მთავარი,მთიანი აჭარა

150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში

02.08.2016 • 3835
150 წლის ყაბალახი და 10 ათასი წლის წინანდელი თოხი – რას ნახავთ მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში

აჭარის მაღალმთიანეთში ტურისტს შესაძლებლობა აქვს ნახოს როგორც ისტორიული, ასევე არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახლ- მუზეუმები. აქ სულ რვა მუზეუმი ფუნქციონირებს – სამი შუახევში, სამი ხულოში და ორიც ქედაში.

აჭარის მთიანეთის უძველესი ყოფის ამსახველ ექსპონატებს ქედის ისტორიული მუზეუმი ინახავს. აქ ვიზიტორი 8-10 ათასი წლის წინანდელი ქვის თოხსა თუ შურდულის ქვებს ნახავს, რომლებსაც, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, ჩვენი წინაპრები მიწის დასამუშავებლად და მტაცებელი ცხოველებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. 17 წლის ისტორიის მქონე ქედის ისტორიულ მუზეუმში ამ დროისთვის 4000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა როგორც ვერცხლისა და ბრინჯაოსგან ასეული წლის წინ დამზადებული ხელნაკეთი სამკაულები, ასევე თიხისა თუ რკინისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელიც.

როგორც მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ აგვიხსნა, მუზეუმში დაცული ექსპონატების ნაწილი ქედის სოფლებშია შეგროვებული, ზოგი მუზეუმმა შეისყიდა, ზოგიც კი მუზეუმის მიერ განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების დროსაა აღმოჩენილი.

მუზეუმში არის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კუთხეები. ასევე, ვიზიტორს შეუძლია ნახოს როგორც ძველი, ასევე თანამედროვე დროის ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმშია აჭარული კუთხეც, სადაც აქაური ყოფის ამსახველი ნივთები თუ სამოსია გამოფენილი.

ვაჟა ფარტენაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა:

„დამთვალიერებლისთვის ექსპონატის ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა უხსნი, რომ ერთი, კონკრეტული ექსპონატი უძველესია, უკვირს, ასეული წლების წინ ასეთი ნივთების დამზადება როგორ შეეძლოთ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ თუ ვიზიტორი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი ან არქეოლოგია, მისთვის აქ დაცულ ექსპონატებს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. მეზეუმში ყოველწლიურად იზრდება ექსპონატების რიცხვი, ამასთანავე იზრდება მნახველთა რაოდენობაც. წელს, გასულ წელთან შედარებით, მეტი ვიზიტორი გვყავს, გასულ წელს წინა წლებთან შედარებით მეტი იყო,“ – ამბობს მუზეუმის დირექტორი.

ისტორიული მუზეუმის გარდა ქედაში ასულ ტურისტს ასევე შეუძლია სოფელ გეგელიძეებში მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის დათვალიერებაც, სადაც ფრიდონ ხალვაშის პირადი ნივთები და ფოტომასალაა გამოფენილი.
შუახევში სამი მუზეუმია, მათგან ერთი, სოფელ კვიახიძეებში მდებარე მუზეუმი საუკუნე-ნახევრის წინანდელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალებს ინახავს. აქ დაცული ექსპონატები მუზეუმის თანამშრომელმა ვიქტორ ფუტკარაძემ შუბნისა და უჩამბის სოფლებში შეაგროვა და ერთ საგამოფენო სივრცეში პირველად 20 წლის წინ გამოფინა.

სოფელ კვიახიძეების მუზეუმში 1400-მდე ექსპონატია. აქ ყველაზე ძველი ნივთი ყაბალახია, რომელიც 150 წლისაა. აქვეა სადედოფლო კაბაც, რომელსაც საუკუნე-ნახევრის წინ სოფელ კვიახიძეებში პატარძლები იცვამდნენ. აქ არის ყავის საფრქვავი წისქვილიც, რომელიც სოფელში მცხოვრებ ოჯახს სტამბულიდან 1880 წელს გამოუგზავნეს.

„მუზეუმის დამთვალიერებელს შორის უცხოელი მნხაველი სჭარბობს. თურქეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები გვსტუმრობენ. ყველაზე მეტად აჭარული სამოსით ინტერესდებიან,“ – ამბობს ვიქტორ ფუტკარაძე.
კვიახიძეების გარდა შუახევში ტურისტს შესაძლებლობა აქვს სოფელ ნიგაზეულში ხიმშიაშვილების სახელობის სახლ-მუზეუმი და ოლადაურში ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიეროს.

სახლმუზეუმი სოფელ ნიგაზეულში 2003 წელს გაიხსნა 105 ექსპონატით. ახლა აქ 356 ექსპონატია დაცული.

„რაც გახსნის შემდეგ შეემატა მუზეუმს, მე თვითონ შევაგროვე სოფლებში. ძირითადად ფოტო და წერილობითი მასალა სჭარბობს. ყველაზე ძველი სადურგლო იარაღებია: „შარაშინი~, „რანდა~… ვიზიტორების დიდი ნაწილი ზაფხულში მოდის, გასულ წელს 2560-მდე მნახველი ჰყავდა მუზეუმს, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია სოფელში არსებული მუზეუმისთვის. აქვე გვაქვს ჩანაწერთა წიგნი, არაერთი საინტერესო ჩანაწერი დაუტოვებიათ მნახველებს,“ –  ამბობს სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმის თანამშრომელი ელგუჯა ხიმშიაშვილი.

სამი მუზეუმის დათვალიერება შეუძლია ხულოში ასულ ტურისტს. ერთ-ერთი მათგანი დაბა ხულოში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმია, სადაც 590-მდე ექსპონატია დაცული. „არის ეთნოგრაფიული ექსპონატები და ძველი ფოტომასალა, გრაფიკული ნამუშევრები, ნუმიზმატიკური და არქეოლოგიური მასალები,“ – ამბობს მუზეუმის დირექტორი ნანა შანთაძე.

ხულოს მუზეუმი

ხულოს მუზეუმი

სხალთაში ასულ ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც სელიმ ხიმშიაშვილის პირად ნივთებთან ერთად საოჯახო ნივთებია გამოფენილი, ფაიფურის, სპილენძისა თუ ვერცხლის ჭურჭელი, ე.წ „კუზნეცოვის“ სახელით ცნობილი თეფშები, უძველესი ფორტეპიანო, მოჩუქურთმებული სარკე და ფოტომასალა, სულ 600-მდე, ძირითადად მე-19 საუკუნით დათარიღებული ექსპონატი. არის ჩანაწერები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის 300-წლიან ბატონობასთან დაკავშირებით ინფორმაციას შეიცავს, და ასევე, ჩანაწერები ხიმშიაშვილთა გმირობაზე.

სხალთის გარდა ხულოში მუზეუმია სოფელ თხილვანაში, რომელსაც ეთნოგრაფიული დატვირთვა აქვს. „აქ არის მე-12 საუკუნით დათარიღებული ექსპონატები, უძველესი ფოტომასალები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაზე მეტად რითაც ინტერესდებიან დამთვალიერებლები, ეს არის ტრადიციული უძველესი აჭარული აკვანი. 800-მდე ექსპონატია დაცული, არის უძველესი ხმალი, დანები, ღვინის თასი… უმეტესად გვაქვს ფოტომასალა, რომელიც ხეობაში შემორჩენილ ისტორიას ინახავს,“ – ამბობს თხილვანის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე.

მაღალმთიანი აჭარის მუზეუმებში ვიზიტორთა სტატისტიკას არ აწარმოებენ, შესაბამისად, მუზეუმში დამთვალიერებელთა ზუსტ რაოდენობას აქ ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ სტატისტიკა, მათი დაკვირვებით, მზარდია, განსაკუთრებით ზაფხულში. ყველა ამ მუზეუმის დათვალიერება უფასოდაა შესაძლებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: