კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

07.12.2016 • 3389
სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს.

ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის დაუყოვნებლივ მოწყობის რეკომენდაცია მისცეს. მეწყერი ქათამაძეების სახლთან წლის დასაწყისში, 4 თებერვალს განვითარდა.

„ღამის ათი საათი იქნებოდა, როდესაც მეწყერი წამოვიდა. ფერდობიდან ჩამოსული მიწა სახლს მოადგა და საძირკველი დაფარა. მაშველებმა მეზობლად გადასვლა მირჩიეს, თუმცა იმ ღამეს სახლში დავრჩით. მიწის ქვეშ ჩაიმარხა ის სანიაღვრე არხი, რითაც მთიდან წყალი მქონდა გამოყვანილი. გარდა ამისა,  მიწა დაიბზარა ბაღჩაში და დაიწია კიდეც. 24 წელია აქ ვცხოვრობთ, მაგრამ სახლთან სტიქია არასდროს განვითარებულა“, – გვიყვება ემზარ ქათამაძე.

გეოლოგების დასკვნის თანახმად, მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისთვის ეზოდან მიწის მასის გატანისა და ფერდსამაგრი სამუშაოების გარდა საჭიროა ზედაპირული წყლების არხებში მოქცევა. სამუშაოები პროექტის მიხედვით, ინჟინერ-კონსტრუქტორების რეკომენდაციით უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეწყრული პროცესების შემდგომი გააქტიურება საფრთხეს შეუქმნის საცხოვრებელი სახლის მდგრადობას. „პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოჯახის დროებით, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“, – წერია გეოლოგიურ დასკვნაში.

ამ დასკვნის დაწერიდან თითქმის ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ქათამაძეებმა საკუთარი ძალით ვერც ფერდობიდან ჩამოსული მიწის გატანა შეძლეს და ვერც დამცავი კედლის მოწყობა. სტიქიის განვითარებიდან დღემდე კი თითქმის ათი თვე არის გასული. ამ პერიოდში ოჯახმა ორი შენობა გამოიცვალა, ბოლოს კი – ერთი კვირის წინ  ისევ საკუთარ სახლს დაუბრუნდნენ.

„როცა სტიქია განვითარდა, მუნიციპალიტეტს თხოვნით მივმართე. გამგეობამ გეოლოგიური დასკვნის გარეშე ვერ ვიმოქმედებთო. მათთან შეთანხმებით ერთი კვირის შემდეგ სოფლის ყოფილ დაწყებით სკოლაში, ხის ერთსართულიან შენობაში ორი ოთახი დაგვითმეს, რომელსაც არც სხვენი ჰქონდა, არც წყალი და არც საპირფარეშო. ორი ოთახიდან ერთი საძინებლად ვაქციეთ, მეორეს კი საძინებელთან ერთად, სამზარეულოსა და სააბაზანოს ფუნქცია ერთდროულად ჰქონდა. შენობის საძირკველი და კიბეები გავამაგრე, წინა ნაწილი გადავხურე“, – გვიყვება ემზარი.

15227927_1173903669372004_561871830_n

ქათამაძეების საკარმიდამო / სოფელი ტაკიძეები

ემზარი ყოფილი სკოლის შენობაში, რა თქმა უნდა, ცოლ-შვილთან ერთად გადავიდა. „იქ ცხოვრება განსაკუთრებით რძალს გაუჭირდა, ორსულად იყო, შენობა არ თბებოდა, წყალი ჩვენ არ გვქონდა და მინიმალური საცხოვრებელი პირობები, შენობაში ქვეწარმავლები შემოდიოდნენ. თებერვლიდან ოქტომბრამდე იქ დავრჩით. როცა არჩევნები მოახლოვდა, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელში ამოსულმა გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ,  მაჟორიტარმა კანდიდატებმა – ხვიჩა შარაშიძემ და ანზორ ბოლქვაძემ გვითხრეს, ბავშვი რომ დაიბადება, ამ შენობაში არ მოიყვანოთ, სახლი დაიქირავეთ და ქირას ჩვენ გადავიხდითო. შვილიშვილი ოქტომბერში დაიბადა და ჩვენც  ნათესავის სახლში ოქტომბერში გადავედით. სახლის მეპატრონისთვის 300 ლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა გამგეობამ  სახლის ქირა არ გადაგვიხადა… 40 დღე დავრჩით იქ. ბოლოს კი ჩვენს დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავუბრუნდით“, – ყვება ემზარის ცოლი ციალა.

ემზარის თქმით, მის საცხოვრებელ სახლთან დამცავი რკინა-ბეტონის საფარი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა გაეკეთებინა, თუმცა მას მშენებლობა ჯერ არც დაუწყია.

„ვიცი, ტენდერს დრო სჭირდება, მაგრამ თითქმის ერთი წელი? მეუბნებიან მოითმინეო. რამდენხანს მოვითმინო? ერთხელ რომ მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი, იმის შემდეგ არავინ გამოჩენილა. მე არ ვითხოვ 300 ლარს ყოველთვიურად, არ ვითხოვ ბინას, მე ვითხოვ უსაფრთხო ადგილზე გადამიყვანონ, ვიდრე დამცავ კედელს გააკეთებენ. ახლა ზამთარია, წვიმა დაიწყება, ჩამოთოვს და აქ ჩვილი ბავშვი როგორ ვაცხოვრო?“

ქათამაძეების ხუთსულიან ოჯახში მხოლოდ ციალა მუშაობს, ის ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიას ალაგებს – დღეში 7 ლარს უხდიან. ამბობს, რომ სექტემბერში 13 დღე იმუშავა და 100 ლარი აიღო, ციალას ხელფასთან ერთად, რომელიც საარსებო მინიმუმს არ აღემატება, ოჯახის შემოსავალი რძის ნაწარმია, რომელსაც ციალასგან ხიჭაურის უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ყიდულობენ.

„სამი ძროხა მყავს, ზოგჯერ რძეს ვყიდი, ზოგჯერ – ყველსა და მაწონს, ბავშვისთვის საკვები მომაქვს, აბა, ჩემი ხელფასი რას გვეყოფა. შვილი სტუდენტია, სტუდენტია ბარბარეს დედაც. ჩვენი მთელი სიმდიდრე ეს ხის სახლია. ამის მიუხედავად, მაინც 167 000 ქულა მოგვანიჭეს“, – ამბობს ციალა.

ემზარი პროფესიით იურისტია, ერთ დროს შუახევის სასამართლოში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სასამართლო გაუქმდა, უმუშევარი დარჩა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ქათამაძეების მსგავსად შუახევში ორი ოჯახია და ორივე ქირით გამგეობას უსაფრთხო ადგილზე ჰყავს გადაყვანილი.

გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე ამბობს, რომ ქათამაძეებს გამგეობა თვის განმავლობაში ბინის დასაქირავებლად 200 ლარს გადაუხდის. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ამ თანხით ბინის ქირაობას ვერ შეძლებს, გამგეობა ფართობს თვითონ გამოუნახავს.

ამ ოჯახის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.

„ემზარ ქათამაძის ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ფინანსურად გამგეობა უზრუნველყოფს. მათ ქირას პირველი ნოემბრიდან გადავუხდით“, – ამბობს გამგებლის მოადგილე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: