კვირის ამბები,მთავარი,მთიანი აჭარა

შეღავათები მთის საწარმოს სტატუსით

20.08.2016 • 2785
შეღავათები მთის საწარმოს სტატუსით

კანონი, რომელიც მთის საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, მერვე თვეა რაც ამოქმედდა. ასეთი სტატუსი კი აჭარაში მხოლოდ რვა მეწარმეს აქვს. აქედან ოთხი – შპს, ერთი – კოოპერატივი და სამი ინდმეწარმეა.

ინდმეწარმე ვლადიმერ შაინიძე ერთ-ერთია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ამ ბოლოს მიენიჭა. მას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში პურის საცხობი აქვს.

ვლადიმერ შაინიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ის, როგორც ინდმეწარმე, გადასახადებს ისედაც არ იხდიდა, თუმცა, სტატუსის მინიჭების შემდეგ შესაძლებლობა ექნება წარმოება გააფართოვოს, რაც მის შემოსავლებს გაზრდის, პარალელურად კი, სულ ცოტა 5-6 ადამიანსაც დაასაქმებს სოფელში.

„დღეს მხოლოდ მე და ჩემი ოჯახის ერთი წევრი ვამუშავებთ საცხობს. სტატუსს თუ მომანიჭებენ, სხვებსაც დავასაქმებ, რასაც ახლა, როგორც ინდმეწარმე, ვერ ვახერხებ. საცხობის გადაიარაღებას ვაპირებ, სხვა პროექტშიც მაქვს განაცხადი გრანტზე შეტანილი. სტატუსის საკითხი ჯერ არ მომიკითხავს, მომანიჭეს თუ არა. სტატუსი გადასახადებისგან გვათავისუფლებს როგორც ვიცი და ეს მნიშვნელოვანი შეღავათია მთაში იმისთვის, ვისაც ბიზნესის კეთება უნდა,“ – გვითხრა ვლადიმერ შაინიძემ. მას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი საქართველოს მთავრობის 3 აგვისტოს განკარგულებით მიენიჭა.

ასეთი სტატუსი ხულოს მუნიციპალიტეტში კიდევ სამ მეწარმე სუბიექტს აქვს, ორს – შუახევში და ორსაც – ქედაში.

მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე პირები და საწარმოები, შესაბამისი კანონით, 10 წლის ვადით თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.

ასეთი სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს როგორც ფიზიკურ პირს/ინდმეწარმეს, ასევე საწარმოს. თუმცა სტატუსს ვერ მიიღებს მეწარმე, ასევე დიდი თუ მცირე საწარმო, რომელიც ახორციელებს: ლიცენზირებისადმი, ასევე  ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას [რომელიც არ არის წარმოების სფერო]; საქონლით ვაჭრობას [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშვება და მიწოდება].

ეკონომისტ ვაჟა ვერულიძის განმარტებით: „თუ მაღალმთიან დასახლებაში პირმა მოიყვანა სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გაყიდა, ის დღგ-სგან თავისუფლდება, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაამუშავა [კოდი შეუცვალა] და ისე გაყიდა, ის უკვე აღარ თავისუფლდება ამ გადასახადისგან. მაგალითისთვის, ვთქვათ, მეწარმეს კარტოფილი ან ხილი მოჰყავს და ყიდის, ამ შემთხვევაში სტატუსს არ მიანიჭებენ, თუმცა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან. მაგრამ, თუ ამ კარტოფილისგან აწარმოებს ჩიფსებს ან/და ხილისგან, ვთქვათ, ჩირს და გაყიდის, მაშინ მიანიჭებენ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს, ისარგებლებს შეღავათით [არ გადაიხდის ქონების, საშემოსავლო და მოგების გადასახადს], თუმცა, მოუწევს დღგ-ს გადახდა“.

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა. სტატუსის მისაღებად დაინტერესებულმა  პირმა განცხადებით [წერილობითი ან ელექტრონული ფორმით] უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

აჭარაში მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი – ქვედა ქოქოლეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: