მთავარი,მთიანი აჭარა

ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან

10.06.2016 • 1837
ერთი მაჟორიტარი აჭარის მაღალმთიანეთიდან, სავარაუდოდ – ხულოდან

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებზე პარტიები აქტიურად მუშაობენ. ვის კანდიდატურებს წარუდგენენ მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს მაღალმთიან აჭარაში – ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია მოსახლეობისთვისაც. წელს პირველად აჭარის მთის სამ მუნიციპალიტეტს – ხულოს, შუახევსა და ქედას ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტში აჭარის მაღალმთიანი მოსახლეობის ინტერესებს ოქტომბრიდან მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დაიცავს. შესაბამისად, ქედის [მახუნცეთის თემის გარდა], შუახევისა და ხულოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. ერთი მაჟორიტარი ეყოლება სამივე მუნიციპალიტეტს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც.

მაღალმთიანეთში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარ კანდიდატებს, ძირითადად, ხულოს მუნიციპალიტეტიდან დაასახელებენ – ამის ერთ-ერთ არგუმენტად ამ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის აქტიურობას ასახელებენ.

ამომრჩეველთა აქტიურობის გარდა ამ მოსაზრებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტატისტიკაც ამყარებს. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 23 915 ამომრჩეველი ხულოშია რეგისტრირებული, ქედაში _ 15 679, ხოლო შუახევში – 15 087 ამომრჩეველი. ცესკოს მონაცემებით, 2014 წლის არჩევნებში ხულოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59.05-მა პროცენტმა მისცა ხმა, შუახევში – 58.08 პროცენტმა, ხოლო ქედაში – 65.1-მა პროცენტმა.

მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა და არც მაჟორიტარი კანდიდატები დაუსახელებიათ პარტიებს ოფიციალურად, თუმცა პარტიებში შესაძლო კანდიდატებს აქტიურად განიხილავენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში მთიანი აჭარიდან ხულოსა და შუახევის მოქმედი გამგებლების – ბესიკ ბაუჩაძისა და ტარიელ ებრალიძის კანდიდატურებს განიხილავს. ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ბაუჩაძესთან ერთად კანდიდატად მოქმედი პარლამენტარი, ხულოს ყოფილი მაჟორიტარული ოლქიდან ანზორ ბოლქვაძეც განიხილება. ეს უკანასკნელი პარლამენტში `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარი იყო, თუმცა, მოგვიანებით ფრაქცია „დამოუკიდებელ მაჟორიტარში“ გადავიდა.

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, ამ დროისთვის შესაძლო კანდიდატად მმართველი პარტიიდან ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე სახელდება.

ხულოს მკვიდრის, ზურაბ ტუნაძის კანდიდატურას კი ნინო ბურჯანაძის პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა“ განიხილავს საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ამ დროისთვის ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია უკავია ხულოს საკრებულოში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხულოს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილის, ოთარ ცეცხლაძის კანდიდატურა განიხილება უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატებიდან“, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატად ამავე პარტიიდან ქედის საკრებულოს წევრი თემურ ავალიანი მოიაზრება.

„ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ, მაჟორიტარ კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ გვქონია“, – ამბობს ამავე პარტიის წარმომადგენელი და შუახევის საკრებულოს წევრი არმაზ ბახტაძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მირანდა კონცელიძის კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატად უმაღლეს საბჭოში პაატა ბურჭულაძის მიერ ახლახან ჩამოყალიბებულ „საქართველოს განვითარების ფონდში“. მირანდა კონცელიძე საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ შტაბში მუშაობდა და მმართველი პარტიის ინტერესებს იცავდა ქედაში.

სხვადასხვა პარტიის მიერ დასახელებულ შესაძლო კანდიდატებს უარყოფენ თავად პარტიის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ კანდიდატურების განხილვა ჯერ არ დაუწყიათ.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ ქედის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების~ რაიონულ ორგანიზაციას არ დაუწყია ადგილზე კანდიდატის შერჩევა. მისი ინფორმაციით, კანდიდატად ის დასახელდება, ვისაც ცენტრალური ოფისი შეარჩევს, რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატურად ბესიკ ბაუჩაძის შესაძლო დასახელებას, ის ამბობს: „თუ ბაუჩაძის კანდიდატურა დასახელდება, მთელი „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს და გახდება კიდეც დეპუტატი. ჩემთვის აზრი არ აქვს სხვა პარტია ვის დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატად, მაინც უნდა დამარცხდეს. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, საქმეს აკეთებს და პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი გაიმარჯვებს“.

კითხვაზე, ვისი კანდიდატურა განიხილება `ნაციონალური მოძრაობის~ მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატად, სახელისუფლებო თუ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები მაღალმთიან აჭარაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ეს ინფორმაცია „ნაციონალებს“ აქვთ გასაიდუმლოებული.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრის, ირაკლი ბარამიძის კანდიდატურას განიხილავს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად. ამავე პარტიის წარმომადგენელი და ქედის საკრებულოს წევრი ვაჟა ბოლქვაძე კი ამბობს, რომ შესაძლო კანდიდატებზე პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია. ის იმედოვნებს, რომ პარტია ამ არჩევნებს მოიგებს. რაც შეეხება კონკურენტს, ვაჟა ბოლქვაძეს კონკურენტად მხოლოდ მმართველი პარტია მიაჩნია.

საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: