ სერიოზული შედეგები გვაქვს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მივიღეთ, ხოლო მეორე მხრივ დავამუშავეთ 2018-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგია.

წელს ჩვენ ვასრულებთ ENPARD-ის პირველ ფაზას, რომლის ძირითადი მიმართულება იყო  სოფლის მეურნეობის განვითარება, ამავე ფაზაში დავიწყეთ სოფლის განვითარების რამდენიმე პროექტი. პროგრამას ორი მთავარი მიმართულება აქვს – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება, პროგრამის პირველ ფაზაში ხელი შევუწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას.

ENPARD-ის ფარგლებში დახმარება გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირ  მხარდაჭერას, რომ  ადგილზე, მუნიციპალიტეტების დონეზე, კოოპერატივების  განვითარებასა და ჩამოყალიბებას ხელი შევუწყოთ; ასევე სოფლის განვითარების პროექტების მხარდაჭერა გულისხმობს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნას და შემდგომ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას, მთელი რიგი პროექტების დაფინანსებას. ჩვენ გვაქვს რვა მუნიციპალური პროექტი, აქედან სამი პროექტი პირველ ფაზაში დაიწყო და ხუთი ახალია.

რომელ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ახალი პროექტები?

პირველ ფაზაში ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროექტები ყაზბეგში, ბორჯომსა და ლაგოდეხში, მეორე ფაზაში სოფლის განვითარების პროექტები აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – ქედასა და ხულოში განხორციელდება. გარდა აჭარისა, პროექტები განხორციელდება თეთრწყაროში, დედოფლისწყაროსა და ახალქალაქში.

ატარებს თუ არა ევროკავშირი მონიტორინგს, რამდენად რეალურად სრულდება დაფინანსებული პროექტები?

სოფლის განვითარების კუთხით დღემდე 12 მილიონი ევრო დაიხარჯა, ეს ევროკავშირის გრანტია და თანხას ადგილზე პარტნიორი ორგანიზაციები განკარგავენ, მაგალითად, როგორიცაა CNN-ი. მონიტორინგსაც, შესაბამისად, ძირითადად, განმახორციელებელი ორგანიზაციები აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის გარდა 5 მილიონი ევროთი დაფინანსდა სოფლის განვითარების მიმართულება, სულ რვა პროექტი. ჩვენ მივდივართ და ვნახულობთ რა კეთდება თუ გაკეთდა. ვთვლით, რომ კარგი და წარმატებული შედეგები გვაქვს ამ კუთხით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული ხუთი მუნიციპალიტეტიდან თითოეული რა თანხით დაფინანსდება?

ერთი მუნიციპალიტეტი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

ამ ეტაპზე რა პროექტები დაფინანსდება? რა იქნება პრიორიტეტული მიმართულება?

ევროკავშირსა და  საქართველოს მთავრობასაც მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მუშაობა სოფლის მეურნეობის გაძლიერებით და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ დავინახეთ, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობა არ არის მთავარი მიმართულება ქვეყნისთვის – არის ბევრი სხვა მიმართულება, რომელსაც განვითარება სჭირდება. „ენპარდის“ ამოცანაა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გავხადოთ პროცესები. არ მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სხვა სექტორებსაც რომ შევეხოთ, როგორიცაა გარემოს დაცვა, ბავშვთა სპეციალური საკითხები, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და ასე შემდეგ. პროექტები, რომლებსაც ქედაში მოველით,  ვფიქრობთ, ეს იქნება ახალი საბავშვო ბაღების აშენება, სკვერების კეთილმოწყობა, ტურიზმის განვითარება… პრიორიტეტები იმ სფეროებს შეეხება, რომლებსაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეისწავლის, შეარჩევს და პრიორიტეტად დაასახელებს.

რა პრობლემებს ხედავთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში და რას ფიქრობთ, შეუძლია თუ არა არსებული პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს  დამოუკიდებლად?

პრიორიტეტული უნდა იყოს მცირე ფერმერული მეურნეობების დახმარება, რომლებიც დამოუკიდებლად დიდი ძალისხმევის შედეგად გადიან ფონს. ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით მთავრობასთან ერთად.

თარგმანი: თამარ ხუნწარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: